პოლიტიკა

„ძაღლი შინ არ ვარგოდაო“

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 14.01

მასკი
დაკოპირებულია

ანუ ბუმერანგის მადლი...

მაშინ, როდესაც (და ახლაც) ლამის მთელი დასავლეთი ერთხმად ამტკიცებს, რომ პიროტექნიკის სროლა, სულაც, არ ნიშნავს აგრესიულობას (უვნებელი ფორმააო პროტესტის), ხოლო ბუმერანგი უნივერსალური პრინციპით მუშაობს ან იქნებ სულ სხვა მიზეზებითაც, თუ მთლად მთელმა ევროპამ არა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ბელგიამ საკუთარ ტყავზე იწვნიეს პორიტექნიკის ძალა და მადლი. ბოლო სამ ქვეყანაში ადამიანებმა არა მარტო გადაწვეს ავტომანქანები და გარემო, არამედ პოლიციის მანქანებსაც დაესხნენ თავს, გერმანიაში – სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი ესროლეს ცეცხლოვანი ფოიერვერკები, საფრანგეთში 1 000-მდე ავტომობილი დაიწვა (შარშანდელი რეკორდი მოიხსნა) და ფრანგულმა პოლიციამ განაცხადა, რომ აკრძალული და ძალიან საშიში პიროტექნიკა გამოიყენესო (და მერე რა, რომ არააკრძალულიც წვავს?!).

მეორე მხრივ, თუკი თბილისში, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, გერმანიაში, სამწუხაროდ, პოლიციასა და ფოიერვერკების მოყვარულ მოსახლეობას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. რამდენიმე ასეული ადამიანია დაკავებული ცალ-ცალკე როგორც გერმანიაში, ისე საფრანგეთსა და ბელგიაში (თუმცა მათი, როგორც მშვიდობიანი მოფიორვერკების გათავისუფლებას, რატომღაც, არავინ ითხოვს).

ხოლო აშშ-ში ახალი წლის ღამიდან მოყოლებული სამი ტერაქტი მოხდა (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო). მათ შორის, ერთი ტერაქტი ლას-ვეგასში ტრამპის ერთ-ერთი სასტუმროს წინ განხორციელდა, როდესაც საწვავითა და ფოიერვერკებით სავსე Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, რის შედეგადაც, საუბედუროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა.

ბუნებრივია, დასავლური ქვეყნები მიხედავენ თავიანთ თავს, მაგრამ აშკარაა, არც დასავლეთისთვის დაუკარგავს აქტუალობა შეგონებას: ძაღლი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ქვეყნების მთავრობები) შინ არ ვარგოდა, სანადიროდ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოსთვის ჭკუის სასწავლებლად) გარბოდაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა