გალაყებული დემოკრატია?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.11
ანუ გიჟზე გიჟი არ დაილევაო
ვიცით, რომ ოკეანისგაღმა არჩევნებს ელიან, ხოლო, რადგან, როდესაც თქვენი თვალები და ჩემი ნაწერი ერთმანეთს შეხვდებიან, არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება, ვფიქრობ, კიდევ უფრო უცნაური და სახალისო ამბების მომსწრენიც შევიქნებით მათგან, რომლებმაც დემოკრატიის აკვანი დაარწიეს და, როგორც ჩანს, ისე მძლავრად მოუვიდათ ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ დემოკრატია ცოტა გამოლაყდა, ანუ იქაური არჩევნები და პოლიტიკოსების ლექსიკა ერთმანეთის მისამართით მათ მიერ განვითარებადად წოდებული ქვეყნების მოსახლეობის იმავე უნარებს, საცაა, „გადაუჯოკრავს“ (პირადად მე ველი, როდის უთავაზებენ ერთმანეთს ცხვირ-პირში, თუ დამსგავსებაა, დამსგავსება იყოს!). მაგრამ, მიუხედავად ასეთი მძაფრი ვნებათაღელვისა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის თვით ბ-ნმა ბლინკენმაც კი მოიცალა: მოგვიწოდებს, გავერკვეთ, ვინ რა გააყალბა, ხოლო, თუ არ გააყალბა, გამჭვირვალებისა და ოჯახური ღირებულებების კანონები სასწრაფოდ გაუქმდეს, რომ განვაგრძოთ მძლავრი დემოკრატიის შენება, ევროკავშირიც გელოდებათო (ნაღალატევი გული უნდა გიჩვენოთო).
მეორე მხრივ, პირადად მე ამდენი წელია, ველოდი, რომ ულტიმატუმად სასამართლოს თავისუფლებას წამოგვიყენებდნენ, მაგრამ, ვაი რომ, მწარედ მოვტყუვდი და დასავლური ცივილიზაციის ეს ნალოლიავები მიღწევა ჩამოლაბორანტდა: აქეთ – „ელ გე ბე ტე ქიუ აი ეს ესამდე“ („ეს ეს“ ორ სულს ნიშნავს, თურმე, ვინაიდან ზოგიერთის აზრით, ორსულაა), იქით – დასავლეთიდან რომ ფული მოდის, ჭეშმარიტმა მედასავლეთემ, მისი მიზნობრიობა არ უნდა იკითხოს, ვინაიდან ასეთ ფულს მხოლოდ უმწიკვლო მიზნები თუ ექნებაო.
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჯერჯერობით ამერიკული წინასაარჩევნო გარემოს მარგალიტი მაინც ის მგონია, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა საპრეზიდენტო კანდიდატ ტრამპის ამომრჩეველს (ანუ თითქმის ნახევარ ამერიკას) ნაგავი რომ უწოდა, ხოლო არც თუ დიდი ხნის წინ თავად სახმდივან ბლინკენის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა კი ელონ მასკს – პუტინის აგენტი (ვითომ ვლადიმირისთვის იმზადებს მასკი მარსს?!). აი, დონალდ ტრამპმა კი ზემონახსენები შეფასების შემდეგ ნაგვის მანქანით აისეირნ-ჩაისეირნა. მოკლედ, როდესაც უფროსი ასე ანცობს, ჩვენ, მის ქვეშევრდომთ, სხვა არაფერი დაგვრჩენია, იმას გარდა, რომ დარდიმანდულად წამოვგორდეთ, პოპკორნი მოვიმარაგოთ, ზედაც, „კოკა-კოლა“ მივაყოლოთ და სანახაობით ვისიამოვნოთ, იქნებ დემოკრატიას რამე გავუგოთ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან