პოლიტიკა

ქორები და ოჯახქორები

№26

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მარგი სანქციები?!

მართალია, მთელი დასავლეთი ერთხმად გვამუნათებდა, ნუ გაამდიდრებთ რუსეთს, სანქციები დაუწესეთო და თვით იენს სტოლტენბერგმა, „ნატოს“ პირველკაცმაც, შეგვაგონა: არ მისცეთ რუსეთს საშუალება, დაამზადოს იარაღი უკრაინელების დასახოცადო (თუმცა, ეკონომიკაში ჩახედულისთვის კი არადა, ბრმისთვისაც ნათელია, როდესაც რუსეთისა და საქართველოს სიდიდეს შეადარებს, კოღოს ნაკბენს თუ მიიღებს, რაც უნდა ივაჭროს საქართველომ რუსეთთან), მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ, მით უფრო, დიდ პოლიტიკაში დაბალი ღობის პრინციპი მუშაობს, თუ მუშაობს და განტევების ვაცობაც ზედგამოჭრილია ჩვენნაირებისთვის.

ხოლო, რაკი მუშაობს ან/და ზედგამოჭრილია, გაირკვა, რომ ამა წლის მაისში (თვით Financial Times-ის ცნობით, ამ უკანასკნელს კი Independent Commodity Intelligence Services-ის მონაცემებით უსარგებლია), რუსეთმა ევროპაში უფრო მეტი გაზი გაყიდა, ვიდრე აშშ-მა.

რაც მთავარია, არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან უვაჭრია ოჯახქორ ჩრდილოელს. არამედ ჩამონათვალში ბრძანდებიან: დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ჩრდილოეთ მაკედონია. მართალია, სხვაობა დიდი არ არის: ჩამოთვლილსა და ევროკავშირის ქვეყნებს რფ-მ გაზის საერთო იმპორტის 15 პროცენტი მიაწოდა, აშშ-მა კი – 14, მაგრამ ანგარიში ანგარიშია.

მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, ერთი თვის წინ დასავლეთმა „მოსბირჟას“ სანქციები დაუწესა და დოლარისა და ევროს ოპერაციები აუკრძალა, იმ იმედით, რომ რუსეთში ეკონომიკური კოლაფსი დაიწყებოდა, მოსახლეობა აჯანყდებოდა, ჩინეთი რუსეთს უგანებდა და პუტინს ჩამოაგდებდნენ, თუმცა არც მღელვარება დაწყებულა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სანქციაც წინა სანქციების ბედს გაიზიარებს. დასავლელი ექსპერტები კი აწ მორიდებით ამბობენ, რომ გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონიათ.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ სანქციები პუტინს უფრო და უფრო აძლიერებს, ჩნდება ეჭვი, რაკი დასავლელი ექსპერტები ასე პანტაპუნტით ცდებიან, ვითომ მათ უმაღლეს სასწავლებლებშიც კორუფციაა და მოხელეები თანამდებობებზე ნეპოტიზმით ინიშნებიან?! იმიტომ რომ ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც განტევების ვაციც კი უბრალოა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული