პოლიტიკა

გაშუალებულად მებრძოლები

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სხვების ომი...

მართალია, უკრაინელი ანალიტიკოსებიც კი ობიექტურად აფასებენ მათ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას (განსხვავებით ჩვენებურებისგან, რომლებსაც, ვფიქრობ, გულზე მჯიღის ცემა ერთგვარ ტიკად ექცათ), მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ და 60-მა დასავლელმა ანალიტიკოსმა მიმართა „ნატოს“, ანუ „ნატოს“ წევრ ქვეყნებს, რომ არ დაუშვან უკრაინის „ნატოში“ მიღება (მოარული ხმებით, „ნატოს“ მორიგ სამიტზე თითქოს ერთგვარი სტატუსის მინიჭებას აპირებენ უკრაინისთვის). უარის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ეს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევსო. გულუბრყვილო ადამიანი, ბუნებრივია, აღფრთოვანდებოდა ზემოხსენებული დასავლელი ანალიტიკოსების გულწრფელობით, თუმცა, მეორე მხრივ, ცოტა უცნაურია, რატომ გახდა აუცილებელი საჯაროდ მიმართვა?!

ვფიქრობ, იმ სამოცთაგან არც ერთს არ უნდა გასჭირვებოდა ამ ამბის კულუარულად, ანუ გასაჯაროების გარეშე მიტანა ადრესატებამდე და, რაც მთავარია, „ნატოს“ წევრი ქვეყნების და, მით უმეტეს, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა ანალიტიკოსებზე არანაკლებ კარგად უწყიან, რომ მსგავსი ნაბიჯი გაცილებით ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს (რომელშიც არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ მათი სისხლიც დაიღვრება). აქედან გამომდინარე კი, ლოგიკა მეტად მარტივია: ჩემი ვარაუდით, ეს უადგილო საჯაროობა უფრო საზოგადოებრივი აზრის მომწიფებას ემსახურება (საზოგადოება-მეთქი, ვამბობ, მაგრამ, რეალურად, ვიგულისხმებით ფრიად და ფრიად იოლად სამართავ არსებებს, რომლებიც ორ ფეხზე ვმოძრაობთ და ის გვგონია სინამდვილე, რასაც პოლიტიკოსები მიკროფონებთან ამბობენ). სხვა რომ არაფერი, უკრაინის „ნატოში“ მიღებას, სულ მცირე, უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, საზღვრების კონტურების მოხაზვა (ეს კონტურები კი, მოგეხსენებათ, მეტად და მეტად ბუნდოვანია გაქანებული საომარი მოქმედებების პირობებში) სჭირდება.

ასეა თუ ისე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს არც ჩვენი ომია და არც ჩვენი ბრძოლა, რაოდენ მომხიბვლელადაც უნდა იყოს შეფუთული ნათელი და ბნელი ძალების დაპირისპირებად, შესაბამისად, შესაძლოა, არც იყოს ურიგო, თუ პირდაპირ, გამაშუალებლების გარეშე, ანუ ერთმანეთს უშუალოდ დადუდგავდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა