გაყლორტილი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.09
ანუ თვით შეეყრება სნებასა?!
მართალია, პირადად მეც დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული ღირებულებები ქრისტიანულს ეფუძნება (ვინაიდან ეს ქრისტიანული ცივილიზაციაა, გინდა თუ არა) და ისაა, რაც ევროპელი კლასიკოსების ნაწარმოებებში ამომიკითხავს, სამწუხაროდ, მმართველ რგოლებში ნეოტროცკიზმი უფრო მძლავრობს (ვიმედოვნებ, დროებით). სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ევროკავშირმა აწ უკვე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი აითვალწუნა, განსაკუთრებით, მისი მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღება. ევროკავშირი ამას გმობსო, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. ცხადია, იკითხავთ, რატომო? რატომ და იმიტომ რომ (მომყავს ციტატა): „პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.“
ბუნებრივია, ბებერმა ევროპამ უკეთ იცის თავისი საქმის, მაგრამ, თუ სრულწლოვანი გადაწყვეტს, ბოლოს და ბოლოს, რა სქესის უნდა, რომ იყოს, როგორ უნდა შეუწყოს ამან ხელი დისკრიმინაციას?! როგორც უნდა იყოს, ევროკავშირი წუხს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ეგზომ მნიშვნელოვანი დოკუმენტი (რათა, მათ შორის, ბავშვს უფლება ჰქონდეს, თავად აირჩიოს, რა სქესის უნდა, რომ იყოს, ჩაიტაროს ოპერაცია და მიიღოს ჰორმონალური მედიკამენტები) „სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული.“
ამიტომაც ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ხსენებულ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს (მიაქციეთ ყურადღება – სრულად!), ვინაიდან ის უფრო ძალუმად აქუჩებს შავ ღრუბლებს საქართველოს თავზეო (მოგეხსენებათ, პირველი შემქუჩებელი, ცხადია, შავი ღრუბლებისა რუსულად წოდებული კანონია), ანუ „ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.“
მე არ ვიცი, რატომ ჩააბჟირდა დასავლეთი, მაინცდამაინც, იდენტობასა (150-ზე მეტი იდენტობაა უკვე) და ერთნაირსქესიანთა დაქორწინების გარდაუვლობას, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც დედამიწის დემოგრაფიული შემადგენელი აშკარად არაა ევროპული ცივილიზაციის სასარგებლოდ ან ასეთი რა გამძლე თესლი ჩათესა ლეიბა ბრონშტეინმა, რომ ტროცკიზმი დემოკრატიის აკვანშიც კი გაიყლორტა?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან