გაწვრთნილი თოჯინების პოლიტთეატრი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.02
![ამბები ამბები](/files/2025/02/07/12454/ambebi_w_h.jpeg)
ანუ ბანანისად წოდებულება
გემახსოვრებათ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს (აქვე შეგახსენებთ, რომ ის პოლიტიკურად ამოვარდნილია ევროკავშირის საერთო, მე ვიტყოდი, მათ შორის, გამოგენდერებული პათოსიდან), მასზე თავდასხმამ კი ისე მშვიდად ჩაიარა, თითქოს არა ევროკავშირის ტერიტორიასა და სახელმწიფოში, არამედ სადმე ბანანისად წოდებულ ქვეყანაში მომხდარიყოს.
მოკლედ, ის კვლავ დაუბრუნდა სლოვაკეთის პირველკაცის სტატუსს და სულ ახლახან აწ უკვე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რაკი სლოვაკეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ინფორმაცია მოიძიეს მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და, რაც მთავარია, „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით. აქ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ეს ის „უცხოელი ექსპერტები“ ბრძანდებიან (როგორც სლოვაკეთის უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს), რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ფერადი რევოლუციების მოწყობაში საქართველოსა და უკრაინაში (კიევის მაიდანიც მათ მოაწყვესო).
თუმცა, სლოვაკეთის ხელმძღვანელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის, ანუ სლოვაკეთის განადგურებას და თავის საზოგადოებას ჰპირდება, რომ პრევენციულ ღონისიებებსაც გაატარებენ. იქვე ბ-ნი ფიცო დასძენს, რომ სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად ქუჩის აქციებს მოაწყობენ და შეეცდებიან, დაიკავონ ადმინისტრაციული შენობები.
ბუნებრივია, არ მაქვს საფუძველი, არ დავუჯერო სლოვაკეთის პირველ პირსა და იმავე სლოვაკეთის შესაბამის სამსახურებს და ისიც თვალნათელია, რომ საქართველოსა და უკრაინაში (და არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში) მსგავსი სცენარებით ვითარდება უკმაყოფილების გამომხატველი პროცესები, რაც საფუძვლიანს ხდის ეჭვს, რომ მცირე და საშუალოწონიანი ქვეყნების (რომელთაც არ აქვთ შესაბამისი რესურსი, გავლენა მოახდინონ გეოპოლიტიკაზე) ბედი იმართება, დაახლოებით, ისევე, როგორც მარიონეტები მარიონეტების თეატრში, იმ განსხვავებით, რომ მონაწილეების (მე რომ მარიონეტების თეატრის თოჯინებს შევადარე) არც თუ მცირე ნაწილს სჯეროდა, საკუთარი ნებით იქცევა ისე, როგორც იქცევა. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ადამიანი იმართება ნებისმიერ გაწვრთნილ ცხოველზე, ანუ ცოცხალ არსებაზე უკეთესად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან