პოლიტიკა

აკვნის რწევის ამპლიტუდა

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 11.02

ამბები
დაკოპირებულია

ანუ იქიდანაც მოგეპარე, საიდანაც ქარი ქროდა

ჩვენ კი დემოკრატიის აკვანს ვუწოდებთ (და განა მარტო ჩვენ?! დანარჩენი სამყაროსთვისაც სწორედ აშშ-ში დაირწა დემოკრატიული აკვანი), მაგრამ ისე მოხდა, რომ აკვანი (განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს) ძალუმად ირწევა, შესაბამისად, მისი რწევის ამპლიტუდა ასმაგ რყევებს იწვევს დანარჩენ, დემოკრატიას მიმდევარ ქვეყნებში. სახელდობრ, თუკი აქამომდე, მაშასადამე, ბ-ნი ტრამპის გაპრეზიდენტებამდე დიდების კვარცხლბეკზე გენდერული თავისუფლება იდგა (არ დაგიმალავთ, იმასაც კი ველოდი, რომ, რაკი საშვილოსნოთი დავიბადე, ერთ მშვენიერ დღეს მე და, რა თქმა უნდა, ისინიც, რომლებიც საშვილოსნოთი გააჩინა ღმერთმა, აგიზგიზებულ კოცონზე არ დავეწვით) და 60-მდეც კი ავიდა ამ აწ უკვე ავადსახსენებელი გენდერების ოდენობა. მაგრამ, რაკი ახლა აშშ-ის პრეზიდენტი ხსენებული ბ-ნი ტრამპი გახდა, ისევ ორი სქესიაო, დაგვამშვიდეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ბრძანებით, აიკრძალა არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლა (აქვე დავამატებ, სქესის შეცვლის ოპერაცია ჰორმონების მიღებასაც გულისმობდა). ამის პარალელურად, იმავე ბ-ნი ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის არმიიდანაც დაითხოვეს ყველანაირი გენდერის წარმომადგენელი.

მეტიც, სოციალური ცენზურაც გაუქმდა და, თუკი აქამომდე, მაგალითად, ფბ-ზე მკაცრად კონტროლდებოდა, ვის რა უნდა დაეწერა, აწ თავისუფლება მოგვენიჭა და უფრო მეტიც, კომპანია Meta, რადგან თავის დროზე დონალდ ტრამპს ანგარიშები დაუბლოკა, კომპენსაციად მას 25 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. გაგახსენებთ, რომ Meta-მ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ გაყინა დონალდ ტრამპის ანგარიშები „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“. რატომ? იმიტომ რომ ემანდ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის არეულობისა და ძალადობისკენ არ მოეწოდებინაო (ყოველ შემთხვევაში, ასე ახსნა Meta-ს მფლობელმა თავისი კომპანიის ქმედება).

ასევე, შევიტყვეთ, რომ ხსენებული 25 მილიონიდან 3 მილიონი იურიდიულ ხარჯებს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი თანხა კი პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა. ბუნებრივია, შეცდომის აღიარებაც სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რა ერთგულებით ემსახურებოდა Meta წინა ადმინისტრაციას გუშინ და იმასაც, თუ რა უმალ გაამჟღავნა დღეს, ბ-ნი ბაიდენის ადმინისტრაცია გვაიძულებდა ცენზურასო და 25 მილიონიც დაუნანებლად ამოიღო ჯიბეებიდან, არ არის გამორიცხული, ზეგ სულ სხვა რამ მოიმოქმედოს, ვინაიდან, როგორც ჩანს, დარწეულ აკვანშიც ამ ჩვენებური პრინციპით მოქმედებენ: იქიდანაც მოგეპარე, საიდანაც ქარი ქროდაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა