პოლიტიკა

გლოვა თურქმენულად

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 15.06, 2021 წელი

თურქმენეთის პრეზიდენტი
დაკოპირებულია

ანუ დავსტირით...

იმ ამბავმა, რომ ჩვენებურმა პოლიტიკოსებმა (რომლებსაც, უკვე დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, ორი ბატიც არ ენდობათ), თავი რომ თავგადაკლულ მედასავლეთეებად მოაქვთ, შარლ მიშელს ვინ ჩივის, შარლ მიშელის რეფორმების სახელს არქმევენ ფრაქციას (აბა, ილია ჭავჭავაძე ვის დაჰკარგვია, იმ ფრაქციის შვიდეულთან „სამ შანაევ სპალ“, მართალია, მეეჭვება, გაიაზრონ, საიდანაა ეს ციტატა და რა ქვეტექსტი აქვს, მაგრამ მაინც იყოს თქვენთვის, ძვირფასო მკითხველებო!), თურქმენეთის პრეზიდენტის გამოხდომა გააუფერულა.

კერძოდ, პატივცემულ პრეზიდენტს (თურქმენეთისას) მამა გარდაცვლია (მივუსამძიმროთ დაობლება) და, რაკი გლოვობს, მარტო კაცი კი, როგორც ჩანს, თურქმენეთში გლოვაშიაც ცოდვაა, საჯარო მოხელეები დაავალდებულეს, რომ თავი გადაიპარსონ (ცხადია, გლოვის ნიშნად) და ნაციონალური თავსაბურავი დაიხურონ, ოღონდ მხოლოდ მოხელე მამაკაცები. საბედნიეროდ, თურქმენ ქალებს თავზე თმა შეარჩინეს, ოღონდ ერთი პირობით: მათ შავმაქმანიანი თავშალი უნდა მოიხვიონ. ეს განკარგულება მას შემდეგ გამოიცა, რაც თავად თურქმენეთის პრეზიდენტი გამოეცხადა თავის სამწყსოს თავგადაპარსული, ნაციონალურ თავსაბურავში.

მეორე მხრივ, თუმცა ჩემთვის ეს ამბავი გასაოგნებელია (რაღა არის, მანამდე იყო, სანამ ზემოხსენებული ფრაქცია გამოჩნდებოდა ჩვენებურ ორგანოში, ისევ და ისევ, უმაღლეს საკანონმდებლოში), მაგრამ ის მამშვიდებს, რომ გლოვა თურქმენეთში მხოლოდ 40 დღეს გაგრძელდება (ანუ იქაური ჩინოვნიკები თმას ისევ მოუშვებენ) და, რაც მთავარია, იოტისოდენა პრეტენზიაც კი არ აქვთ თავისუფლებასა და მისთანებზე, მაგრამ ის, რაც ჩვენებურ პოლიტიკოსებს სჭირთ, ვგონებ, სამარადჟამოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი