პოლიტიკა

„ყაყაჩოების რევოლუცია“

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 31.08, 2021 წელი

ყაყაჩოს რევოლუცია
დაკოპირებულია

„თალიბანი“, ანუ ცოდნას მოწყურებული

სანამ ჩვენ (და ლამისაა, სრულიად დედამიწაც) საინფორმაციო ტერორის ქვეშ ვართ და უმეტესობას არაფერი აინტერესებს იმას გარდა, რამდენი აიცრა, არ აიცრა, გარდაიცვალა თუ გამოჯანმრთელდა, მერამდენე ტალღა დაიწყო და რა ახალი შტამი გამოჩნდა, უეცრად და მოულოდნელად, კოალიციისგან თითქმის დაცლილ ავღანეთში თალიბებმა ქაბულიც დაიკავეს და თავიანთი მმართველობაც გამოაცხადეს.

შესაბამისად, ავღანეთიდან არა მხოლოდ აშშ-ის მოკავშირე ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები გაიქცნენ და მირბიან, არამედ მოსახლეობაც და მსოფლიომ კვლავ იხილა შეშინებული ადამიანების შიშისგან თავგანწირული რბოლა (რაკი თვითმფრინავებში ადგილები არ იყო, ავღანელები მის ფრთებს ეჭიდებოდნენ და მიწაზე ცვიოდნენ). და სანამ დანარჩენი სამყარო გონს მოვიდოდა, თალიბების ლიდერებმა თავიანთი მოქმედების მიმართულებები გამოაცხადეს. რამდენიმეს შემოგთავაზებთ: აიკრძალა ვაჰაბიზმი (სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირება არ გვინდაო); სიკვდილით დაისჯება ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა, გაყიდვა ან გაყიდვის ხელშეწყობა; გაუქმებულია სისხლის აღება და დავები მხოლოდ შარიათის სამართლით გადაწყდება; სიკვდილით დაისჯება ძალადობა ახალგაზრდა ვაჟებისადმი; ქალებმა, დაე, იარონ გარეთ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ხიჯაბითო; ასევე, გაუქმებულია ვალები და პროცენტები; რაც მთავარია, მთელი მსოფლიოდან იხმობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ავღანეთის აღსადგენად (მათ მაღალ ხელფასებს ვთავაზობთო, ოღონდ არ დაუკონკრეტებიათ, რომელი წყაროდან?!). აქვე გეტყვით, რომ „თალიბი“ ნიშნავს „ცოდნას მოწყურებულს“.

პოლიტიკური ალღო მკარნახობს, რომ თალიბები საფუძვლიანად არიან დატრენინგებულნი (თუ, რა თქმა უნდა, ეს რევანშია და არა გამზადებული სცენარის ერთ-ერთი თავი, პირობითად: „იგინივე და თალიბები“), რაც ნიშნავს, რომ საქმე ასე მარტივადაც ვერ დასრულდება (უფრო დაიწყება). თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც აი, ის პუნქტი მგონია, ნარკოტიკების მოყვანა-გასაღება რომ აიკრძალა (მოგეხსენებათ, ავღანეთი მსოფლიოს ნარკოტიკით მომმარაგებელთა შორის მოწინავეთა რიგებშია) და ისიც, რატომ დაუტოვეს ამერიკელებმა უახლესი შეიარაღება ავღანეთის მთავრობას, რაც ახლა სრულად თალიბების ხელშია (ვერ გათვალეს საფრთხე)?! ოღონდ მე, როგორც საქართველოს ჭეშმარიტ მოქალაქეს მაინც ის უფრო მაინტერესებს: ვინ აცრის თალიბებს ამ გაქანებული კორონაპანდემიისას?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი