ყურიდან ყურში არშესაშვები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
ანუ სამში რომელი?!
რაკი გამოცდილება გვკარნახობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ერთს ამბობს და სულ სხვა რამეს აკეთებს (კიდევ კარგი, რომ მისი ფიქრებიც არ ვიცით, თორემ სულ ავიბნ-დავიბნეოდით ამ ისედაც არეულ სამყაროში), იმას გარდა, რომ ხანდახან ისეთებსაც გამოურევს, ყურიდან ყურში რომ არ შეიშვება და გაგაოგნებს (მაგალითად, ჩემი რჩეულია მისი გამონათქვამი, რომ ირანში აიათოლა ირანელებმა და ამერიკელებმა უნდა აირჩიონ), საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სახმელეთო ოპერაციის დაწყებას უნდა აპირებდეს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ (არც ისაა გამორიცხული, ქურთების მონაწილეობითაც, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ქურთული თემი ახლო აღმოსავლეთის საზარბაზნე ხორცად იქცა).
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამის მანიშნებელი იქნება კუნძულ ხარკის დაკავება, იმიტომ რომ ირანის ნავთობის ექსპორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ქმედება გამოიწვევს ირანის რესურსების პარალიზებას და, ამდენად, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სრული კონტროლის დამყარების საშუალებას იძლევა, რაც ირანის ხელისუფლების პოზიციას დაასუსტებს მოლაპარაკების პროცესში.
მეორე მხრივ, ირანში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად აუცილებელია მისი მოსაზღვრე რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც, მართალია, ისლამური სახელმწიფოები არიან, მაგრამ, შიიტი ირანელებისგან განსხვავებით, სუნიზმს მისდევენ. ოღონდ მაინც რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს არაბული ქვეყნები, ვინაიდან არც თუ იოლია, მონახო ოქროს კვეთა საკუთარი უსაფრთხოების დაცვასა და ირანთან სამხედრო დაპირისპირებას შორის.
სანამ შეტევა არ დაიწყება, ჩვენ ვერ შევიტყობთ დაზუსტებით, მართლაც აპირებს თუ არა აშშ, აღმოსავლელ მოკავშირეებთან ერთად, კუნძულ ხარკის დაკავებას, მაგრამ, თუ ეს მოხდა, ცხადია, რომ გარდაუვლად გაჩაღდება ფართომასშტაბიანი რეგიონული ომი, რაც სრულიად ახლო აღმოსავლეთს მოიცავს.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, ახლო აღმოსავლეთი ყურის ძირშია და, რაც მთავარია, კავკასია მასთან ერთი რეგიონია (გავიხსენოთ ქართული ტერმინი – ახლო აღმოსავლეთი), ვერ უნდა იყოს იქ ფართომასშტაბიანი ომი ჩვენთვის მთლად სახარბიელო; მით უფრო, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ცეცხლის სამი კერა განიხილებოდა: უკრაინა, კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, ვფიქრობ, მთლად გულარხეინადაც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





