პოლიტიკა

გამეტებულები

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 04.01, 2022 წელი

გამეტებულები
დაკოპირებულია

ანუ უმადურობის აზარტული ხიბლი

მართალია, სამხრეთული ბუნებისანი ვარ, მაგრამ აზარტული თამაშებისამდი მიდრეკილება მხოლოდ ამით არაა განპირობებული: თამაშობანი ღარიბი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, ცხადია, უეცრად გამდიდრების მოტივით, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ამბავი უფრო და უფრო აღარიბებს ამ ჩვენს ისედაც გზააბნეულსა და ღარიბ მოსახლეობას. და თუმცა, ჩემი აზრით, ზრდასრულმა ადამიანმა თავად უნდა შეძლოს თავის ვნებებთან გამკლავება და სახელმწიფო ზედამხედველის როლში არ უნდა იყოს, მაინც მისასალმებელია პრემიერის ინიციატივა, რომელიც მესამე მოსმენით დაამტკიცა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ. ასეა თუ სხვაგვარად, 2022 წლის პირველი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ: 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან, ეგრეთ წოდებულ, „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით და, რაც მთავარია, იზრდება საგადასახადო წნეხი.

ამ ამბავმა დიდი არეულობა გამოიწვია სპორტულ სამყაროში და ჩვენმა ყველაზე სახელოვანმა სპორტსმენებმა სათამაშო ბიზნესს მხარდაჭერა გამოუცხადეს, მოტივით, ხელს გვიმართავენ, ანუ გვასპონსორებენო. რადგან სათამაშო ბიზნესმა დაიჩივლა, საკანონმდებლო შეზღუდვების გამო (გადასახადების გაზრდის გამო) სპორტს ვეღარ დავასპონსორებთო (რთული სათქმელია ერთი ოქროს მედალი გადაწონის თუ არა ერთ დაკარგულ ან გზააბნეულ სიცოცხლეს, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა).

საბოლოოდ, კანონპროექტში წერია, რომ სათამაშო ბიზნესს დასპოსპონსორების უფლებას უტოვებენ, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ჩვეულებისამებრ, არ დაიზარა და მაშინვე დააყარა ტალახი ჩვენს სპორტსმენებს, რომელთა გამარჯვებებსაც არაერთი ბედნიერება მოუნიჭებია ჩვენთვის. ჰოდა, მინდა, მოგახსენოთ, რომ ვერაა სანაქებო საქმე ასე იოლად მათი გამეტება, რომლებმაც არაერთხელ გვაგრძნობინეს თავი სრულფასოვან ადამიანებად, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვთ. ვინაიდან, ასე ხელის ერთი მოსმით რომ შეგვიძლია ერთმანეთის გამეტება, იმიტომაცაა ჩვენი საქმე ისე, როგორცაა. ვითომ თქვენ არაფერი შეგშლიათ?! მაშინ, როდესაც მზე რომ მზეა, მასაც კი აქვს დიდრონ-დიდრონი ლაქები?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი