პოლიტიკა

განძმობილება?!

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 08.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „პირიქითაა, ასინეთა“...

თუმცა ჩვენ გვეგონა, რომ აზერბაიჯანი და ისრაელი მეტისმეტად დაძმობილდნენ (ბოლოს და ბოლოს, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მიიტანა ისრაელმა თავისი დრონებით ირანზეო) და თურქეთსა და ისრაელს შორისაც დალაგდა ურთიერთობა (მიუხედავად ბ-ნი ერდოღანის შიგადაშიგ მწვავე განცხადებებისა, მაგრამ ეს, უბრალოდ, მისი სტილია), აღმოჩნდა, რომ საქმე ცოტა სხვაგვარადაა (იმიტომ, რომ გეოპოლიტიკა ოხერია) და ისრაელის პრემიერმა ფრიად უცნაური რამერუმეები განაცხადა სატელევიზიო ეთერში. სახელდობრ, ოსმალეთის სამართალმემკვიდრე თურქეთს ბრალი დასდო სომხების, ბერძნებისა და ასურელების გენოციდში, იქვე კი ისრაელის დაუნდობელი და ეფექტიანი ბრძოლაც ახსენა ისლამისტების წინააღმდეგ (ერთადერთები ვართ ამ საქმეშიო, ხოლო ისლამისტებად თურქებიც მოიაზრა) და მართალია, თურქეთის სახელმწიფომ უპასუხა, თავად აწყობ გენოციდსო (ცხადია, ღაზაში), ზემონახსენებ ინტერვიუში ჩვენთვის საინტერესო უფრო ის პასაჟია, როდესაც ბ-ნმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისლამისტების ახალი კოალიცია იქმნება – ისრაელი-საქართველო-სომხეთი. ოღონდ არ დაუკონკრეტებია, საქართველომ და სომხეთმა თუ იციან, რომ, ჯერ ერთი, ასეთი კოალიცია იქმნება და, მეორეც, თავად არიან ამ კოალიციის წევრები.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ისრაელი, ძირითადად, აშშ-ის მითითებებს ასრულებს და პირიქითაც, თავადაც დიდი გავლენა აქვს აშშ-ის სახელისუფლო შტოებზე, ჩნდება ეჭვი, რომ ისრაელის პრემიერის ეს განცხადება დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში უნდა აღვიქვათ და არც ის გახლავთ შემთხვევითი, რომ სწორედ ახლა გაახსენდა თურქეთის პრეზიდენტს, ეგრეთ წოდებული, ახისკა თურქების საქართველოში ჩამოსახლების საკითხი, რამაც, ბუნებრივია, ქართველ საზოგადოებაში აგრესია გააჩინა (საერთოდაც, ცოტა რთულია, გიყვარდეს შენი საუკუნეების განმავლობაში მოსისხლე მტერი), თუმცა ეს ყოველივე იმ ეჭვსაც აღძრავს, რომ ისრაელის პრემიერის განცხადების მიზანიც ამ აგრესიის გამოყენებაა, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის მგონია, რომ ეს აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირე ისრაელი რომ აზერბაიჯანის სტრატეგიულ მოკავშირესა და სისხლისმიერ ძმა თურქეთს უპირისპირდება და აწ უკვე საქართველოსა და სომხეთთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა