პოლიტიკა

გარანტირებული „სამოთხე“?!

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 14.09, 2021 წელი

გარანტირებული სამოთხე
დაკოპირებულია

ანუ შიში შეიქმს აცრასო...

რაკი შიში მართვის ყველაზე ეფექტიანი იარაღია, ორივე მიმართულებით: გინდა, სიკეთე გინდოდეს ადამიანისთვის და გინდა – უკეთურობა, ის კოვიდის მართვის პროცესშიც აქტიურად გამოიყენება. და თუმცა ყოველდღიურად თავზარდამცემი ციფრები ცხადდება: კოვიდით დაავადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ (ოღონდ პირადად მე მაინც ვერ მცემს თავზარს, ვინაიდან 24-წლიანმა ჟურნალისტურმა გამოცდილება, საკმარისი ცოდნა დამიგროვა, როგორ ვენდო სტატისტიკას, იმისდა მიუხედავად, კოვიდს ეხება, უმუშევრობას, დემოგრაფიას თუ ნებისმიერ სხვა რამეს), როგორც იქნა, თენგიზ ცერცვაძემ, ბოლოს და ბოლოს (არ ვამბობ, ინამუსა-მეთქი, მის ასაკს ვცემ პატივს საკუთარი თავის პატივისცემის შემდეგ), გაგვიმხილა, რომ საქართველოში სიკვდილიანობა 1.34 პროცენტია, რაც ევროპის 22 ქვეყანას და თვით აშშ-ზე დაბალი მაჩვენებელია (ცხადია, თითოეული ადამიანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია, უბრალოდ, ახლა ჩვენ შიშის ძალდატანებით გაფართოებულ თვალებზე ვლაპარაკობთ).

ამასობაში კი იძულების დადებითი მექანიზმებიც ჩაერთო, სახელდობრ: რესტორნების ნაწილმა განაცხადა, მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ მომხმარებლებს მოვემსახურებითო (წესით, ბუსტერიანებს ღორის კანჭიც ეკუთვნით უფასოდ), ამირან გამყრელიძემ ლატარიის გათამაშებას მიჰყო ხელი (სრულად ვაქცინირებულთა შორის ერთი 20 000 ლარსაც გამოჰკრავს ხელს), იუსტიციის სახლმა კი რამდენიმე უსასყიდლო მომსახურება შესთავაზა (ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა; ასევე, უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება და წინასწარი ჯავშნის გარეშეც მოგემსახურებითო).

ყველა ისე უეცრად გაკეთილდა, რომ არ გამოვრიცხავ, სანამ ეს მასალა დაიბეჭდება ან ამ წამს, როდესაც თქვენ მას უკვე დაბეჭდილს კითხულობთ, სრულად აცრილთათვის (ოღონდ გამაგებინა – რამდენია ეს „სრული“, იმიტომ რომ სამხრეთ აფრიკაში კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოუჩენიათ) სამოთხეში გარანტირებული მოხვედრის გარანტიაც იყოს უკვე გაცემული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი