პოლიტიკა

კუნთათამაშებულთა ალყაში

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 28.10, 2024 წელი

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „და გზა უვალი, შენგან თელილი...“

გასული კვირის მიწურულს დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი შეთანხმდნენ, „ნატოს“ ახალი თავდაცვითი გეგმის შესაბამისად, რომ დიდი ბრიტანეთი დანიშნავს სპეციალური ბრიგადას (ბრიგადა 4 000 სამხედრო მოსამსახურემდე ითვლის), რომლის მიზანიც ესტონეთის დაცვა იქნება, ოღონდ საამისოდ მზად 2025 წლის ივლისისთვის იქნება (სწრაფად შეიცვლის დისლოკაციის ადგილს, თუ საჭირო შეიქნებაო). მანამდე კი ესტონეთს ტანკებითა („ჩელენჯერ-3“) და სხვა შეიარაღებით მოამარაგებენ (რაც ბრიგადას დასჭირდებაო).

ცხადია, მე არ ვიცი, ეყოფა თუ არა ზემონახსენები ერთი ბრიგადა ესტონეთის დაცვას და არც ის, არიან თუ არა მზად ესტონელები, ებრძოლონ რუსეთს, ისევე, როგორც, მაგალითად, პოლონელები, რომლებიც მოითხოვენ, მისცენ პეტერბურგისა და რუსეთის სხვა ქალაქების დაბომბვის უფლება, რა თქმა უნდა, თუ რუსები ბალტიისპირეთისკენ დაიძვრებიან და, სავარაუდოდ, ამ მიზნით, სამხრეთ კორეისგან 800 რაკეტის შეძენას აპირებენ (900-კილომეტრიანი მოქმედების რადიუსით).

ამის პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ომი ირანსა და ისრაელს შორის სავსებით რეალურია (ირანს აქვს უფლება, თავი დაიცვასო), ხოლო, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ თურქეთიც არანაკლები პათოსით ემუქრება ხოლმე ისრაელს, თურქმა მინისტრმა დასძინა, რომ რეგიონული ომი გარდაუვალია, ოღონდ, სამწუხაროდ, არ დაუკონკრეტებია (ან მე ვერ მივაკვლიე), კერძოდ რომელ რეგიონს გულისხმობდა – მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, თუ აქეთ, კავკასია-შუა აზიისკენაც.

მოკლედ, ყველა კუნთებს ათამაშებს და საქმეც ისაა, რომ ამ კუნთებათამაშებულების სამოქმედო არეალი უფრო და უფრო გვიახლოვდება: რაც ვერაა მთლად კარგი ამბავი. რატომ? იმიტომ რომ (მოდი, ვთქვათ გულალალად), მართალია, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ევროპას „შინ“ დაარქვა და მისკენ გაშმაგებით მიიწევს, დარწმუნებული ვარ, კარგი ცხოვრების განაღდების მიზნით და არა ბომბების თავსხმაში დემოკრატიისთვის თავის გასაწირად, თუმცა, თუ ამგვარი პათოსითა და შემართებით განაგრძეს, ვვარაუდობ, რომ არც ეს სცენარია გამორიცხული. რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან, რაც გინდა, იმის მისაღწევად, სისხლის დასანთხევადაც უნდა იყო მზად. და თუ თავად ვერ მოესწრები, თავი იმით უნდა დაიმშვიდო, რომ „გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა