პოლიტიკა

გამოიყენებენ თუ არა მაიმუნის ყვავილის ვირუსს საქართველოში ბავშვების მასობრივი და სავალდებულო ვაქცინაციისთვის სკოლებში

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 05.09

ფატი კიპაროიძე
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც კოვიდი მოულოდნელად დაგვატყდა თავს და ასევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც კი რუსეთ–უკრაინის ომი დაიწყო; რუსეთ–უკრაინის ომი მესამე წელია, გრძელდება და ვარაუდობენ, რომ ის უფრო „ნატო“–რუსეთის ომია; არანაკლებ რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში; ახლა უკვე ჯანმოც გააქტიურდა – განგაშის ზარები დაარისხა, ეგრეთ წოდებული, მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამო – პანდემია არა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა კი გამოცხადდა. ემი ჯგუფის თავმჯდომარესთან, ფატი კიპაროიძესთან, ერთად ვისაუბრებთ ახალი ვირუსის გარშემო ამტყდარ ვნებათაღელვაზე.

– თუმცა ახალ ვირუსს კოვიდპანდემიის მიმდინარეობისასაც აანონსებდნენ, რას უკავშირებთ მაიმუნის ყვავილის გამოჩენას ვირუსების ფრონტზე, უკრაინაში ომი მიდის ფინალისკენ?

– სწორი კითხვაა, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც ცხადდება ახალი ვირუსი, ის უკავშირდება რამე განსაკუთრებულ მოვლენას. დღეს მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და ყურადღების გადატანა ხდება სხვა საკითხებზე. ზოგადად, ჯანმო შექმნილია იმისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ნაბიჯი გადადგას, რათა გარკვეულ ძალებს მისცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება და ზუსტად ეს გაკეთდა ახლაც. ყველამ კარგად ვიცით, რა პოლიტიკური ვითარებაა, მთელ მსოფლიოში საგიჟეთია, ფაქტობრივად, თუმცა მაიმუნის ყვავილი კარგად ვერ გათვალეს, ვინაიდან ეს არ არის ის ვირუსი, რაც შეიძლება, გამოიყენონ პანდემიის გამოცხადების საფუძვლად. იმასაც გეტყვით, რომ ჯერ პანდემიას ვერც გამოაცხადებენ, რადგან ვერ მიაღწიეს იმ კანონის მიღებას, თუ როგორ შეიძლება, გამოცხადდეს პანდემია და იცით, რომ ვერ მოეწერა ხელი შესაბამის ხელშეკრულებას.

– ამის კითხვა მინდოდა: ჯანმოს მიერ პანდემიისას მართვის საკუთარ თავზე აღების ხელშეკრულებასთან რა კავშირი აქვს მაიმუნის ყვავილის ვირუსს?

– სხვათა შორის, საქართველოშიც ვითომ კოვიდფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ძალები და კოვიდვაქცინაციის აშკარა მომხრეებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები ამ ხელშეკრულებისადმი. ეს გადაიდო ერთი წლით, თუმცა იმისთვის, რომ ჯანმომ აიძულოს ჯანმოს წევრი ქვეყნები და დააჩქაროს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, საჭიროა კიდევ ერთი ახალი პანდემია, იმის საჩვენებლად, რომ აუცილებელია მსგავსი ხელშეკრულების მიღება. მოხდა ისე, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა, როგორც თავად უწოდებენ თავს, უარი განაცხადეს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, იმიტომ რომ არავის უნდა საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვა.

– და იმ ქვეყნების ხელისუფლებებს არც საკუთარი ძალაუფლების დაკარგვა უნდათ.

– რა თქმა უნდა. თუ კარგავ შენი ქვეყნის სუვერენიტეტს, კარგავ ძალაუფლებას, შენს ქვეყანაში კარგავ შეიარაღებულ ძალებს, კონსტიტუციის მოქმედება ჩერდება, ისევე, როგორც სასამართლო, პოლიცია, ყველა ადმინისტრაციული ორგანი – ისინი ექვემდებარებიან ჯანმოს. როდესაც ეს გაისიგრძეგანეს, ცხადია, უარი განაცხადეს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, მაგრამ ჯანმოს მიზანია, მორიგი განგაში ატეხოს, მორიგი ვირუსის გააქტიურება გამოაცხადოს, რომ როგორმე დააჩქაროს ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან მაიმუნის ყვავილს თვით კოვიდპანდემიის მხარდამჭერი ექიმებიც კი არ მიიჩნევენ სერიოზულ საფრთხედ, მით უმეტეს, საქართველოსთვის. მაიმუნის ყვავილის ვირუსს იგივე სიმპტომები აქვს, რაც ჰქონდა ყვავილს.

– მოსახლეობის უმეტესობა, ხომ, აცრილია ყვავილზე?

– გასული საუკუნის 80–ან წლებში დამარცხდა ყვავილი და მისი აცრა გაუქმებულია, იმიტომ რომ ის აღარ არის ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება, ლეტალური შედეგი მოიტანოს. კონგოშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ განგაშის ზარები შემოჰკრეს, ჯერ ამ ვირუსით გარდაცვლილი არ არის.

– მე ვნახე მონაცემები, თითქოს სიკვდილიანობის შემთხვევებიც არის და იმატაო.

– გაიზარდა გავრცელება. გრიპის ვირუსი ხომ ვრცელდება, იმიტომ რომ გადამდებია?! მაიმუნის ყვავილი კი ვრცელდება ახლო კონტაქტით. ძირითადად, ოჯახის წევრებს შორის. ეს ვირუსი მაინც ენდემურ სახეობად ითვლება. ახასიათებს სიმპტომები, რაც დამახასიათებელია ჩვეულებრივი გრიპისთვის, რესპირატორული გზითაც ვრცელდება და სქესობრივი გზითაც, მაგრამ, ასევე, დაინფიცირებულის ნივთებთან შეხებით, ანუ გავრცელების კერა და საშიშროება არ არის ისეთი, როგორიც კოვიდის დროს იყო. ამდენად, მან არ შეიძლება, პანდემია გამოიწვიოს. თუმცა თქვენ გახსოვთ ღორის გრიპი, ქათმის გრიპი, რომლებითაც შიშის ზარს სცემდნენ ხალხს და აპანიკებდნენ. ასეთივე შიშის ზარის მომგვრელი უნდა ყოფილიყო მაიმუნის ყვავილის ვირუსიც, რომელიც აი, აფრიკის 13 ქვეყანაშია გავრცელებულიო. სხვათა შორის, პირველი ქვეყანა, რომელიც გამოცხადდა გავრცელების ადგილად, ჯანმოს ხელმძღვანელის ქვეყანაა, სადაც ის დღესაც ძებნილია საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის. ერთი სიტყვით, მაიმუნის ყვავილი ვერ მისცემს ჯანმოს იმის საფუძველს, რომ ახალი ჩაკეტვები გამოაცხადოს, ვინაიდან ეს არ არის ვირუსი, რომელიც გარდაცვალების ფაქტებს დაუდებს. ის იკურნება. გრძელდება 5-13 დღეს, შეიძლება, უფრო დიდხანსაც, მაგრამ, რაც მთავარია, იკურნება. თუმცა, ძალიან არ მომეწონა ერთი განცხადება, რომელიც ჩვენმა, ეგრეთ წოდებულმა, ინფექციონისტებმა გააკეთეს. განსაკუთრებით, ბავშვებს ემართებათ მძიმედო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინფექციური დაავადება ბავშვისთვის მძიმე გადასატანია და ესეც ასე იქნება, მაგრამ მე ამას ვუკავშირებ ზუსტად იმ განცხადებებს, რომ სექტემბრიდან საქართველოში აპირებენ ბავშვთა საყოველთაო ვაქცინაციას.

– როგორ შეიძლება, დააპირონ, მშობლის ნებართვის გარეშე? ჩემი შვილიშვილი მიდის სკოლაში წელს და გავაფრთხილეთ უკვე, რომ არ დაემორჩილოს არანაირ სამედიცინო მანიპულაციას და დარეკოს მაშინვე სახლში.

– მშობელმა ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას სკოლასა და მშობელს შორის, რომლის მეოთხე მუხლი სწორედ ამას ითვალისწინებს. დააკორექტირეთ, იმიტომ რომ, თუ რამეს მოაწერთ ხელს, ესე იგი, პირდაპირ ანიჭებთ უფლებას სკოლას, მართოს თქვენი და თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ჯანმრთელობისაც და მშობელი აღარ ერევა ამ საკითხებში. ამდენად, ვიდრე ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, წაიკითხეთ, რაზე აწერთ ხელს.

– მე ყველაფერს ვკითხულობ, რაზეც ხელს ვაწერ.

– დიახ. ამდენად, მაიმუნის ყვავილი შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს ბავშვების მასობრივი ვაქცინაცია, როგორც ეს დაანონსებული იყო. ალბათ, იცით, რომ გაზაფხულიდან, განსაკუთრებით, კახეთის რეგიონის სკოლებში, ბაღებში პატარა ასაკის ბავშვების მშობლებთან ჩატარდა ამირან გამყრელიძის უწყების წარმომადგენლების შეხვედრები ბავშვთა ვაქცინაციის სიკეთეების შესახებ. თბილისშიც ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან, თუ როგორ უნდა გასწიონ ბავშვების ვაქცინაციის პროპაგანდა. თუმცა აღარ მგონია, რომ მშობლები ამ ანკესზე წამოეგონ და იმედია, აღარავის სჯერა, რომ ვაქცინა რაღაცას შველის და თუ არ გაიკეთებთ, დავიღუპებით. აქვე მინდა, გითხრათ, რომ მაიმუნის ყვავილის ვაქცინა ჯერ არ შეუქმნიათ.

– მეც გამიკვირდა, საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ, მაგრამ ვერსად მოვიძიე ინფორმაცია, რომ ვაქცინაზეც მუშაობენ.

– არავინ მუშაობს ვაქცინაზე. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც აცრები გასული საუკუნის 80-იან წლებში შეწყდა, მოქმედებს მაიმუნის ყვავილზეც, იმიტომ რომ ეს იდენტური ვირუსებია. მაიმუნის ყვავილი რომ მძიმე ვირუსი იყოს, ვაქცინას არ შექმნიდნენ?! ერთ დღეში ექნებოდათ. რაც შეეხება საქართველოს: ეს ვირუსი ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად საშიშია. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ჩვენთან ყვავილის აცრა სავალდებულო იყო და თითქმის ყველანი აგვცრეს; მეორე, იმ ქვეყნებიდან, სადაც გავრცელდა ეს ვირუსი, ჩვენთან შემოდინებაც ნაკლებია და ჩვენგან მიგრაციაც. ამასთანავე, მაიმუნის ყვავილი ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, რომელთა მიმართაც ჩვენს ხალხს ჩამოყალიბებული აქვს წინააღმდეგობის უნარი. კოვიდის პერიოდში ჩვენმა ორგანიზმმა ძალიან დიდი იმუნიტეტი გამოიმუშავა. ამ ორი ვირუსის სიმპტომები კი ერთმანეთს ემთხვევა, განსხვავება ისაა, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსს არ ახასიათებს სუნთქვითი პრობლემები. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი იმუნიტეტი ისედაც მაღალია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო და, შესაბამისად, ჩვენი ორგანიზმი უფრო მეტად ბრძოლისუნარიანია, რაც აჩვენა კოვიდის ვირუსმაც, რომ არა ის 17 000 გარდაცვლილი, რომლებიც, ფაქტობრივად, მოკლეს. მეტიც, ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას და ამის მიზანია, რომ ჯანმოს პოლიტიკა გაატაროს, იმიტომ რომ ლუგარის ლაბორატორიიდან ამას ვეღარ გააკეთებს. იცით, რომ 2025 წლიდან დაფინანსება შეუწყდა ლუგარის ლაბორატორიას, იმ დარღვევების გამო, რომლებიც ჰქონდათ, თუმცა გამყრელიძე ისედაც მოხსნილი იყო და ემი ჯგუფი არ მისცემს საშუალებას, რომ ჯანმოს რომელიმე ნარატივი დაკანონდეს საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 17 000 კოვიდგარდაცვლილის მკვლელობისთვის დაისაჯოს ყველა, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

თქვენ წარმოიდგინეთ ივანე ჩხაიძეც კი, ვინც ვაქცინაციის ერთ–ერთი მედროშე იყო კოვიდის პერიოდში, აღიარებს, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი საქართველოსთვის, მით უმეტეს, ჯერჯერობით, საშიში არ არის, და, ზოგადადაც, არ მიგვაჩნია, რომ ეს ვირუსი არ იკურნება. ბევრ სპეციალისტთან გვქონდა კონსულტაციები, მაქსიმალურად შევისწავლეთ მაიმუნის ყვავილის ვირუსი და მიგვაჩნია, რომ ეს საშუალებაა, რომ ჯანმოს მიეცეს ქმედითი ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რომ გამოიყენოს ეს ხელოვნური პანიკური შიში, რათა ქვეყნებს აიძულოს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.

– იმუნიტეტი ახსენეთ და, თუკი პატარები არ აუცრიათ ყვავილზე, დედის ორგანიზმიდან გადაყვათ ის იმუნიტეტი?

– რა თქმა უნდა. შესაბამისად, მაიმუნის ყვავილის ვირუსი გადადის ოჯახის წევრებს შორის. ძირითადად კი, მოგზაურობს უფროსი თაობა, რომლებიც აცრილები არიან, ანუ მათი ორგანიზმი მედეგია და ნაკლებად ემუქრებათ საშიშროება. გავიმეორებ, ყვავილი აღარ არის ის ვირუსული დაავადება, როგორიც ადრე იყო: ყვავილი თუ შეგხვდებოდა, დაიღუპებოდი. მაგრამ ახლა აცრა აღარ სჭირდება. არსებობს მკურნალობის მეთოდი, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, სისუფთავე დავიცვათ, მაგრამ ის, რომ მაიმუნის ყვავილი კიდევ ერთი პანდემიის საფუძველი გახდეს, გამორიცხულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა