პოლიტიკა

აპოკალიფსის „მხედარი“

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.01, 2022 წელი

აპოკალიფსის მხედარი
დაკოპირებულია

ეძებე ქალი, ანუ ფული...

თუმცა ჯერ ხეირიანად არ დაზამთრებულა, მიუხედავად იმისა, რომ კალანდობაც კი მოვილიეთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (აი, ეს „ეროვნულის“ ყველა ჯურის დაწესებულების სახელწოდებაში ჩაჩხერა, უნდა ვაღიარო, ფრიად და ფრიად მიწვრილებს გულს) უკვე დაარისხა განგაშის ზარები. რასაკვირველია, ამირან გამყრელიძის ბაგეებით: თებერვალში დღეში ინფიცირების 60 000 შემთხვევა გვექნებაო. ბაასია ახალ შტამ „ომიკრონზე“, რომელსაც, ჰოი, საოცრებავ, თურმე „პი სი არიც“ ვერ იჭერსო (დანარჩენებს, ხომ, სულ ლიწინ-ლიწინით ამოიცნობს?!), მაგრამ უცნაური ისაა, რომ „ომიკრონად“ წოდებული შტამი მსუბუქია, იმდენადაც კი, რომ, მაგალითად, ესპანეთის მთავრობამ ის ჩვეულებრივ სეზონურ გრიპად გამოაცხადა. თუმცა ჩვენთან სამყაროს დასასრულს გვიანონსებენ. ამასობაში კი ლონდონის Imperial College-ის კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანების ნაწილს კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი ჰქონია. მეტად მარტივი მიზეზით: უკვე გადატანილი (წლების ან წლის წინათ) გაციების გამომწვევი სხვა კორონა-ვირუსით ინფიცირების შედეგად (მოგეხსენებათ, კორონა ახალი ვირუსი არაა), რის შედეგადაც მათ ორგანიზმში შესაბამისი უჯრედები წარმოიქმნა, რაც სავსებით საკმარისია კორონავირუსის სხვადასხვა შტამთან გასამკლავებლად. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: მაშინ რა საჭირო იყო ეს საყოველთაო პანიკა და ვაქცინაცია (ევროპა აცრების უკვე მეოთხე წრეზე წავიდა).

ოღონდ ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ზემონახსენები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ცოცხალი თავით არ ამხელს, როდესაც დაინფიცირების ახალი შემთხვევების ოდენობას ასახელებს, რამდენი პროცენტია მათ შორის სრულად აცრილი. ხოლო, როდესაც ნახევარ სიმართლეს გეუბნებიან, ყოველთვის ჩნდება ეჭვი და, თუ ამას გასულ წელს აცრებიდან ფარმაკომპანიების მიერ 65-მილიარდიან მოგებას დავამატებთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიზეზი უნდა ეძებო, განა ქალში, ფულში...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი