პოლიტიკა

„ქორწილის“ „მენიუს“ „კერძი“

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 24.03

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი?!

ბუნებრივია, მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავაც საუდის არაბეთისკენაა მიპყრობილი, რომელიც აშშ-მა და რფ-ამ მოლაპარაკების მოედნად აირჩიეს (და, როგორც ამბობენ, ჩინეთის დელეგაციაც იქვე ტრიალებს, ანუ პროცესში ისიც იღებს მონაწილეობას). შესაბამისად, სწორედ იქ გაიმართა აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა, რომელზეც შეთანხმდნენ ცეცხლის, ჯერჯერობით, 30 დღით შეწყვეტის უკრაინულ, უფრო ზუსტად, ალბათ, უკრაინულსა და ამერიკულ მოდელზე. იმას გარდა, რომ აშშ ამიერიდან სადაზვერვო ინფოსაც მიაწვდის უკრაინას და სამხედრო დახმარებასაც გაუწევს, დამეთანხმებით, მეტად უცნაური ომია, როდესაც საკუთარი არც სადაზვერვო ინფო გაქვს და არც შეიარაღება და სხვებზე ხარ დამოკიდებული). დასავლურმა მედიამ დრამატულად გვამცნო, რიმ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა, თუმცა, ვფიქრობ, საქმე გაცილებით მარტივადაა: საუდის არაბეთი აშშ-სა და რფ-ს შორის მოლაპარაკების ადგილია და არა უკრაინასა და აშშ-ს შორის (ვინც დღემდე ვერ მიხვდა, შევახსენებ, რომ უკრაინა აქ მხოლოდ პოლიგონია, როგორც ჩვენ – 2008-ში) და რა წინადადებაც უნდა წამოეყენებინა უკრაინის დელეგაციას, ის განიხილება სწორედ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებების ფორმატში. ასეც მოხდა, რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტას, ოღონდ საკუთარი პირობები წამოაყენა, მათ შორის, ის, რომ ამ ხნის განმავლობაში უკრაინამ არ უნდა მოახდინოს მობილიზაცია და არ უნდა მიიღოს სამხედრო დახმარება.

პუტინის რეაქციას ტრამპმა, თავის მხრივ, დამაიმედებელი უწოდა და ამ მოვლენებს კურსკში რუსეთის არმიის წარმატებაც უჩვეულოდ დაემთხვა (გაგახსენებთ, პუტინმა განაცხადა, უკრაინის საჯარისო ფორმირებები ან უნდა ჩაგვბარდნენ, ან დაიღუპებიანო). ამჯერად დასავლურმა მედიამ განაცხადა, რომ ბურთი აშშ-ის მოედანზეა, თუმცა, მე რომ მკითხოთ, რასაც ვხედავთ, მხოლოდ ფასადია და ძალიანაც საეჭვოა, ოდესმე ვინმემ გაგვაგებინოს, სინამდვილეში რა ტიპის გარიგებისკენ მიდიან მხარეები.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დიდი პოლიტიკა ყოველთვის სატელიტების ხარჯზე და მოფარებულად კეთდება (რაკი მხარეები წითელი პასტებით შეიარაღებულები საჯაროდ ვერ შემოხაზავენ: ეს – შენ, ის – მე, დანარჩენი კი იმას, ანუ ჩინეთსო), სანამ ისინი მორიგ სცენებს დადგამენ, თავი ზემონახსენები ბურთის ტრაექტორიის ცქერით შევიქციოთ. იმიტომ რომ „ქორწილში“ ჩვენ მაინც არავინ დაგვპატიჟებს და ისიც საქმეა, თუ იმ ქორწილის სუფრის მენიუში არ აღმოვჩნდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა