ხელშეუბრუნებელი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 19.11
ანუ შფოთისა შფოთით გადამფარველი...
თუმცა ჯერ უკრაინის ბედი არ გადაწყვეტილა (არც ისრაელის), მით უმეტეს, მოლდოვის მომავალიც ბუნდოვანია და, საერთოდაც, დიდი არეულობაა მარსის ამთვისებელ დედამიწაზე, საქართველოს ბედ-იღბლით საფრანგეთის პრეზიდენტიც შემჭვუნვარებულა, რომელიც სხვებთან და ჩვენებურ პრემიერ-მინისტრთან ერთად, ასევე, ესწრებოდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს. მეტად დაფიქრებულიც დაიარებოდა და თავისი შიშებიც გაგვიმხილა მაღალი ტრიბუნიდან: „მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა, მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს.“
ყველა დამკვირვებელმაო, საქართველოს შემთხვევაში, ფაქტია, გადაამლაშა, როგორც ის, რომ პრ.-ი პუტინია დედამიწის მბრძანებელი (აბა, სხვაგვარად როგორ ახერხებს ყველა არჩევნებში ჩარევას?!), მეორე მხრივ, კი, ვერც ბ-ნი მაკრონი დაიკვეხნის თანმიმდევრულობით: ხან ევროპული გეოგრაფია არ ვართ, ხანაც უცებ ევროპულ ორბიტაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი ვხდებით (ჩვენი მეზობელი სომხეთიანად), თუმცა, ვფიქრობ, მისი ეს შფოთი იმ შფოთის გადაფარვაა, ტრამპის პრეზიდენტობისას აშშ-იდან წნეხი რომ გაუძლიერდება ევროკავშირს, ხოლო საქართველოს ჯანჯღარი, ცხადია, ორთქლის გამოსაშვებად მისწრებაა: ვერც ხელს შემოგიბრუნებს და ხანდახან – ვერც სიტყვას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან