ანკესს მინდობილები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 06.05

ანუ გაცუცურაკებულები
რაკი მარცხი ელანძეა და ეს ყოფითი ჭეშმარიტება, როგორც აღმოჩნდა, არც არავის გაუუქმებია მსოფლიო მასშტაბითაც კი, გასულ კვირას ეს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილივე სახალხო დამცველი (სახელდობრ, უჩა ნანუაშვილი) რუსი პრანკერების მსხვერპლად შეიქნენ.
ამ უკანასკნელებმა გარი კასპაროვის სახელით, ხმითა და სახით დაურეკეს ზემოხსენებულ ორ პერსონას, რომლებსაც არც თუ მცირე თანამდებობები ეკავათ საქართველოს ხელისუფლებაში (ერთ-ერთი კი, მოგეხსენებათ, ახლაც მიიჩნევს თავს საქართველოს პრეზიდენტადაც და ერთადერთ ლეგიტიმურსა და მოსიარულე ინსტიტუციად). მაგრამ ისე მოხდა, რომ ორივენი თვალსა და ხელს შუა გააცურეს (როგორც დავით კლდიაშვილი იტყოდა, უღმერთოდ გააცუცურაკეს). შესაბამისად, მათი გულის ხვაშიადიც შევიტყვეთ:
ყოფილმა პრეზიდენტმა ვითომ გარი კასპაროვს გაუმხილა, რომ დაფინანსება სჭირდება ქართულ რეგიონულ მედიას, რომელიც მინიმალურ ფასად ასრულებს დამკვეთის ნებისმიერ დავალებას (ჯერჯერობით რეგიონული მედიის მფლობელებსა და ჟურნალისტებს არაფერი უთქვამთ მათი საქმიანობის ამგვარად შეფასებაზე, ანუ მართლაც ასე ხელაღებით და იაფად იყიდებიან?!); ასევე, პროფკავშირებს (სავარაუდოდ, მშრომელთა ბუნტის დასაფინანსებლად, ლენინის სტილში: „ფაბრიკა-ქარხნები – მუშებს“) და არასამთავრობო სექტორს, რომლებიც უცხო ქვეყნებში გადაბარგდნენ, რომ საქართველოს კანონებს არ დაემორჩილონ (ევროკავშირი ფულს აგვიანებსო). ქ-ნმა ზურაბიშვილმა იქვე ორიოდე „ტკბილი“ სიტყვით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები და მოქმედებებიც მოიხსენია და ქართული მაიდნის რაობაზეც ისაუბრა. თუმცა გაცილებით შორს წავიდა თავის გულახდილობაში ყოფილი სახალხო დამცველი, რომელმაც გულალალად აღიარა, რომ ნიღბიანი ხალხიც ჰყავთ და მომზადებული შეიარაღებული დაჯგუფებებიც; ზედაც, თანხაც დაასახელა მაიდნის მოსაწყობად: სულ რაღაც, 500 000 აშშ დოლარი.
მართალია, მოგვიანებით, ბ-ნი ნანუაშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი (თუმცა აშშ-შიც ჩავიდა, პროექტებით შეიარაღებული, დაპირებული თანხის მისაღებად), მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო ქ-ნი ზურაბიშვილის მიერ არარსებული გარი კასპაროვისადმი მინდობაა. რატომ? იმიტომ რომ, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს საფრანგეთის მოქალაქე პრეზიდენტი საფრანგეთის საიდუმლო სამსახურში მუშაობდა და მაინც ასე იოლად წამოეგო ანკესზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საფრანგეთის შესაბამისი სამსახურები კადრების პროფესონალიზმით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან