პოლიტიკა

ხეირის ეშხი

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 12.01, 2021 წელი

ხეირის ეშხი
დაკოპირებულია

ანუ „ფულები არის ჩემი გამხარებელი“.

ჯერ იყო და, იმაზე ვდარდობდით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადისო (არიქა – არ დაიშალოსო!), მერე ისიც დაემატა, რომ მართლაც გავიდა და, ბოლოს, ძილი იმან დაგვიფრთხო, როგორ მოახერხებდნენ ამ ამბის უმტკივნეულოდ გადატანასო, მაგრამ, რაკი წარმოუდგენელია, მხოლოდ ცუდი ხდებოდეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ სამყაროს უყვარს ბალანსი და ჰარმონია, მართალია, კორონაპანდემიით გათანგულებმა, მართლაც სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ (ამას ორმაგი დატვირთვა აქვს: ჯერ ერთი, იქნებ 3-15 იანვარს გამოცხადებული სრული ჩაკეტვა გადაგვატანინოს და, მეორეც, მხოლოდ ცუდი ამბებიც არ მომხდარა 2020-ში), სახელდობრ, ის, რომ ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მოილაპარაკეს, თუ როგორ იცხოვრებენ მომავალში – ანუ გაყრა, სულაც, არ იქნება ხისტი და დაუნდობელი.
ბრიტანეთის მთავრობამ ბრიტანელები დაამშვიდა, რომ, რასაც 2016 წლის რეფერენდუმზე დაგპირდით, აგისრულეთო, ანუ დავიბრუნეთ კონტროლი ჩვენს ფულზე, საზღვრებზე, კანონებზე, ვაჭრობასა და საათევზჭერო წყლებზეო.
თავის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან მომლაპარაკებელი (ურსულა ფონი) ამშვიდებს ევროკავშირლებს, რომ ხელი მოვაწერეთ ნულოვან ტარიფებსა და კვოტებსო.
ეს რომ არ მომხდარიყო, ბრიტანეთსა და ევროკავშირს პირველი იანვრიდან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პირობებით მოუწევდათ ვაჭრობა და ორივე მხარეს დიდ ფულს დააკარგვინებდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქოლოგების მიერ ექსპერიმენტებით დადგენილ ჭეშმარიტებას: ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ თანამშრომლობას, როდესაც მათ თანამშრომლობას მოაქვს უფრო მეტი ფული, ვიდრე დაპირისპირებას, ანუ ამ გაქანებულ დემოკრატიაშიც, არც მეტი, არც ნაკლები, „ფულები არის ჩემი გამხარებელი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი