პოლიტიკა

ელასტიკური, მაშასადამე

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 17.05, 2022 წელი

ელასტიკური მაშასადამე
დაკოპირებულია

ანუ მაინც შერაცხადი ყოფილა

გასულ კვირას რფ-სა და ისრაელს შორის ისეთი ვნებათაღელვა დატრიალდა, პრ. პუტინს ლამისაა, უკრაინაში ომიც გადაავიწყდა. სახელდობრ, რუსეთის ნომერ პირველმა უცვლელმა დიპლომატმა ლავროვმა იტალიური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ებრაელები მთლად დადებითი კონტექსტითაც არ ახსენა: ჰიტლერის ებრაული სისხლიც გაიხსენა და დააბრეხვა, რომ „ყველაზე მხურვალე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან.“

ბუნებრივია, ისრაელში მყისვე დაიბარეს რფ-ის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის, ხოლო „ბი ბი სიმ“ პირველადი ვერდიქტიც გამოიტანა: რუსი მინისტრის სიტყვები ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში შეიძლება, მძიმე გამოცდად იქცესო. მეორე მხრივ, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა შესაძლოა, უკრაინას „რკინის გუმბათიც“ გადასცეს და იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც იარაღს აწვდის, დართოს იმ იარაღის უკრაინისთვის მიწოდების ნება, თუმცა მოვლენები მოულოდნელი ქარგით განვითარდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს რუსეთის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხდომის გამო (ანუ ფრიად ელასტიკურად, მაშასადამე მოქნილად დაფაცურდა).

ცხადია, ჩვენ არ ვიცით, მოულბება თუ არა გული ისრაელს რუსეთისადმი, თუმცა, თუ პუტინის ამ ჟესტით ვიმსჯელებთ, ნათელი ხდება, რომ რფ-ის პირველკაცი, სულაც, არ ყოფილა შეურაცხადი, რაც, ჩემი აზრით, მეტად სამწუხარო მოვლენაა (აჯობებდა, პირიქით ყოფილიყო), ვინაიდან, თუ საღ ჭკუაზე მყოფი სჩადის, რასაც სჩადის, საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი