პოლიტიკა

„ლავ სთორი“ წალენჯიხურად

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 16.11, 2021 წელი

მამუკა ხაზარაძე
დაკოპირებულია

ანუ just business?!

მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სახელდობრ, წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ კანდიდატს სძლია და, ამ უკანასკნელმა პირველს გამარჯვებაც კი მიულოცა.

თუმცა ამის პარალელურად, პროცესები ისევ დრამატულად ვითარდება (აბა, სხვანაირად როგორ?! თავის მოგიჟიანება, ხომ, ჩვენი საყვარელი მდგომარეობაა და ამაში, ვიმედოვნებ, მთავარი დამნაშავე სამხრეთი, ანუ მწველი მზეა) – დაუდგენელი გზებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეშია და, როგორც ამბობენ, შიმშილობს, მისი ადვოკატი ნიკა გვარამიაა (სხვებთან ერთად); ელენე ხოშტარიაც აპირებს შიმშილობის დაწყებას (პარლამენტშიო), მამუკა ხაზარაძემ (არადა – რაც მან ფული დახარჯა და, მე რომ მკითხო, სულ არამად) უმაღლესი კანონმდებლის სკამი მიატოვა (მისმა სათუთმა გულმა, როგორც თავად გაგვიმხილა, ვერ გაუძლო არჩევნების გაყალბებას), ეკა ხერხეულძემ გვაცნობა, რომ „ნაციონალები“ პარლამენტს ჯერჯერობით არ ტოვებენ (ოღონდ განა სკამიაო ოხერი, ასე სჭირდება სამშობლოსო).

მოკლედ, სალხინეთში მხიარულებაა და მაშინ, როდესაც საცაა, გეოპოლიტიკის ტალღა წაგვლეკავს (ჯვარი გვწერია), წალენჯიხა, ყოველ შემთხვევაში, ქართული პოლიტსპექტრისთვის დედამიწის ჭიპად იქცა.

„ლელოს” თავკაცმა მამუკა ხაზარაძემ გვაცნობა, წალენჯიხაში მივდივარო (მთელ ჩემს გამოცდილებას წალენჯიხის აყვავებას მოვახმარო) და ბიზნესმენებსაც მოუწოდა, თავიანთი ბიზნესები და ანგარიშები წალენჯიხაში გადაეტანათ (ანგარიშების ამბავი ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს, ამით წალენჯიხას არაფერი დააკლდება). ჰოდა, ამ განცხადებიდან მცირე ხანში შევიტყვეთ, რომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიასგან წერილი მიუღია – წალენჯიხაში მოგყვებიო (ბარემ დედანს შემოგთავაზებთ: „მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ, ეგრევე ჩამოვალ”).

ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ჭყონია გაცილებით წინდახედულია (ბრმად კი არ მიჰყვება, „როგორც კი დაიწყებ, ეგრევე ჩამოვალო“), მაგრამ, ასეა თუ ისე, იბადება კითხვა: ეს მხოლოდ ბიზნესია, თუ „ლავ სთორი“, ცხადია, პოლიტიკური არომატით?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი