პოლიტიკა

ამბავი პირველი მსოფლიო ომისა

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 25.03

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჩემი ოქრო – ჩემთან

რაკი გეოპოლიტიკური ჯახია, ხოლო ომი კი ყველაზე დიდი და სარფიანი ბიზნესი, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც შენი არაფერი იხარჯება, გარდა ფულისა, რომელიც ისევ უკან გიბრუნდება, რომ შენსავე სამხედრო წარმოებაში ჩადო და მიაწოდო მას, ვინც ომობს (არც კი დაგვიმალა ქ-ნმა ვიქტორია ნულანდმა, რომ 60 მილიარდის, თუ უკრაინას გამოუყოფენ, უდიდესი ნაწილი ისევ აშშ-ში დაბრუნდება და სამხედრო წარმოებას გააძლიერებსო), ყველა თავის ძველ წყენასა და ვალებს იხსენებს. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მღვრიე წყალში ძალზე იოლი და, რაც მთავარია, შესაძლებელია მსხვილ-მსხვილი ღლავების დაჭერა.

შესაბამისად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რუმინეთის საჩივარს, რის მიხედვითაც, ბუქარესტი მოსკოვს, არც მეტი, არც ნაკლები, 91 ტონა ოქროს დაბრუნებას სთხოვს; სთხოვს რა – მოითხოვს.

ეს ამბავი კი პირველი მსოფლიო ომის დროს დაწყებულა, როდესაც რუმინეთის სამეფოს, რათა გერმანიისგან დაეცვა, რუსეთისთვის, სხვა რამეებთან ერთად, თავისი ოქროც მიუბარებია. ბუნებრივია, დოკუმენტებიც ზედ დაურთო, რომ განა საჩუქრად, შესანახად გადასცემდა. მაგრამ, ვინაიდან პირველი მსოფლიო ომის პარალელურად, რუსეთში გადატრიალება მოხდა და რუსეთიდან, არათუ რუმინული, რუსეთის კუთვნილი ოქროც კი გაიტანეს, რის კვალისთვისაც დღემდე ვერ მიუგნიათ.

თუმცა, თავდაპირველად, სტალინს, მოგვიანებით კი – ხრუშჩოვს, რუმინეთისთვის კუთვნილი ფასეულობების არცთუ მცირე ნაწილი დაუბრუნებიათ. მეტიც, 2003 წელს ორმხრივი კომისიაც კი შექმნილა ოქროს ბედის გასარკვევად, მაგრამ ვერაფერი გაურკვევიათ.

მე არ ვიცი, რას დააბრუნებს მოსკოვი, ანუ შეასრულებს თუ არა ევროპარლამენტის დადგენილებას, თუმცა არც ევროპარლამენტი ჩქარობს (ეტყობა, იცის, მოჩქარეს მოუგვიანდესო) და ოქროს დაბრუნების საკითხს იმ დრომდე ავადებს, სანამ შექმნილი არეული ვითარება არ დასტაბილურდება, ხოლო, რადგან ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ვფიქრობ, არც ჩვენ გვაწყენდა, ჩამოგვეწერა, რომელ იმპერიას რა აქვს წაღლეტილი (რუსეთის თამადობით და გაცილებით ადრეც), ვინ იცის, კიდევ რომელ დიდ ქვეყნებს მოუნდებათ ერთმანეთთან საქმის გარკვევა და მღვრიე წყალში იქნებ ჩვენც გამოვკრათ პატარა ლიფსიტას ხელი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი