დამტკბარ-დათაფლულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 18.11
ანუ სწავლა „აკვნიდან“ „შუქურამდეო“
ამერიკული არჩევნები ისე გასრულდა, ვითარცა ტკბილი სიზმარი და მხარეებიც ისე ჩაუტკბნენ ერთმანეთს, თითქოს ისეთები არ ეკადრებინოთ, როგორც ჩვენთან ამბობდნენ, ყურში რომ არ შეიშვებოდა. საბოლოოდ, აშშ-მა იმიჯი შეინარჩუნა და დემოკრატიის აკვნად დარჩა (თუმცა პირადად მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არჩევნები, სადაც უნდა ტარდებოდეს ის, მაინც მეტად ხელოვნური რამაა და მის შედეგს განსაზღვრავს გეოპოლიტიკური ინტერესები და ნაკლებად – ხალხის რეალური არჩევანი, იმის გათვალისწინებითაც, რომ ხალხმა, თავისი მასობრიობით, ვითომ იცის, რა არის სწორი და არასწორი?! მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა).
წინასაარჩევნო პერიოდში გაგულისებულმა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების შემდეგ განაცხადა (მომყავს ციტატა): „200 წელზე მეტია, ამერიკა ატარებს მსოფლიოს ისტორიაში თვითმმართველობის უდიდეს ექსპერიმენტს. ეს არის ფაქტი, სადაც ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს საკუთარ ლიდერს და ამას აკეთებენ მშვიდობიანად. ჩვენ ვართ დემოკრატიაში, სადაც ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს. გუშინ მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს. მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე, რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ, რომ იმუშაონ მის გუნდთან ერთად ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს (ვფიქრობ, აქ საკვანძოა: „ამერიკელი ხალხი იმსახურებს“, იმიტომ რომ ყველაფერი, მათ შორის, გეოპოლიტიკაშიც უნდა დაიმსახურო, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელდობრ ჩვენ – პოლიტიკოს-ამომრჩევლებიანად თავს ვიგიჟიანებთ ხოლმე, ვფიქრობ, ზუსტად ისე ვართ, როგორც ვიმსახურებთ, თუმცა ესეც სხვა საუბრის თემაა).
ასეა თუ ისე, ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში დაპატიჟა და ისიც შენიშნა, ისევ ციტატას მოვიშველიებ, რომ: „არ შეიძლება, გიყვარდეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ. არ შეიძლება, გიყვარდეს მეზობელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეთანხმები. ვფიქრობ, რაც შეიძლება, გააკეთოთ, ვისთვისაც არ უნდა მიგეცათ ხმა, არის ის, რომ დაინახოთ ერთმანეთში არა მეტოქეები, არამედ თანამემამულე ამერიკელები, დაუწიოთ ტემპერატურას.“ აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა (ჩვენი მისამართით): მაინცდამაინც ერთმანეთისა და ერთმანეთის ამომრჩევლის ლანძღვა რომ გადმოიღეთ, ისიც დაგესწავლათ ამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, რომ შენი ქვეყანა და ხალხი მხოლოდ მაშინ არ უნდა გიყვარდეს, როდესაც შენ გიჭირავს ძალაუფლების სადავეები?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან