პოლიტიკა

ჭმუნვით დაოსებულნი

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00 11.02

ამბები 2.
დაკოპირებულია

ანუ ქართულმა დემოკრატიამ რა ჰქმნა?!

ისე მოხდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს დელეგაცია ეწვია, მანამდე კი ჩვენებური ოპოზიცია, უკრაინულ ოფიციოზთან ერთად, მუშაობდნენ საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების არცნობის საკითხზე. საბოლოოდ, ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნო (ანუ არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა), მაგრამ დათქმებით (მაშასადამე, ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდაო), შესაძლოა, ამიტომაც, მას შემდეგ, რაც ქართულმა დელეგაციამ ტრიბუნით ისარგებლა და გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, თავად შეიჩერა უფლებამოსილება (სავარაუდოდ, უკეთეს დრომდე).

ამ პროცესში კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებიც აქტიურობდნენ. სახელდობრ, ესპანელმა დეპუტატმა (ვინმე პაბლო ჰისპანი) განაცხადა: „საქართველოში სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება. დღეს საქართველო ცხოვრობს კოშმარულ რეჟიმში, კოშმარულ რეალობაში. ეს ინსტიტუტი იქ არსებულ სიტუაციას ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს...“ ამის პარალელურად, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (ხანდახან მგონია, რომ ამ პატიოსან კანონმდებელს, პარალელურად, რომ ეგრეთ წოდებულ, სომხურ ლობს თავკაცობს, სხვა საქმე არ აქვს) და ბრიტანელმა დეპუტატმა ჯეიმს მაკკლირმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოსთხოვეს (ერთობლივი წერილი გაუგზავნეს), დემოკრატიას უთხრის ძირს საქართველოშიო (და, სავსებით ბუნებრივია, რომ მათი სათუთი გულები ვერას დიდებით ვერ აიტანს ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას!). მე ამ წერილის მხოლოდ ერთი მონაკვეთით მოვაცდენ თქვენს ყურადღებას (მომყავს ციტატა): „მსოფლიო ახლა გაერთიანებულ სამეფოს შესცქერის, რათა დაამტკიცოს, რომ ის რჩება გლობალურ ლიდერად მშვიდობისთვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში – როგორც ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ვქენით.“ მესმის, რომ ამ ფრაზის კომენტირება უადგილოა: უკრაინას რომ მოუვიდა, მტერს არ ვუსურვებ, მაგრამ ზემოხსენებული ბატონები იმდენად ძლიერად ღელავენ (სხვა ბატონებთან ერთად), ვშიშობ, თავს რამე არ აუტეხონ ქართული დემოკრატიის სვე-ბედზე ჭმუნვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა