პოლიტიკა

ინტერესების მომხვნელები

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 02.08, 2021 წელი

ინტერესების მომხვნელები
დაკოპირებულია

ანუ პუტინთან ლაციცი

მართალია, თავის დროზე, არც ჩვენ გვინდოდა, რომ რფ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიეღოთ (იქ ყველა წევრს აქვს ვეტოს უფლება) და მიზეზიც ცნობილი გახლდათ: რუსეთის ფედერაცია და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა საზღვრებში აღიარებენ საქართველოს, თუმცა აღმართი პარტნიორობამაც მოხნა და საქართველო ამ ამბავს დათანხმდა (ჯერ კიდევ „ნაციონალური“ მმართველობისას). ამდენად, სავსებით ბუნებრივი უნდა იყოს საქართველოს ჭკუათმყოფელი მოქალაქისთვის, რომ გერმანია და აშშ პუტინს ელაციცებიან (სახელდობრ: გერმანიამ საბოლოოდ დაასრულებინა რუსეთს „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ მშენებლობა, ხოლო აშშ-ც დაეთანხმა) და ეს ლაციცი, ძირითადად, უკრაინის ხარჯზეა (უკრაინის გავლით მიეწოდებოდა ევროპას რუსული ენერგომატარებლები, რითაც გვარიანად ხეირობდა), თუმცა, რაკი ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, არც ამ ამბავს ჩაუვლია ფულის გარეშე.

კერძოდ, ვინაიდან აშშ და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ამერიკა ხელს არ შეუშლის რუსეთ-გერმანიის გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ მშენებლობის დასრულებას, სამაგიეროდ, გერმანია უკრაინას ენერგოსექტორის მხარდასაჭერად 200 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს და შექმნის, ეგრეთ წოდებულ, „მწვანე ფონდს“, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით, უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. მეტიც, გერმანია ყოველმხრივ ეცდებაო, რომ რფ-მ, კრემლმა, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი კიდევ ათი წლით გააგრძელოს.

უცნობია, შეძლებს თუ არა გერმანია რუსეთის დარწმუნებას; ისიც, გამოიყოფა თუ არა დაპირებული მილიარდი და, რაც მთავარია, საერთოდაც შესრულდება თუ არა ეს შეთანხმება, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თავის დროზე, აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი უკრაინას ბირთვული იარაღის სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობასაც დააჰპირდნენ, მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. შესაბამისად, არც ისაა გამორიცხული, უკრაინა ამჯერადაც გაღიმებული დატოვონ.

აქედან გამომდინარე კი: უპატრონობა ჯობია, ძალისმიერი თუ პარტნიორობისმიერი მოხნულობა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი