ხელგამოღებულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.01
ანუ შინ მამაცი, მასკთან მხდალი...
მართალია, გერმანიას თავი გასჭირვებია, ანუ ოლაფ შოლცსა და მის პარტია-მთავრობას მძიმე დღეები უდგათ (მძიმე, ანუ გერმანელი ამომრჩეველი აღარ სწყალობს), მაგრამ ვიცით, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ხელებისა და თვალების ფათურისთვის მაინც იცლიან. აი, ბ-ნ როთს, ხომ, წარდგენა არ სჭირდება და არ სჭირდება. იგი, ვგონებ, სამუდამოდ აღიბეჭდა საქართველოს მოქალაქეების გულებში და მანაც საფუძვლიანად ჩაგვიბეჭდა თავის გონებაში, მაგრამ არც გერმანიის მთავრობას დაუკლია ხელი. რატომ? იმიტომ რომ ახალი წლის დადგომამდე გვამცნეს, რომ საქართელოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სანქციებს დააწესებენ, მაშასადამე, არ შეუშვებენ გერმანიაში (თუმცა, თუ გავიხსენებთ, რა ამბებიც დატრიალდა გერმანიაში ახალი წლის ღამეს, ვფიქრობ, იქ ჩასვლის მსურველი ბევრი არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც).
მე არ ვიცი, რატომ გამოიღეს ხელი ჩვენმა გერმანელმა პარტნიორ-მეგობრებმა საქართველოში იმგვარი დემოკრატიის გადასარჩენად, როგორც მათ ესმით ქართული დემოკრატია, თუმცა, მაგალითად, ილონ მასკი ბოლო პერიოდია, აქტიურად შეიძლება, ითქვას, აბულინგებს გერმანიის ხელისუფლებას, უნდა გადადგეთო, რაც გერმანიის ხელისუფლებას გვარიანად აბრაზებს. იმდენადაც კი, რომ ხსენებულ ბ-ნ მასკს ბრალიც კი დასდეს გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევაში და მოუწოდეს, ხელები შორს გერმანიისგანო (და მერე რა, რომ თავად გერმანია ფრიად და ფრიად აქტიურად აფათურებს ხელებს საქართველოს შიდა საქმეებში?!). მეტიც, ცნობილმა მილიარდერმა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს ანტიდემოკრატიული ტირანიც კი უწოდა. ოღონდ, არ მგონია, რომ, მაგალითად, მასკს რამე შეზღუდვები დაუწესონ ასეთი უცერემონიო მოქმედებისთვის. ამასობაში კი (როგორც ჩანს, ჩარევის მადაც ჭამაში, ანუ ჩარევაში მოდის), ილონ მასკი დიდ ბრიტანეთსაც გადასწვდა (აქვე შეგახსენებთ, რომ ტრამპის მთავრობაში მისთვის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტია შეგულებული), სახელდობრ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (კირ სტარმერი) გააკრიტიკა და გაერთიანებულ სამეფოში, არც მეტი, არც ნაკლები, ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. ბუნებრივია, ეს მოსაზრება თავის სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა და ბრიტანელებს, ზედაც, თავისი აზრით, გადამრჩენელიც შესთავზა, კერძოდ, ნაიჯელ ფარაჟის პარტია.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ამერიკელი მილიარდერის ინიციატივას, თუმცა, ვფიქრობ, თავად ილონ მასკის ანცობები ამით არ დასრულდება და ჩვენ თვალწინ კიდევ არაერთხელ გათამაშდება ბუმერანგის სქემა, ალბათ, ისიც გამოიკვეთება, რომ ამ ჩვენს ევროპელ პარტნიორ-მეგობრებს მხოლოდ ჩვენი წონის სახელმწიფოებთან აქვთ ხოლმე ყოყლოჩინობის შნო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან