ლოდინი დემოკრატიულად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 26.08, 2024 წელი
ანუ ხელის შესაწმენდები?!
არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება და აფრიკიდან „მაიმუნის ყვავილი“ გვიტევს (დამეთანხმებით, კოვიდზე პოეტურად მონათლეს), არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ, რამაც კრემლი აღაშფოთა: სუვერენულ სახელმწიფოს დაესხნენ თავსო და თუმცა ეს სამხედრო ოპერაცია ომის საერთო მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს, რაკი ადამიანი ვარ, ცხადია, გულს მომეფონა. ოღონდ მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ, ამდენად, ზუსტად არც კი ვიცით, რა და როგორ ხდება რუსეთის კურსკის ოლქში.
ამასობაში კი გერმანული გამოცემა Tagesschau გვამცნობს, რომ გერმანიაში ვინმე ვლადიმირ ზ.-ს დაპატიმრების ორდერი გასცეს. რატომ? იმიტომ რომ ის ეჭვმიტანილია „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში. ხსენებული უცნობი დაივინგის ინსტრუქტორად მუშაობდა, აწ კი პოლონეთშია. ამას გარდა, დივერსიაში მონაწილეობის ეჭვი კიდევ ორი ადამიანისადმია (ცოლ-ქმარი) და, როგორც გამოცემა იუწყება, ეს ამბავი მათ ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვისგან შეიტყვეს. ოღონდ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გერმანიის გენერალურ პროკურორს ორი წლის განმავლობაში არ აძლევდნენ ხსენებულთა დაკავების უფლებასო. რაც მთავარია, უკვე ამერიკული მედიის ცნობით, ზელენსკიმ აფეთქების გეგმა დაიწუნა, თუმცა ვეღარ შეაჩერაო.
ბუნებრივია, უცნობია, რომელი ქვეყნის დაზვერვას ჰქონდა ეს მონაცემები და, მით უმეტეს, ამდენ ხანს რატომ მალავდა, თუმცა, რაკი აშკარაა, რომ უკრაინისკენ მიუთითებენ, როგორც ამ აფეთქების შემოქმედისკენ, სავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სცენარის ახალი კონტურები იკვეთება, რომელშიც უკრაინას, საუბედუროდ, კვლავ საზარბაზნე ხორცისა და ხელის შესაწმენდი ტილოს როლი აქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან