ალაგ-ალაგ სიბეცე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 31.03

ანუ დემოკრატიული სიბრმავე
ევროკავშირსა და აშშ-ს შორის იმდენად დიდი ზომის შავმა კატამ აირბინ-ჩაირბინა, რომ ერთმანეთს სატარიფო ომი არ აკმარეს, ლამის ისეთებიც აკადრონ, რომ შემდეგ, თუკი კვლავ დამოყვრდებიან, ვეჭვობ, თვალის გასწორებისაც არ შერცხვეთ. მაგრამ, რაკი პოლიტიკა ისეთი ვერაგი რამაა, რომ შეურიგებლებს არიგებს, ხოლო შერიგებულებს გადაამტერებს, ყველაფერია მოსალოდნელი.
დიახ, ყველაფერი და ხანდახან იმაზე მეტიც, რაც წარმოუდგენლად მოეჩვენება ნორმალურ ადამიანს: მაგალითად, თუკი ევროკავშირლები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, ჰკრა თუ არა მუჯლუგუნი პოლიციელმა საპროტესტო აქციის მონაწილეს (თუმცა სამართლიანობის გამო უნდა შევნიშნოთ, რომ პროტესტის მონაწილის მიერ ნასროლ „მოლოტოვის კოქტეილსაც“ ვერ ხედავენ), სრულიადაც არ აღელვებთ, რომ, მაგალითად, სირიის ახალი ხელისუფლება სისხლის მდინარეებს აყენებს სირიაში. მეტიც, ბრიუსელი სირიაში ახალი მთავრობის მხარდასაჭერად ჯიბეზეც აპირებს ხელის გაკვრას. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ალაგ-ალაგ სიბეცე ერთგვარი სავიზიტო ბარათია ძლიერთა ამა სოფლისათა და იმასაც, რომ წამოყვედრებაც სჩვევიათ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ჩვენი მიმართულებით.
მოკლედ, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ევროკავშირის გეოპოლიტიკური გზები გაიყარა (იმიტომ რომ ევროკავშირს უნდა, რომ კვლავაც აშშ-მა დაიცვას ისინი და უკრაინას დაეხმაროს), ფრანგმა კანონმდებელმა რაფაელ გლუკსმანმა (აქვე შეგახსენებთ, რომ ის ერთ დროს საქართველოს შს მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძის ქმარია) უკან მოითხოვა თავისუფლების ქანდაკების დაბრუნება (გემახსოვრებათ, რომ სწორედ საფრანგეთმა აჩუქა მონუმენტი თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებს). მიზეზად კი ის დაასახელა, რომ აშშ-მა გადაუხვია დემოკრატიის გზას (თუმცა, ვფიქრობ, თავის დამშვიდება იმით შეუძლია, რომ აწ ყოფილი ტერორისტი ალ-ჯულანია შემდგარი დემოკრატიის ნარ-ეკლიან გზაზე).
მე არ ვიცი, დაუბრუნებს თუ არა აშშ საფრანგეთს თავისუფლების ქანდაკებას და არც ის, როდის იქცა ნაჩუქარის წართმევა ევროპულ ღირებულებად, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, ჩვენც მოგვთხოვონ ჰუმანიტარული დახმარების სულ ნატურით დაბრუნება, მაშასადამე, კუჭიდან ამოღება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან