პოლიტიკა

ინტერესების კვეთაში

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ შეხვედრის ადგილი უცვლელია...

გასულ კვირას, როგორც იქნა, გაირკვა, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, სინგაპურშია დაბადებულ-გაზრდილი (და იმასაც ამატებენ, რომ ამერიკელებიც ურევიანო).

ურევიან თუ სუფთა სახით არიან წარმოდგენილნი, ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება. მეორე მხრივ, სხვა საქმეა, იქნება თუ არა იმდენი ტვირთი, რომ ანაკლიამ საქართველოს დანარჩენ პორტებს არ წაართვას სამუშაო, მაგრამ მე მაინც წინა ისტორიას გაგახსენებთ.

ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას გვეწვია აშშ-ის სახმდივანი, რომელმაც ყოველგვარი მოკიბ-მოკიბვის გარეშე გვაჯახა, რომ ანაკლიის პორტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენებულიყო ჩინური ფულით. საბოლოოდ კი, პროცესი იმით დასრულდა, რომ პორტი აუშენებელი დარჩა.

უცნობია, რატომ გააქტიურდა ანაკლიის თემა მაინცდამაინც ახლა, ოღონდ ის კი აშკარაა, რომ აშშ-ს დიდად არ მოეწონებოდა ჩინური კომპანიის გამოჩენა, იმიტომ რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არანაკლები ჯახია, ვიდრე დასავლეთსა და რფ-ს შორის, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩინურის გარდა არ მგონია, სხვა ქვეყნის კომპანიას მოეწადინებინა ანაკლიაში ფულის დაბანდება (აქვე შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან სანაპიროს წყალქვეშა გემების მიღებაც შეუძლია, ანუ ეს ჩვენი ადგილმდებარეობა ერთდროულად სარგებლიანიცაა და საბედისწეროც).

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი ლამობს, რამენაირად შეინარჩუნოს და გაზარდოს ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე, რაც შეიძლება, მეტი საქონლის შეტანა მოახერხოს, ხოლო, ამის პარალელურად, აშშ-ს ინტერესია, თავისად დაიგულოს იმავე ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი, აშკარა ეკონომიკური ომის ნიშნები თვალშისაცემია (როდესაც ჩვენნაირები ინაყებიან ხოლმე).

ბუნებრივია, ვერავინ იტყვის წინასწარ, თუ რით შეიძლება, დასრულდეს აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ინტერესების კვეთა შავ ზღვაში, სახელდობრ, ანაკლიაში და შეასრულებს თუ არა დამაჩქარებელი კამიკაძის როლს ჩვენებური ტვინგახურებულობა, მაგრამ წყალი არ გაუვა, რომ მაგიდაზე კონკრეტულად ჩვენ დაკლული ქათმის როლი გვაქვს გარანტირებული...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა