პოლიტიკა

ჯანზე მზრუნველები

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 22.11, 2022 წელი

ჯანზე მზრუნველები
დაკოპირებულია

ანუ ბიუჯეტის შემავსებლები

მართალია, მსოფლიო ბირთვულ კატასტროფას ელის და უკრაინაში ლამისაა, ქვა ქვაზე არ დატოვოს რუსეთმა, ხოლო აშშ-ის არჩევნებში უკვე მკვდარი კანდიდატებიც კი იღებენ ამომრჩევლების ხმებს, მაგრამ ჩვენ სულ სხვა გასაჭირს შევუპყრივართ. კერძოდ, როგორმე მოვახერხოთ და ზეციურ სამსჯავროზე ჯანმრთელები წარვდგეთ! შესაბამისად, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე გვაიმედებს (იქნებ გვემუქრება), რომ, თუ პირველი იანვრიდან რომელიმე კომპანია რეგულაციას დაარღვევს და თამბაქოს შეფუთვა სადა არ იქნება, 5 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით კი – 10 000-თო.

ახალი რეგულაციით, თამბაქოს ყველა კოლოფი ერთმანეთს უნდა ჰგავდეს, ვინაიდან, ზემოხსენებული ბატონის მტკიცებით, ეს ახალგაზრდების თვალში თამბაქოს მიმზიდველობას დაუკარგავს (არადა, მარიხუანას, სულაც, ასანთის კოლოფებში ინახავენ, მაგრამ ვითომ მომხიბვლელობას აკლებს?!) სხვათა შორის, ერთფეროვან კოლოფებს უკრაინა აწარმოებს, მაგრამ ბ-ნი ბახტურიძე გვარწმუნებს, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებები წარმოებას არ შეაფერხებს.

ბუნებრივია, თამბაქოს მოწევა დიდად სასარგებლო ჩვევა არ არის, მაგრამ ბ-ნი ბახტურიძე იმასაც დასძენს, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე თამბაქოს მოწევის შედეგად ნაადრევად კვდება; ხოლო მწეველების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 56 წელიაო.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი და ნამდვილი სტატისტიკა, რომელიც აღრიცხავს, ვინ რა დაავადებებით იღუპება (არადა ეს სტატისტიკა აუცილებელია ჯანდაცვის სტრატეგიის შესამუშავებლად) და იმასაც დავამატებთ, რომ ერთფეროვანი შეფუთვა თამბაქოს ნაწარმს გააძვირებს, მაშასადამე, ბიუჯეტს უფრო მეტი ფული შეუვა, ამ გადაწყვეტილების კეთილშობილური მოტივები მეტად და მეტად საეჭვოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი