„ვენსერემოს“ ანუ ჩვენ გავიმარჯვებთ
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელთა საუბრების ჩანაწერებს მოგვიანებით გავეცანი. მაგრამ თხრობის სტილი რომ არ დაირღვეს, ამ მომენტებს, ისევე, როგორც მთელ ამ ისტორიას, პირველ პირში მოვყვები.
ჩილეში 1949 წელს არგენტინიდან შევედი. საბუთებით სპორტულ სფეროში მოღვაწე კომერსანტი ვიყავი. ჩილეში ამ ბიზნესის განვითარებას ვაპირებდი და ეს ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა შემექმნა. პარალელურად კი, ნიჭიერი ფეხბურთელები უნდა მომეძიებინა და მათი კარიერული წინსვლა უზრუნველმეყო. ასეთი იყო ჩემი სადაზვერვო ლეგენდა, რომელიც მოსკოვში, ლუბიანკაზე, „პეგეუს“ მთავარ სამმართველოში შემიქმნეს. ჩემს რეალურ დავალებას კი ლათინური ამერიკის ქვეყნებში პროსაბჭოთა მეხუთე კოლონების შექმნა წარმოადგენდა. ჩილე კი იმიტომ აირჩია ცენტრად, რომ მეოცე საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს იქ სალვადორ ალიენდეს სოციალისტური პარტია იკრებდა ძალებს. „კაგებეს“ ანალიტიკოსებმა გამოითვალეს, რომ დიდი ალბათობით, ალიენდე გახდებოდა ჩილეს პრეზიდენტი და საბჭოთა იდეოლოგებიც სწორედ ჩილედან გეგმავდნენ ლათინური ამერიკის კონტინენტის გაწითლების პროცესის დაწყებას.
მე „მიმოს“ კურსდამთავრებული ვიყავი, ლათინურის განხრით. ესპანური ენის უზადო ცოდნასთან ერთად, უაქცენტოდ ვფლობდი ინგლისურსა და გერმანულ ენებს. „კაგებეს“ სტრუქტურაში კი უმაღლესის დამთავრებისთანავე მიმიწვიეს. „პეგეუს“ პირველი მთავარი სამმართველოს, ანუ საგარეო დაზვერვის უფროსთან, გენერალ ჩებრიკოვთან შემიშვეს და მან მითხრა:
– თქვენს პირად საქმეს გულდასმით გავეცანი. თითოეული დეტალი გავაანალიზეთ და გადაწყდა, რომ რა თქმა უნდა, თუ თქვენ დაგვთანხმდებით, ჩვენს უწყებაში დაიწყოთ მუშაობა და მოგამზადოთ საზღვარგარეთ მუშაობისთვის.
სულ რაღაც, 22 წლის ვიყავი. დიპლომატიურ კარიერაზე ვოცნებობდი. დაახლოებით კი ვიცოდი, „კაგებე“ რა იყო და მზვერავებზეც არაერთი ფილმი მქონდა ნანახი, მაგრამ ჩემი იქ სამუშაოდ მიწვევა ისე მოულოდნელი მეჩვენა, როგორც ანტარქტიდის ყინულოვან სივრცეში შიშველი სირბილი. გენერალს გაოცებული თვალებით შევხედე და ვუთხარი:
– სიმართლე გითხრათ, ამხანაგო გენერალო, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო დაზვერვაში. უცხო ენების კარგად ფლობის გარდა, სხვა განათლება არ გამაჩნია.
– როგორც ვიცი, კარგი ფეხბურთელი იყავით, – თქვა ჩებრიკოვმა.
– დიახ. მაგრამ მშობლების რჩევით, სწავლა ვამჯობინე.
– ჰოდა, ფეხბურთი და ენებია თქვენი მთავარი ღირსებები შემოთავაზებულ საქმეში. დამატებით ცოდნასაც მიიღებთ... თუ, ისევ ვიმეორებ, თქვენი თანხმობაც იქნება.
მხოლოდ წლების მერე გავიაზრე, რომ როცა „კაგებეს“ უმთავრესი სტრუქტურის ხელმძღვანელი პირად გასაუბრებაზე გიბარებს, ესე იგი, უკვე გამორჩეული ხარ და დიდი საქმე უნდა ჩაგაბარონ. იმ შეხვედრაზე კი გენერალს მორიდებულად ვუთხარი:
– თანახმა კი ვარ, ამხანაგო გენერალო, მაგრამ, შევძლებ კი ამ სამუშაოს შესრულებას?
– აუცილებლად შეძლებთ. ესე იგი, თანახმა ხართ. ძალიან კარგი! სამი დღის შემდეგ ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი დაგეწყებათ. ალბათ, არაა საჭირო იმის შეხსენება, რომ ამის შესახებ არავისთან არაფერი დაგცდეთ. ყველა დანარჩენისთვის თქვენ „მიმოს“ ასპირანტი ხართ.
– გასაგებია, ამხანაგო გენერალო.
– ძალიან კარგი. წარმატებას გისურვებთ! – მითხრა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.
„კაგებეს“ ერთწლიან სადაზვერვო სკოლაში, ძირითადად, იმ რეგიონის ენობრივ თავისებურებებს გასწავლიან, საიდან წარმოშობაც ლეგენდაში გიწერია. ჩემს შემთხვევაში მე არგენტინული კორდოვას დიალექტი დამახვეწინეს. რა თქმა უნდა, საფუძვლიანად შევისწავლე კონსპირაციული საქმე, საბრძოლო იარაღების გამოყენება, კრიპტოგრაფია და ყველა ის ოპერატიული ეშმაკობა, რაც „კაგებეს“ არალეგალ თანამშრომელს აქვს არსენალში. გარდა ამისა, სადაზვერვო სცენარით წინასწარ იქნა გაწერილი ჩემი დაოჯახება, ანუ მოსკოვში მე საცოლე მყავდა – ჩემი ჯგუფელი ლენა. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ როგორც კი დიპლომებს ავიღებდით, დავქორწინებულიყავით. როგორც ჩებრიკოვმა მითხრა, „კაგებეს“ ანალიტიკოსებმა ჩემი ლენა ამ საქმისთვის შესანიშნავ კანდიდატად მიიჩნიეს და გაჩნდა იდეა, რომ ლენა იქნებოდა ჩემი მეორე ნახევარი და ჩვენგან იდეალური სადაზვერვო-არალეგალური წყვილი ჩამოეყალიბებინათ. როგორც შევიტყვე, ლენაც, ჩემსავით, ჩებრიკოვთან დაიბარეს, გაესაუბრნენ და ერთი წლით სადაზვერვო კურსებზე გაგზავნეს. მასაც ლეგენდაში აღნიშნული ადგილის დიალექტი შეათვისებინეს. ლენა საბუთებით ჩილელი იყო, სანტიაგოს მკვიდრი. სცენარით, სწორედ სანტიაგოში შეხვდით ერთმანეთს და ერთ წელიწადში დავქორწინდით. ლენა სპორტული კვალიფიკაციის ექიმი იყო და ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში მუშაობდა.
ლენა ჩემზე ადრე შეიყვანეს ჩილეში. მე კი ერთი წელი არგენტინაში, კორდოვაში ვიცხოვრე და სანტიაგოში მერე ჩავედი. ლენა რომ „გავიცანი“, სინამდვილეში ორი წლის უნახავი გვყავდა ერთმანეთი. ერთი სიტყვით, „გაცნობიდან“ ერთ წელიწადში დავქორწინდით. ცხრა თვის მერე კი პირველი შვილი შეგვეძინა. ამასობაში, როგორც „კაგებეს“ ანალიტიკოსებმა გათვალეს, სალვადორ ალიენდე ჩილეს პრეზიდენტი გახდა და ცენტრიდან მივიღე დავალება, რომ ალიენდეს ახლო წრესთან დავახლოებულიყავი. თუ შევძლებდი, თვითონ მასთანაც კი. თუმცა ამ ამოცანის შესრულება არც თუ ისე იოლი იყო, მაგრამ მაინც მოვახერხე. სანტიაგოში, რა თქმა უნდა, „კაგებეს“ დახმარებით, სპორტული ამუნიციის, ინვენტარისა და მედიკამენტების დიდი გამოფენა მოვაწყვეთ. ვიპ სტუმრები დავპატიჟეთ. მათ შორის პრეზიდენტიც. თუმცა, ვფიქრობდი, რომ ის არ მოვიდოდა. შევცდი. ალიენდე გამოფენაზე მოვიდა, ყურადღებით დაათვალიერა ექსპოზიცია. შემდგომ მისი ორგანიზატორი მოიკითხა და მასთან წარადგინეს.
– მშვენიერი, საჭირო ღონისძიებაა და თქვენს საქონელს აუცილებლად შევისყიდით ჩვენი სპორტსმენებისთვის, – მითხრა ალიენდემ.
– გარწმუნებთ, სენიორ პრეზიდენტო, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ, – მივუგე ალიენდეს.
– თქვენ არგენტინელი ხომ არ ხართ? თუ მეშლება? – მითხრა ალიენდემ.
– არ გეშლებათ, სენიორ პრეზიდენტო. კორდოველი ვარ.
– ო, დიდად სასიამოვნოა, დიდად. არგენტინელებს უდიდეს პატივს ვცემ. სულმნათი ჩე ჩემი ძმა იყო. ხოსე ლუისი (ბორხესი) კი ჩემი უახლოესი მეგობარია. ვფიქრობ, ჩვენც დაგვაფასებთ, ჩილელებს.
– ჩემი მეუღლე ჩილელია, სენიორ პრეზიდენტო.
ჩემს სიტყვებზე ალიენდეს თვალები გაუბრწყინდა. მე ლენას დავუძახე. პრეზიდენტს ჩემი „ჩილელი“ მეუღლე გავაცანი. მან ხელზე ეამბორა ლენას და გვითხრა:
– ორ კვირაში ლა მონედაში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ბანკეტზე გიწვევთ და იქ შევხვდებით.
ლა მონედა პრეზიდენტის სასახლე იყო სანტიაგოში, დამოუკიდებლობის დღე კი 18 სექტემბერს აღინიშნებოდა. იმავე საღამოს მოსკოვში დაშიფრული დეპეშა გადავეცით ალიენდესთან შეხვედრის შესახებ.
ეს დღე 1971 წლის 4 სექტემბერი იყო. ალიენდემ კიდევ ორი წელი იპრეზიდენტა და ყოველ 18 სექტემბერს გვპატიჟებდა ბანკეტზე, ლა მონედაში. 1973 წელსაც მოგვივიდა მოწვევა, მაგრამ ზეიმამდე ერთი კვირით ადრე, 11 სექტემბერს, აუგუსტო პინოჩეტმა ალიენდე დაამხო. ლა მონედა შტურმით აიღო. ალიენდემ კი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატიდან მოიკლა თავი. იარაღი ფიდელ კასტროს ნაჩუქარი იყო და ეწერა: „ძვირფას სალვადორეს – ფიდელისგან“.
ლენა მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. ჩვენ სანტიაგოს ცენტრში ვცხოვრობდით, პრეზიდენტის სასახლესთან, სულ რაღაც, ნახევარ კილომეტრში. 1973 წლის 11 სექტემბრის დილის 6 საათი იყო და ტანკების გრუხუნმა გამოგვაღვიძა. აივანზე გავედი და დავინახე, თუ როგორ შემოეკრნენ ტანკები პრეზიდენტის სასახლეს და ძრავები ჩართული დატოვეს. ამ დროს რეპროდუქტორში ალიენდეს მისამართით დანებების მოწოდება გაისმა. ლენამ რადიო ჩართო და ეს ხმა იქ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მე რაცია ჩავრთე. სახურავზე ავედი და მოსკოვში პირდაპირი ტექსტით გადავეცი: „სახმელეთო ჯარების სარდალი, აუგუსტო პინოჩეტი ალიენდეს რეზიდენციას ტანკებით მიადგა და პრეზიდენტს დანებებისკენ მოუწოდებს“. მოსკოვში ამ დროს დღის 13 საათი და 20 წუთი იყო.
ჩემი ინფორმაცია ჩებრიკოვს მიუტანეს. „პეგეუს“ უფროსმა ანდროპოვს შეატყობინა. „კაგებეს“ თავმჯდომარემ კი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ლეონიდ ბრეჟნევს აუწყა ეს ამბავი. 1973 წელს ბრეჟნევი, ჯერ კიდევ, ჯან-ღონით სავსე, გონიერი მმართველი იყო. წამით ჩაფიქრდა. შემდგომ კი მდივანს უთხრა:
– სასწრაფოდ გამოიძახეთ პოლიტბიუროს წევრები! 10 წუთში საგანგებო სხდომა ჩატარდება.
მოსკოვსა და სანტიაგოში მოვლენები ასე ვითარდებოდა: კრემლში პოლიტბიურო ალიენდეს დახმარების ფორმაზე მსჯელობდა. სანტიაგოში კი პინოჩეტმა დილის 9 საათზე ლა მონედაზე იერიში მიიტანა და დღის 14 საათზე, ადგილობრივი დროით, მოსკოვის დროით კი საღამოს 10 საათზე, პრეზიდენტის სასახლე აიღეს. ალიენდემ კი დანებებას თვითმკვლელობა აირჩია.
საშიშროების მიუხედავად, მთელ ამ პროცესს ჩემი სახლიდან ვადევნებდი თვალყურს. ფეხმძიმე ლენა და ბავშვი კი კუთხის ოთახში იყვნენ შეყუჟული და თუკი ჩვენს სახლს ჰაერიდან არ დაბომბავდნენ ან ჰაუბიცას არ ესროდნენ, მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.
სექტემბრის თვის სანტიაგო აბობოქრებულ ოკეანეს ჰგავდა. დამხობილი, გარდაცვლილი ალიენდეს ათეულ ათასობით მომხრე დედაქალაქის ქუჩებში გამოდიოდა. პუტჩს გმობდნენ და აუგუსტო პინოჩეტის „წათრევას“ მოითხოვდნენ. პუტჩისტური ჯარის წარმომადგენლები პროტესტანტებს ტყვიების წვიმას უშენდნენ და უმოწყალოდ ხოცავდნენ. ყოველივე ამის გამო ჩილეს დედაქალაქის ქუჩებში სისხლის მდინარეები მოედინებოდა. ორი დღის შემდეგ პუტჩისტებმა ტაქტიკა შეცვალეს: ჯარისკაცები პროტესტანტებს იჭერდნენ. დიდი მანქანებით მათ მიერ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ, ცენტრალურ სტადიონზე მიჰყავდათ და იქ გახსნილ საკონცენტრაციო ბანაკში ათავსებდნენ. იქ გამოამწყვდიეს ცნობილი მომღერალი ვიქტორ ხარა. ის სასტიკად აწამეს და 15 სექტემბერს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით გარდაიცვალა. 40 წლის ხარას 13 დღეში 41 წელი უსრულდებოდა და ეს დიდებული ადამიანი სიმღერა „ვენსერემოსის“ შესრულებისთვის დააპატიმრეს და ამავე სიმღერის შესრულებისას დალია მან სული.
„ვენსერემოს“ – „ჩვენ გავიმარჯვებთ“, ჩილელების, მუსიკოს სერხიო ორტეგასა და პოეტ კლაუდიო იტურას ცნობილი სიმღერა იყო. 1970 წელს კი ვიქტორ ხარამ, ავტორებთან შეთანხმებით, ტექსტის ნაწილი შეცვალა და სალვადორე ალიენდეს საარჩევნო კამპანიის ჰიტად იქცა. ხოლო პინოჩეტის დიქტატორობის პერიოდში კი – დიქტატურის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლის მუსიკალურ სიმბოლოდ. პუტჩიდან 12 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა 69 წის პაბლო ნერუდა. ჩილელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პოლიტიკოსი და დიპლომატი. ნერუდამ პუტჩის საღამოსვე გაავრცელა მიმართვა ჩილელი ხალხისადმი, რომელშიც სამხედრო გადატრიალებას გმობდა. ოფიციალური ცნობით, ნერუდა სიმსივნემ მოკლა. მოგვიანებით კი დამტკიცდა, რომ საქვეყნოდ ცნობილ პოეტს, პინოჩეტის ბრძანებით, შხამი შეუშხაპუნეს ორგანიზმში და მოკლეს.
ასეთი ვითარება იყო ჩილეში მთელი სექტემბრის განმავლობაში. 12 სექტემბერს მოსკოვიდან შეტყობინება მივიღე, რომელშიც ეწერა: სასწრაფოდ განახორციელე ჩილეს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, ლუის კორვალანის ევაკუაცია ზღვით კუბაში. ის აღნიშნულ მისამართზე იმალება და უზრუნველყავით სრული კონსპირაცია...
კორვალანი სენატის წევრი იყო და ხელშეუხებლობით სარგებლობდა. თუმცა, პინოჩეტის განუკითხაობა ყოველგვარ ზღვარს იყო გაცილებული და კორვალანმა ეს იცოდა. ამიტომაც დაიმალა. მაგრამ, ჩილელი კომუნისტების ლიდერს პინოჩეტის საიდუმლო პოლიციამ მიაგნო და სწორედ მაშინ გამოათრიეს კონსპირაციული ბინიდან, როცა იქ ჩემს განკარგულებაში მყოფი საბრძოლო ჯგუფი მივიდა. კორვალანი სამი თვის განმავლობაში კუნძულ დოსანზე მდებარე ციხის ჯურღმულში მდებარე ერთადგილიან საკანში იყო გამომწყვდეული. შემდგომ ის საკონცენტრაციო ბანაკ რიტოკეში გადაიყვანეს. ბოლოს კი სანტიაგოში, ტრეს-ალამოსის პოლიტიკური პატიმრების საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს, სადაც ის 1976 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა.
ცენტრი ყველანაირად ცდილობდა კორვალანის გამოხსნას. ჩილელი კომუნისტების ლიდერი მოსკოვის ერთგული მოკავშირე იყო. თანაც ის არაერთ ისეთ საიდუმლოს ფლობდა, რასაც საერთაშორისო სკანდალის გამოწვევა და საბჭოთა კავშირის პრესტიჟის შელახვა შეეძლო. ერთ დღეს მოსკოვიდან მაცნობეს, რომ სანტიაგოში ორი დღის შემდეგ ადამიანი ჩამოვიდოდა. მისთვის ყოველმხრივი დახმარება აღმომეჩინა და მფარველობა გამეწია. იმ კაცს დათქმულ დროსა და ადგილზე შევხვდი. მისთვის მომზადებულ საცხოვრებელ ადგილზე მივიყვანე და ვკითხე:
– გისმენთ. რა დავალებაა ცენტრიდან?
– კორვალანის ციხიდან გამოხსნა. სწორედ ამისთვის გამომგზავნეს აქ.
– რა ფორმით უნდა გამოიხსნათ?
– გაქცევით.
– გაქცევით? – ჩავეკითხე ახალმოსულს.
– დიახ. ასე გადაწყვიტეს ცენტრში. მოსყიდვის ვარიანტი გამოირიცხა. კორვალანი ისეთი ფიგურაა, რომ მას სერიოზულად იცავენ და ამ წინადადებით მისულს აპატიმრებენ. ამიტომ გადაწყდა გვირაბის გათხრა.
– ვინ გათხრის?
– მე, – თქვა ახალმოსულმა და დაამატა, – მე ამის სპეციალისტი ვარ. უბრალოდ, ორი საიმედო ახალგაზრდა კაცი მჭირდება, ვინც ჩემს მითითებებს ზუსტად შეასრულებს. გარწმუნებთ, რომ ორ კვირაში ჩვენ კორვალანს ტყვეობიდან ვიხსნით.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





