ჩალიჩმაისტერი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 22.04

და მუქთამჭამელები
ჩვენ უშუალო სიახლოვესა და მოშორებით მოვლენები თვალსა და ხელს შუა იცვლება. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს, ჯერ იყო და, ორთვიანი ულტიმატუმი წაუყენა, თავის მხრივ, ირანმა გამოაცხადა, რომ არ აპირებს, დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-თან, როდესაც გაიკვა, რომ ომანში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკება დაიწყო.
ამის პარალელურად, სტამბოლში აშშ-ისა და რფ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების პროცესიც დაიძრა. მოგეხსენებათ, თურქეთის პირველკაცი მეტად დადარდიანებული იყო, როდესაც აშშ-მა და რფ-მ მოლაპარაკებების მოედნად საუდის არაბეთი აირჩიეს (გასაგებიცაა, იმას გარდა, რომ ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობას მისდევენ ამ ორ ქვეყანაში, ისტორიულადაც მტრობენ ერთმანეთს). მაგრამ, როგორც ჩანს, ბ-ნი ერდოღანის მცდელობებმა უკვალოდ არ ჩაიარა და მაინც მოახერხა, რომ ოკეანისგაღმეთსა და ჩრდილოეთს ერთმანეთი ყოფილ კონსტანტინოპოლში გადაეკვეთათ. მართალია, მოლაპარაკების თემა რუსეთისა და ამერიკის დიპლომატიური სამსახურების შეუფერხებელი მუშაობაა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თურქეთის პრეზიდენტმა გეოპოლიტიკური სცენის ერთ-ერთ ცენტრში დაიკავა ადგილი. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სულ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგია (ვინაიდან შლეგნი ვართ, ვითარცა უხორცონი), რასაც ცეცხლს უნთებს ევროკავშირის ბიუროკრატია (ქართული დემოკრატიის ბედით მჭმუნვარე), იმის იმედი მაინც ვიქონიოთ, რომ სხვების ძალისხმევით მოვლენები ჩვენდა სახეიროდ დალაგდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან