პოლიტიკა

მილიარდერთა კოსმოსური რბოლა

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 03.08, 2021 წელი

მილიარდელთა კოსმოსური
რბოლა
დაკოპირებულია

ანუ „მაღლა-მაღლა რას დაფრინავ“

სანამ ეს ჩვენი არა მხოლოდ ქვეყანა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დარბაზიც კი საბრძოლო მოედნადაა ქცეული და ავანსცენაზე უკვე ქალებიც გამოჩნდნენ (სხვათა შორის, ნაცადი ხერხია, როდესაც „წინა ხაზზე“ მამაკაცები ქალს უშვებენ, გარეგნული ეფექტის გამო – აქაოდა, ქალს ხელი წაავლესო, ოღონდ იქვე აღარავინ ამჩნევს, ქალი თუ კაცივით მოიქცევა, კაცივით მოექცევიან და სწორედ, ესაა ფემინიზმის სათავე - თუ ვართ, ესე იგი, ყველაფერში თანასწორნი ვართ, მაგრამ ეს სხვა თემაა, თუმცა ჩვენი მახინჯი წარმოდგენების ანარეკლი, როგორც გვაწყობს, ისე რომ ვჭრით და ვკერავთ), ამდენად, ქართული პოლიტიკურ-სამედიო წრეები პაპუაშვილი-ბოკუჩავას დაპირისპირებას არჩევენ, იმის პარალელურად, რომ კორონას ახალი შტამით დაშინების კამპანიაა, „ამაზონის“ მამა-დამფუძნებელი და მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ბეზოსი გასულ კვირას ტეხასიდან (ბეზოსის კერძო კოსმოდრომიდან) კოსმოსში იმ ხომალდით (New Shepard) გაფრინდა, რომელიც მისმავე კომპანიამ (Blue Origin) ააგო. ხომალდს 2 წუთში მოსწყდა კაფსულა (რომელშიც ბეზოსი და კიდევ 4-ნი ისხდნენ) და თავისუფალ კოსმოსში გაინავარდა. როგორც შევიტყვეთ, ამ მომენტს, რომელიც, სულ რაღაც. ათიოდე წუთსა და ათიოდე წამს გრძელდებოდა, „ამაზონის“ მამა-დამფუძნებელი 20 წელს ელოდა. მანამდე კი არანაკლები წარმატებით გაიჭრა კოსმოსში რიჩარდ ბრენსონი – Virgin Galactic -ის დამფუძნებელი. მან კოსმოსში ერთ საათს დაჰყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბეზოსი ბრენსონზე მაღლა აფრინდა. მომავალში იმავეს აპირებს კიდევ ერთი მილიარდერი ილონ მასკი.

ალბათ, ურიგო არაა დედამიწის შორიდან ცქერა, ოღონდ უცნაური ამბავია, დედამიწაზე ადამიანები უწყლობით იხოცებოდნენ (ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე 2.2 მილიონი ადამიანი იღუპება უხარისხო წყლის გამოყენებით გამოწვეული დაავადებებით), აღარაფერს ვამბობ, შიმშილზე, მილიარდერები კი ერთმანეთს იმაში ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მაღლა აფრინდება (რაშიც უამრავი ფული იხარჯება). შესაბამისად, პირადად მე მიჩნდება ეჭვი, რომ კაცობრიობა, ჩვეულებისამებრ, ისევ მახათებს ეძებს, ოღონდ ამჯერად მეტად არადანიშნულებისამებრ იყენებენ და ოცდამეერთე საუკუნეში ამან კოსმოსში გაფრენის ფორმა მიიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი