კუნთების დამზომებლები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:01 15.04

ანუ დემოკრატიაშემოფცქვნილობა
სანამ აშშ და ევროკავშირი ერთმანეთს კუნთებს უზომავენ (რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ერთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები) და აშშ-ს თვალი ისე საფუძვლიანად უჭირავს გრენლანდიაზე, რომ ეჭვგარეშეა, არც თუ შორეულ მომავალში მიიღებს კიდეც ლანგრით ან ულანგროდ (იმიტომ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ჩვენ ის გვჭირდებაო), ევროკავშირის ლიდერები კვლავაც ჯიუტად მოითხოვენ საქართველოში არჩევნების დანიშვნას.
რატომ? იმიტომ რომ დემოკრატიულ გზას გადაუხვია „ქართულმა ოცნებამო“; ამის პარალელურად, აშშ-იდანაც (აი, გრენლანდია რომ უნდა, ის კი დანიის შემადგენლობაშია) არაერთგვაროვანი განცხადებებია და, ცხადია, ისინიც ქართული დემოკრატიის წაფორხილებაზე ჭმუნვითაა გაჟღენთილი.
მეორე მხრივ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების (კონტინენტურ ევროპაშიც და ოკეანის გაღმაც) გულისწყვეტა სავსებით გასაგებია, ვინაიდან ვის თუ არა მათ, შესტკივათ გული დემოკრატიის ბედზე მთელ მსოფლიოში?!
იმდენადაც კი, რომ გულგრილად ვერც სირიაში განვითარებულ მოვლენებს დატოვებდნენ (არც დატოვეს) და, თუმცა აწ უკვე დაბანილ-დავარცხნილ-ჩაკოსტუმებულმა, ერთ დროს „ალ ქაიდას“ ფილიალის ხელმძღვანელმა, აწ სირიის პირველმა პირმა და აწვე დემოკრატმა ალ-ჯულანმა მინისტრთა კაბინეტიც დააკომპლექტა (როგორც ამბობენ, „ალ ქაიდასვე“ ყოფილი საველე მეთაურებით), ხოლო დემოკრატიას ფულიც სჭირდება, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს სირიის ახალ მთავრობასთან, რომელიც „ცდილობს იმ სერიოზული პრობლემების გადაჭრას, რომლის წინაშე სირია აღმოჩნდა.“
სამწუხაროდ, არავინ დაგვიზუსტა, კერძოდ, რა პრობლემების წინაშეა სირია (ფაქტია, ჩვენს ევროკავშირელ მეგობრებს სირიაში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ხოცვა არ უგულისხმიათ) და რას ცდილობს ალ-ჯულანი, მაგრამ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ვინაიდან ამ ომობანა-ომობანაში დემოკრატიაც თვალსა და ხელს (ანუ აშშ-სა და ევროკავშირს) შუა შემოგვფცქვნია...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან