პოლიტიკა

ჰუსიტები და რაკეტები

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 26.11

ამბები
დაკოპირებულია

ანუ რაკეტაშეჩვეული „აბრაამ ლინკოლნი“?!

გასულ კვირას თავად იემენელმა ჰუსიტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ იერიში მიიტანეს ამერიკულ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნსა“ (არაბეთის ზღვაში) და ორ სწრაფმავალ ამერიკულ სამხედრო ხომალდზე (წითელ ზღვაში). ამის შესახებ ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა, გენერალმა სარიამ განაცხადა (პირადად მე ისიც მაინტერესებს, ვინ მიანიჭა გენერლის წოდება).

შეტევა განხორციელებულა დრონებითა და რაკეტებით და რვა საათის განმავლობაში გრძელდებოდაო.

ჰუსიტების განმარტებით, ოპერაციის მიზანი გახლდათ, ეჩვენებინათ, რომ სწორედ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ წითელი ზღვა დაძაბულობის ზონად იქცა.

საქმე ისაა, რომ ამ ფაქტს, გავრცელებული ინფორმაციით, ადასტურებს პენტაგონი, მაგრამ პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, რომ არაფერი იცის „აბრაამ ლინკოლნზე“ განხორციელებული შეტევის შესახებ.

ბუნებრივია, „არაფერი იცის“, ვინაიდან „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმა უბრალო საქმე არაა, ვინაიდან მას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძლიერი სისტემა აქვს, რომლის გარღვევაც საკმაოდ რთულია. თავდასხმის ფაქტი კი, სავარაუდოდ, მოწმობს, რომ ჰუსიტებს ფრიად თანამედროვე ტიპის რაკეტები ჰქონიათ და მათ, ასე განსაჯეთ, რფ-ის გარდა ვერც ვერავინ მიაწოდებდა (საეჭვოა, ირანს ჰქონდეს შეიარაღება, რომელიც ამერიკული ავიამზიდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გააბიაბრუებს).

მე არ ვიცი, როგორ უპასუხებენ ამერიკელები ჰუსიტების გამოხდომას (რბილად ვამბობ, თორემ აშკარაა, რომ ეს გამოხდომაზე უმეტესია), ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რფ-მ ნიკარაგუაში უკვე განათავსა თავისი რაკეტები (სულ ბოლოს, ამა წლის ივლისში საუბრობდნენ რუსი „დუმელები“ ვენესუელაში, ნიკარაგუასა და კუბაზე რუსული რაკეტების განთავსების შესაძლებლობასა და აუცილებლობაზე), როგორც ჩანს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების სამხედრო მდგენელის მასშტაბი უახლოეს მომავალში გაიზრდება და რადგან მას ვერავინ შეაჩერებს (ყველა მხარე სამკვდრო-სასიცოცხლოდაა დაინტერესებული თავისი გავლენის მოპოვებასა და განმტკიცებაში), ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ იმას თუ ვისურვებთ, რომ გაიშალონ, ოღონდ ჩვენგან, რაც შეიძლება, შორს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა