პოლიტიკა

დემოკრატიის სამსხვერპლო

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 29.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ შეშფოთებით შეშფოთებული

მართალია, დასავლეთს თავისი გასჭირვებია (სხვა რომ არაფერი: ევროპაში ფიცო დაჭრეს, აშშ-ში კი – საარჩევნო კამპანიისას თვით ტრამპს ესროლეს, ხოლო ის ცალკე უბედურებაა ევროპარლამენტარები და თეთრი სახლის ზოგიერთი ჩინოსანი ამ ბოლო დროს რომ ბოლშევიკურ რიტორიკას სწყალობენ და უმეტესწილად გადაცმული ტროცკისტების შთაბეჭდილებას ტოვებენ), სულ ახლახან ბრიტანულმა The Guardian-მა გვამცნო, რომ დასავლეთში ფრიად და ფრიად აშფოთებთ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა.

შეშფოთება კი იქაურ ექსპერტებს დაუფლებიათ, იმდენადაც კი, რომ განგაშის ზარებს არისხებენ, რაც შეიძლება, მალე უნდა ვიხსნათ ქართული დემოკრატია რუსეთის კლანჭებიდანო (არადა, 2008 წელს ასეთივე ინტენსივობით რომ ერისხებინათ, გინდა ზარები და გინდა – სხვა რამ, ვიხსნათ ქართული მიწები რუსული ოკუპაციის კლანჭებიდანო, იქნებ დღეს სხვანაირი მსოფლიო თუ არა, სხვანაირი დასავლეთი ყოფილიყო).

მეორე მხრივ, მე არ ვიცი, როგორ აპირებენ დემოკრატიის ხსნას საქართველოში (ან რა აქვს დასახსნელი – როდესაც დასავლეთის მედიაში ისეთი ცენზურაა, საბჭოთა ცენზორები საფლავში ბრუნავენ დაბოღმილები, პათოსით, უარესის უარესი არ დაილევაო), მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ აშშ-რუსეთის გეოპოლიტიკური ჯახი არამც და არამც არ გულისხმობს აშშ-სა და რფ-ის სამხედრო დაპირისპირებას (კონკრეტულად ამერიკული სისხლი ძვირად ფასობს ამერიკული სახელმწიფოსთვის, ხოლო რუსეთში ოხრად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, რომლებსაც, როცა მოესურვება, იქ და მაშინ გამოიყენებს კრემლი, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოს დევიზია მიწები და არა ადამიანი), ხოლო აშშ შესანიშნავად აღწევს თავის მიზნებს დემოკრატიის დაცვის სახელითა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების ტყავით (უკრაინის შემდეგ რიგში აღმოსავლეთ ევროპაა, ვარაუდობენ, პოლონეთის თამადობით).

ბუნებრივია, თითოეული სახელმწიფო თავად საზღვრავს, რა რად უღირს (ერთხანს ჩვენც ხომ ვიცავდით ავღანეთში მსოფლიო დემოკრატიას?!) ან რას მიიტანს დემოკრატიის სამსხვერპლოზე (ანუ რა ზომის ძმათა სასაფლაოს, თუ მაინც ამერიკული თვითმფრინავის ფრთებზე მოუწევს ჩამოკონწიალება), მაგრამ ბრიტანელი ექსპერტების გამო კი ორმაგად ვშფოთავ: ჯერ ერთი, რომ ეგრე არ დარჩნენ და, მეორეც, მეც მსგავსი ბედი არ გავიზიარო მათი შეშფოთებით შეშფოთებულმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა