პოლიტიკა

ჰუსიტები და კაბელები

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 19.03

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მიწისა და ცის ჭიდილი

გასულ კვირას, თუ სრულიად დედამიწა არა, სრულიად საქართველო (ყოველ შემთხვევაში, რაც მისგან დარჩა ოკუპაციის შემდეგ) სოციალური ქსელების გათიშვამ შეაზანზარა და თუმცა უმრავლესობა ხუმრობდა, აშკარად შეინიშნებოდა გათიშვით გამოწვეული დისკომფორტის სტრესული გავლენა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური ქსელების არსებობით ის უფრო ხეირობს, ვინც ამ სოციალურ ქსელებს ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის იყენებს, ვფიქრობ, მათთვის უფრო დიდი სტრესი უნდა ყოფილიყო.

გათიშვის მიზეზად ის დასახელდა, რომ თითქოს ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ოთხი ინტერნეტკაბელი გადაჭრეს, რამაც სისტემაში არეულობა გამოიწვია („გუგლის“, „მეტასა“ და სხვა ამერიკული IT-კორპორაციების მომსახურების შეზღუდვა), თუმცა ინტერნეტგიგანტების დიდი ძალისხმევით რაღაცნაირად მოხერხდა სარეზერვო ხაზების ამუშავებაო.

მეორე მხრივ, რთული დასაჯერებელია, ჰუსიტებს ეს მოეხერხებინათ (ისინი კი იფიცებიან, რომ მსგავსი არაფერი ჩაუდენიათ) ან, უკიდურეს შემთხვევაში, დამოუკიდებლად მოეხერხებინათ. და ბარემ აქვე გეტყვით, რომ იემენის სანაპიროებთან ზღვაში 15 საერთაშორისო წყალქვეშა კაბელი გადის, რომლებშიც მიედინება გლობალური ინტერნეტტრაფიკის 17 პროცენტი.

თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჰუსიტები ამერიკელებს ერჩიან, ხოლო ამერიკელები – ჰუსიტებს. მაგრამ მე ცოტა სხვა მხრიდან შევხედავდი ამ ამბავს (მით უმეტეს, რომ სიმართლეს მაინც არავინ გვეტყვის). კერძოდ, გაგახსენებთ ილონ მასკის თანამგზავრულ ინტერნეტს (რომელიც ამჟამად აქტიურად გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომში, ბუნებრივია, უკრაინელების ინტერნეტით უზრუნველსაყოფად).

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით ინტერნეტკაბელები მიწის ან წყლისქვეშ გადის, ანუ ვირტუალური სამყარო მიწისა და წყლისქვეშეთიდან მოგვეწოდება, ვფიქრობ, წინ მეტად საინტერესო მოვლენები გველის (სახელდობრ, მიწისა და ცის ჭიდილი), იმიტომ რომ ინტერნეტი ადამიანთა კონტროლის და, შესაბამისად, მართვის ყველაზე ეფექტიანი და სასურველი იარაღია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული