ფულის ფასი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
ანუ მოჩვენებითი სიგიჟის მიღმა
საწვავის ფასმა უკვე მოიმატა და, რაკი საომარი მოქმედებები გრძელდება, ესე იგი, სულ უფრო და უფრო მოიმატებს, ჩვენთანაც და სხვებთანაც. იუწყებიან, რომ აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასი 4 დოლარამდეა, რაც უპრეცედენტოაო, საწვავის დეფიციტი სხვა დასავლურ ქვეყნებშიცაა (აღმოსავლეთსა და სამხრეთს არც კი ვახსენებ) და ეს ყოველივე იმის შედეგია, რომ ჰორმუზის სრუტეა გადაკეტილი.
ოღონდ ირანი აცხადებს, ჩვენ არ გადაგვიკეტავს, უბრალოდ, არ გავატარებთ ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნებისკენ მიმავალ ნავთობტანკერებსო, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიები არ აზღვევენ ტვირთს (ზარალი არ უნდათ) და ნავთობტანკერებიც, რომლებიც მსოფლიო ნავთობმომარაგების 20 პროცენტს ხსენებული სრუტით გადაზიდავენ, დგანან და ელიან.
მეორე მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც ჰორმუზის სრუტეს უკვე უწოდა ტრამპის სრუტე, აცხადებს, რომ, ვისაც ნავთობის დეფიციტი შეექმნა, შეუძლიათ, მისგან, ანუ აშშ-ისგან შეიძინოს: ჩვენ ის უხვად გვაქვსო (დიახ, უხვად და ძვირად). ამის პარალელურად, ცხადია, ზარალდებიან ნავთობმიმწოდებელი ქვეყნებიც, ანუ არაბული სახელმწიფოები და დონალდ ტრამპი მათაც ამუნათებს: კეთილი ინებონ და აგვინაზღაურონ ის ხარჯები, რაც ირანის რეჟიმთან ბრძოლის დროს გავწიეთო... აქედან გამომდინარე კი, დღესავით ნათელია, რომ, რასაც მავანნი სიგიჟედ რაცხდნენ (სახელდობრ, დონალდ ტრამპის განცხადებებსა და მოქმედებებს), მეტად მარტივად იხსნება: ფული, ბაბაია და მხოლოდ ფულიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





