რომანი და დეტექტივი

ჟღალთმიანთა კავშირი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 22.05, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #18(1114)

დიდი ხანია, რაც თქვენი თანაშემწე, ვინც განცხადება გიჩვენათ, თქვენთან მუშაობს? საიდან მოიყვანეთ, ან ვისი რეკომენდაციით მიიღეთ?

– მოვიდა იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც გაზეთში გამოვაქვეყნე.

– გამოქვეყნებულ განცხადებას მხოლოდ ის გამოეხმაურა?

– არა, თორმეტი კაცი მაინც გამომეცხადა.

– რაღა მაინცდამაინც ის ამოირჩიეთ?

– ნახევარ ხელფასზე დამთანხმდა.

– და თქვენც ამიტომ აიყვანეთ?

– დიახ.

– როგორი კაცია ეს ვინსენტე სპაულდინგი?

– დაბალი ტანისაა, ჩაფსკვნილი, ჯმუხი, ძალიან ცოცხალი, ქოსაა და ასე, ოცდაათი წლისა იქნება. შუბლი მჟავისგან აქვს დამწვარი.

აღელვებული ჰოლმსი სანახევროდ წამოიწია სავარძლიდან.

– ასეც ვივარაუდე. – ჩაურთო მან, – თუ შეამჩნიეთ, ყურის ბიბილოები დახვრეტილი ხომ არა აქვს?

– შევნიშნე, სერ, მაგრამ ასე მითხრა, ვიღაც ბოშამ გამიხვრიტა პატარაობისასო.

– ჰმ! – წარმოთქვა ჰოლმსმა და ფიქრებში წასული, სავარძელში დაწვა. – ეს სპაულდინგი ისევ თქვენთანაა?

– დიახ, სერ. ვიდრე თქვენთან წამოვიდოდი, ვესაუბრე კიდეც.

ჰოლმსი ისე წამოიჭრა ადგილიდან, თითქოს მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და ახლა მის შესრულებას უნდა შეუდგესო.

***

კუთხის სახლზე ოქროთი მოვარაყებული სამი ბურთი და ყავისფერ აბრაზე თეთრად წარწერილი „ჯაბეზ უილსონი“ იუწყებოდა, რომ აქ იყო ჩვენი კლიენტის სავახშო სალარო.

შერლოკ ჰოლმსი სახლის წინ შეჩერდა. თავი გვერდზე გადაეწია, სანახევროდ მოჭუტული თვალები უბრწყინავდა და სახლს ისე ათვალიერებდა. მერე ქუჩას აუყვა, ისევ უკან გამობრუნდა და თან სახლებს აკვირდებოდა. სავახშო სალაროს წინ შეჩერდა, ხელჯოხი სამჯერ ძლიერად დაჰკრა ქვაფენილს და მერე სალაროს კარზე დააკაკუნა. კარი იმწამსვე სუფთად გაპარსულმა ახალგაზრდამ გამოაღო და შინ შეგვიპატიჟა.

– გმადლობთ, – უთხრა ჰოლმსმა, – მე მხოლოდ ის მაინტერესებს, აქედან სტრენდში რა გზით გავალთ.

– მესამე შესახვევი მარჯვნიდან, ხოლო თუ მარცხნივ წახვალთ, მეოთხე შესახვევში შეუხვევთ. – თქვა და კარი მაშინვე დახურა.

– ძალიან მარჯვე ყმაწვილი ჩანს! – თქვა ჰოლმსმა, – მის შესახებ რაღაც-რაღაც ცნობები მაქვს. მისი შარვლის მუხლისთავების შეთვალიერება კი მინდოდა. ჩვენ ამჟამად მტრის ტერიტორიაზე მოქმედი მზვერავები ვართ და სექს-კობურგსკვერში ცოტა რამ ვიყნოსეთ. ახლა ამ სახლებს გადაღმა მდებარე ქუჩები უნდა დავზვეროთ. მინდა, ძალიან კარგად დავათვალიეროთ ამ რიგში მდგარი სახლები, რომ დავიმახსოვრო, რომელი შენობა რომელს მოსდევს. მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაული. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შეიძლება მისი თავიდან აცილება. მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ დღეს შაბათი დღეა. თქვენი დახმარება დამჭირდება, უოტსონ.

– ათ საათზე ბეიკერ-სტრიტზე გავჩნდები.

– გაითვალისწინეთ, რომ სახიფათო საქმე მოგველის და ჯიბეში რევოლვერის ჩადება არ დაგავიწყდეთ!

ბევრი ვიფიქრე იმაზე, რატომ უნდა შევიარაღებულიყავი და რას ნიშნავდა ჩვენი საღამოს ექსპედიცია? საით უნდა გავმგზავრებულიყავით და რა უნდა მოგვემოქმედა? თავი ვიმტვრიე, მაგრამ ვერაფერი დავასკვენი, გადავწყვიტე, ჰოლმსთან საღამოს შეხვედრამდე აღარაფერზე მეფიქრა.

9-დან თხუთმეტი წუთი იყო გადასული, შინიდან რომ გამოვედი და ბეიკერ-სტრიტზე გავჩნდი. სახლთან ორი კები შევნიშნე. ჰოლში შესულს ოთახიდან სხვადასხვა ხმა შემომესმა. ოთახში შევედი თუ არა, დავინახე, ჰოლმსი ორ კაცს ესაუბრებოდა. ერთი მათგანი „სკოტლანდ იარდელი“ მაძებარი, პიტერ ჯოუნზი, იმწამსვე ვიცანი. მეორე კი ვიღაც მაღალ-მაღალი, გამხდარი, უჟმური გამომეტყველების, მბრწყინავცილინდრიანი და შესანიშნავ ფრაკში გამოწყობილი კაცი იყო.

– ყველანი აქა ვართ, – წარმოთქვა ჩემს დანახვაზე ჰოლმსმა, – უოტსონ, ნება მომეცით, გაგაცნოთ მისტერ მერიუოთერიც, ვისთან ერთადაც მოგვიხდება ამჟამინდელი ექსპედიციის ჩატარება.

– როგორც ხედავთ, ექიმო, ჰოლმსთან ერთად ვნადირობთ, – წამოიწყო ჯოუნზმა. – ჩვენი მეგობარი დიდი ფასდაუდებელი მონადირეა, მაგრამ ნადირის გამოსაგდებად გამოცდილი ძველი ძაღლი სჭირდება.

– ამღამინდელი თამაში უფრო დიდ თანხაზეა, ვიდრე მთელი ოცდაშვიდი წლის მანძილზე ჩასულხართ, მისტერ მერიუოთერ, ამ თამაშს რაღაც ოცდაათი ათასი გირვანქა სტერლინგის ფასი ექნება, ხოლო თქვენთვის, მისტერ ჯოუნზ, კი ის ადამიანი, რომლის შეპყრობაც აგერ, ამდენი ხანია, გულში გიდევთ.

– ჯონ კლეი მკვლელი, ქურდი, მოძალადე და ყალბისმქმნელია. მართალია, მისტერ მერიუოთერ, იგი ახალგაზრდაა, მაგრამ თავის პროფესიაში დახელოვნებულია. განსაცვიფრებელი კაცია. მისი პაპა ჰერცოგი გახლდათ, თვითონ იტონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ჭკუა ისევე მოქნილი აქვს, როგორც თითები და, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამოქმედარის კვალს ხშირად ვაწყდებით, თვითონ ვერსად მოვიხელთეთ. ერთ დანაშაულს რომ შოტლანდიაში ჩაიდენს, მეორე დანაშაულზე უკვე კორნუელში ვხვდებით. მერამდენე წელია, კვალდაკვალ დავდევ და თვალით არც კი მინახავს.

შერლოკ ჰოლმსს მთელი გზა ხმა არ ამოუღია. განათებული ქუჩების ლაბირინთებში აღმა-დაღმა სიარულს მოვრჩით და, როგორც იქნა, ფარინგდონ-სტრიტს მივაღწიეთ. ისევ იმ ხალხმრავალ ქუჩაზე ამოვყავით თავი, სადაც დილით ვიდექით. მეეტლეები გავისტუმრეთ და მერიუოთერს მივყევით. რომელიღაც ძალიან ვიწრო დერეფანი გავიარეთ და მერე გვერდით კარში შევედით, აქედან თავი მოკლე ტალანში ამოვყავით, მის ბოლოში კი რკინის მასიური კარი დაგვიხვდა. კარი გამოვაღეთ, ხვეულ კიბეს დაბლა ჩავყევით და კიდევ ერთ კარს მივადექით. მისტერ მერიუოთერი შეჩერდა, რათა სინათლე აენთო, თავი უზარმაზარ სარდაფსა თუ აკლდამაში ამოვყავით.

იგი მძიმე ყუთებითა და კალათებით იყო სავსე. ჰოლმსმა ფარანი მაღლა ასწია, ჭერი დაათვალიერა და მერე წარმოთქვა:

– ზევიდან არც ისეთი ადვილი მისადგომია.

– არც ქვევიდანაა ადვილი შემოსაძრომი, – გამოეპასუხა მერიუოთერი და ხელჯოხი დაჰკრა ფილაქანს, რომელიც ეტყობოდა, იატაკად იყო დაგებული, – დასწყევლის ღმერთი, ისეთი ხმა აქვს, თითქოს გამოფუღუროებულიაო! – გაკვირვებით წარმოთქვა მან.

– ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთ, – მკაცრად უთხრა ჰოლმსმა, – კრიალოსანივით აწყობილი საქმე ჩაგვეფუშება. რომელიმე ყუთზე ჩამოჯექით და ხელს ნუ შეგვიშლით.

ჰოლმსი მუხლებზე დაემხო და მაშუქითა და გამადიდებელი ლინზით ფილებს შორის ნაპრალების ძებნას შეუდგა. რამდენიმე წამის გაფაციცებული კვლევისა და ძიების შემდეგ წამოდგა, ლინზა ჯიბეში ჩაიდო და სახეზე ისეთი გამომეტყველება გამოეხატა.

– დრო ერთი საათი მაინც გვაქვს, რადგან ისინი საქმეს მანამდე არ შეუდგებიან, სანამ უილსონი ღრმა ძილს არ მიეცემა. მერე კი წუთსაც არ დაკარგავენ, რადგან საქმის მომთავრების შემდეგ გაუჩინარებისათვის უფრო მეტი დრო მოიტოვონ. უოტსონ ჩვენ ახლა ლონდონის ერთ-ერთი უმდიდრესი ბანკის სარდაფში ვიმყოფებით. მისტერ მერიუოთერი ამ ბანკის დირექტორი გახლავთ და აგიხსნით, რა რჯიდათ ინგლისის დამნაშავეთა სამყაროს გაბედულ წარმომადგენლებს, რომ თავიანთი ყურადღება ამ სარდაფზე გადმოეტანათ.

– მაგის მიზეზი ის ფრანგული ოქროა, რომელსაც ბანკში ვინახავთ, – ჩურჩულით თქვა მერიუოთერმა. – ჩვენ რამდენჯერმე გაგვაფრთხილეს, ოქროს გატაცებას შეეცდებიანო. ყუთში, რომელზედაც მე ვზივარ, ტყვიის ფურცლებში ჩაწყობილი ორი ათასი ოქროა.

– ჩემი აზრით, დროა, მოვემზადოთ, – თქვა ჰოლმსმა, – ჩემი ვარაუდით, ერთ საათში ყოველივე უნდა დამთავრდეს. ეგ მაშუქიც უნდა ჩავაქროთ, მისტერ მერიუოთერ. მტერი ისე მომზადებულა, რომ სინათლის დატოვება სახიფათოა. ძალიან გამბედავი და თავზე ხელაღებული ხალხია. მართალია, თავს მოულოდნელად დავესხმებით, მაგრამ თუ ფრთხილად არ მოვიქეცით, შეუძლიათ დიდი ზიანი მოგვაყენონ. უოტსონ, თუ სროლას დაიწყებენ, თქვენც უყოყმანოდ ამოიღეთ მიზანში!

როგორ მიიზლაზნებოდა დრო. სინამდვილეში, ერთი საათი არ იყო გასული, მე კი მეჩვენებოდა, რომ ღამე გაიცრიცა და ალბათ, აღმოსავლეთი უკვე ცისკარმა ცეცხლისფრად შეღება-მეთქი. პირველად ფილაქნიდან სინათლის პატარა სხივი გამოკრთა. ცოტაც და, ის სხივი დიდ სინათლედ გადაიქცა. მერე, მთლად უხმაუროდ ფილაქანი ვიღაცის უხილავმა ხელმა აყარა და მალე თეთრი, ქალური ხელიც ვიხილე.

უეცრად, ერთმა განიერმა ფილამ ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს გააპესო თუ გაგლიჯესო, და მის ადგილზე კარგა მოზრდილი ხვრელი გაჩნდა. იქიდან ფარნის შუქმა იელვა. იმ ხვრელის თავზე სუფთად გაპარსულ, ბიჭურ სახეს მოვკარი თვალი. მან ირგვლივ გულდასმით შეათვალიერა ყველაფერი, მერე ხვრელის ორივე მხარეს ხელებს დაეყრდნო და მაღლა ამოძვრა. ამოვიდა თუ არა, ვიღაცას უხმო და ამოძრომაში დაეხმარა, ისიც ჩია ტანის ჩანდა, ფერმკრთალი და ჟღალთმიანი.

– ყველაფერი კარგადაა, – ჩურჩულით თქვა მან, – საჭრეთელი და ტომრები ხომ შენ გაქვს?.. უკანვე ჩახტი, არჩი, უკანვე და ამათ მე მოვუვლი.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი