პოლიტიკა

გაუთვლელობის სტატისტიკა...

№6

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 12.02

გაუთვლელობის სტატისტიკა
დაკოპირებულია

ანუ რამაც ვერ მოკლა, გააძლიერა?!

არც რუსეთ-უკრაინის ომს უჩანს ბოლო და, შესაბამისად, არც გეოპოლიტიკურ ჯახს, რომელმაც, სავარაუდოდ, უკვე შეიწირა მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე (ორივე მხრიდან) ან იქნებ, მეტისაც, მაგრამ ზუსტ რიცხვს ჩვენ მაინც არავინ გვეტყვის, ვინაიდან ამ გაქანებული დემოკრატიის პირობებშიც კი, ვაი რომ, მოქმედებს პრინციპი: მილიონების სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკაა.

მოგეხსენებათ, დასავლეთის ტაქტიკა რუსეთის წინააღმდეგ, ძირითადად, ფინანსურ სანქციებს ეყრდნობოდა და გვარწმუნებდნენ, რომ ფინანსური სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაზე იყო გათვლილი. ხოლო, რაკი არავის დაუკონკრეტებია, რამდენი იყო ეს გრძელი ვადა – ერთი, ათი თუ ასი წელი, აღმოჩნდა, რომ (და ეს ამბავი, არც მეტი, არც ნაკლები, ბრიტანულმა Financial Times-მა აღმოაჩინა. მომყავს ციტატა): „გასულ წელს რუსეთის ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს. ასეთი შედეგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს: სანქციებით მოსკოვს ვერ ავნებ.“ და იქვეა შენიშნული, ბაიდენი კი რუბლის მდგომარეობის გაუარესებას გვპირდებოდაო.

მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერი (ანუ ჯონსონი) ლამის ბაიდენის მარჯვენა ხელი იყო (ან პირიქით), ვფიქრობ, ერთგვარი უსამართლობაა ამ ბრიტანული ჯოხის მხოლოდ აშშ-ს პირველკაცზე გადატეხა.

გადატეხით თუ მის გარეშე, ცხადია, რომ არც რუსეთის ეკონომიკა შერყეულა, არც მათი ეროვნული ვალუტა, მეტიც, სამხედრო მრეწველობაც კი განავითარეს და, რაც ყველაზე მთავარია, დღეს სწორედ რუსეთს ჰყავს არმია, რომელმაც ბრძოლის ველზე ისწავლა ომი (ასეთივეა უკრაინის არმიაც, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ უკრაინას ადამიანური რესურსი ეწურება, თუმცა, ამის მიუხედავადაც, უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მორიგი მობილიზაციაა გამოსაცხადებელი). მაგრამ ჩვენ ისევ მთავარ ამბავს დავუბრუნდეთ: რუსეთის ეკონომიკა ორი წელია, სანქციებს არათუ უძლებს, არამედ კიდეც ვითარდება, რაც ბადებს რიტორიკულსა და, იმავდროულად, საბედისწერო კითხვას:

– დასავლეთმა გეოპოლიტიკური დაპირისპირება რეალური გათვლების გარეშე წამოიწყო და ეს რუსეთმა გამოიყენა, როგორც, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული