ბირთვული პინგ-პონგი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.12, 2024 წელი
ანუ აქობინებულები...
სანამ ჩვენებური ოპოზიცია ისვენებს და ცდილობს, ახალი სიურპრიზი მოიფიქროს, რათა რამენაირად არჩევნების გაყალბების ვერსია განავრცოს და ხალხი გააბრაზოს (ბარემ აქვე გავიხსენებ, რომ მანამდე ევროკავშირს წერილობით მიმართეს და ქვეყნის რამდენიმე თვით დასჯა მოითხოვეს, ბუნებრივია, ხალხის გაბრაზების მიზნით, რათა გაბრაზებულებმა ხელისუფლება შეცვალონ და ჩვენ რომ მოვალთ, სასჯელები გააუქმეთო), რუსეთმა ბირთვული დოქტრინა ჩაასწორა.
შეტანილ ცვლილებებს შორის ძირითადია, რომ ის ამოქმედდება, თუკი განხორციელდება არაბირთვული ქვეყნის აგრესია ბირთვული ქვეყნის მონაწილეობით ან მხარდაჭერით (ერთობლივ მოქმედებად შეფასდებაო); ამას გარდა, რფ იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ რფ-ის წინააღმდეგ მასობრივი საჰაერო თავდასხმა განხორციელდება (ასე განსაჯეთ, დრონებით მასობრივად თავდასხმის შემთხვევაშიც კი); ასევე, ბირთვული პასუხი შეიძლება, მოჰყვეს არაბირთვული იარაღის გამოყენებასაც, თუ ის რუსეთის სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს უქმნის (ბუნებრივია, თავად რფ ადგენს, რა იგულისხმება „კრიტიკულ საფრთხეში“); და, რა თქმა უნდა, ანალოგიური რეაქცია იგულისხმება ბელარუსზე თავდასხმის შემთხვევაშიც.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც უპასუხა (ჯერჯერობით სიტყვიერად) რუსეთის ბირთვული დოქტრინის ცვლილებებს, კერძოდ, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა რუსეთთან ბირთვული სარაკეტო გაცვლებისთვის (თითქოს ტყვეების გაცვლა იყოს). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ იქვე ითქვა, მთავარია, შემდეგ იმდენი ბირთვული იარაღი დაგვრჩეს, რომ შეკავების მექანიზმად გამოდგესო, ეჭვია, რომ არა მხოლოდ უკრაინის, ანუ ჩვენს მსგავსთა „ნაფოტების“, საკუთარი თავიც აღარ ენაღვლებათ.
ამდენად, რაკი ორივე (აშშ-იც და რფ-იც) კოსმოსური სახელმწიფოა, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუ ჩვენს თავზე, ანუ ღია კოსმოსში ამოვლენ ერთმანეთის ოხტში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან