ადგილ-ადგილ მამაცები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00
ანუ ხელის შემობრუნებით გაფრთხილებულები
მართალია, ვიცით, რომ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასთან უნისონში, ფრიად ძალუმად მოგვიწოდებს, რომ რამენაირად დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთს და მეტად და მეტად არიან შეფიქრიანებულები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობით (მათი ლოგიკით, საქართველო რომ დემოკრატიული ქვეყანა იყოს, ის აუცილებლად შეებრძოლებოდა რუსეთს).
ხოლო, რაკი საკუთარი თავები უდემოკრატიულესებად მიაჩნიათ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა (X-ის მეშვეობით) გვამცნო, რომ „თეთრ სახლში და ევროპელ ლიდერებთან პრეზიდენტ ზელენსკის მოლაპარაკებების შემდეგ ერთი რამ აბსოლუტურად მკაფიოა: რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.“
ბუნებრივია, ძნელია, არ დაეთანხმო, ოღონდ არ ვიცით, სიტყვიერი სოლიდარობა იგულისხმა ბ-ნმა ტუსკმა, თუ ქმედითი (არადა, „სჯობს, საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია“).
აი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი კი იმედოვნებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ, დააზიანონ ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომელიც უნგრეთს რუსული ნავთობით ამარაგებს. ამ სურვილის გაჩენის მიზეზი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უარყოფითი რეაქციაა ვარშავის განაცხადზე, რომ შესაძლოა, დასვან ის თვითმფრინავი, რომლითაც პუტინი უნგრეთისკენ გაემართება ტრამპთან შესახვედრად.
უდიდესი ალბათობით, არავინ არავის ჩამოსვამს, იმიტომ რომ პოლონეთს არას ჰკითხავს ტრამპი, თუმცა აღსანიშნავია პოლონეთის ხელისუფლების სიხისტე, რომ არა ერთი მაგრამ: საქმე საქმეზე რომ მიდის, ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორები, როგორც წესი, ჩვენნაირებთან მამაცობენ და, როგორც თუთაშხია იტყოდა, ის კაცები არ არიან, ხელის შემობრუნების მცოდნეს რომ რამეს ესვრიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





