ევრობიუროკრატიის ვნებანი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00 06.05

ანუ ტერორისტები და დემოკრატები
სანამ ჩვენ იმაზედ ვჭმუნავდით, თუ როგორ ევლებიან თავს ევროკავშირლები სირიის ახალ მთავრობას, მაშასადამე, ყოფილ ტერორისტებს, „ლე ფიგარომ“ დანარჩენ მსოფლიოს აუწყა იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც ევროპიდან ფინანსდებიან და ისლამის პროპაგანდას ეწევიან.
სახელდობრ, არასამთავრობო ორგანიზაციების ევროკავშირის მიერ დაფინანსების კვლევას დაუდასტურებია, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ევროპული ბიუროკრატია იყო მთავარი დონორი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ხელს უწყობდნენ რადიკალურ ისლამურ მოძრაობებს მთელ მსოფლიოში (რატომ ტირანები არ გაიცინებენ?!). ბუნებრივია, მე არ ვიცი, რა რეაქცია ექნებათ ევროკავშირში (ან კი ვის უნდა ჰქონდეს რეაქცია, თუ ევროკავშირის ბიუროკრატია ამ საქმეში იყო ჩაბმული?!) ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებსა და შესაბამის სამსახურებს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ყველა დიდი სახელმწიფო სხვადასხვა დროს აფინანსებდა ტერორისტულსა თუ სეპარატისტულ დაჯგუფებებს, წესითა და რიგით, ჩვენნაირი გულუბრყვილოების გარდა არც არავის უნდა გაკვირვებოდა გამომზეურებული.
მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ ასეთი კვლევები უფრო და უფრო მეტ მსგავს ფაქტს გამოავლენს, რაც, სავარაუდოდ, არც არის დიდად სავიშვიშო, ვინაიდან, რუსეთისთვის დაწესებული რამდენიმე ათეული ათასი სანქციის მიუხედავადაც, ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს მასთან ვაჭრობა არ შეუწყვეტიათ (იმ სეგმენტში, რაც მათი ინტერესია). ხოლო, რაკი ტერორისტებთან ლაციცი არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ (აშკარაა, სწორედ მაშინ, დასავლეთი რომ დასავლეთობდა და რომანტიზმისა და ამაღლებულ დემოკრატიულ საბურველში იყო გახვეული), ჩნდება ეჭვი, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოყალიბდეს, უბრალოდ, პროცესი გააშიშვლა (კეთილშობილური პოზების დრო არ არის). აქედან გამომდინარე კი, ეჭვია, რომ მილიონების სიკვდილი სტატისტიკაა, თანაბრადაა ორგანული როგორც ტირანებისთვის, ისე დემოკრატიის აკვანში დაულვაშებულებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან