რომანი და დეტექტივი

გაქცევა

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

გაქცევა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #40 (1345)

გენერლის ცოლ-შვილი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. დროც მალე გავიდა და საღამოს, ზუსტად 8 საათზე ისინი სასწრაფომ წაიყვანა. მე და მაშკოვი კი სახლში დავრჩით და გენერალს ვუთხარი:

– ამ საქმეს რომ გააკეთებთ, გაქცევა და დამალვა მოგიწევთ. თანაც მთელი ცხოვრება.

– რას იზამ, პოლკოვნიკო. ასეთი ბედი მქონია.

– მერე და შეძლებთ დამალვას? მთელ გზებსა და საზღვრებს გადაკეტავენ.

– არის ერთი გასაძრომი.

მეორე დღეს გენერალი მაშკოვი კუნძულზე გაემგზავრა და სახლში მარტო დამტოვა. გვიან ღამით დაბრუნდა და შუაღამეს რომ გადასცდა მისი ცოლი სკაიპით დაუკავშირდა და უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა. ერთ თვეში ჩვენს გოგონას სრულად გამოაჯანმრთელებენ. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარი. გელოდებით.

მაშკოვმა კომპიუტერი გათიშა და მითხრა:

– წავედი. საიდ ხანს გამოვიყვან და ჯეიმსს ჰკითხე, სად მოვიყვანო. მაქსიმუმ, 8 საათი გვაქვს დრო და უნდა ჩავეტიოთ.

ჯეიმსი თავად მოვიდა გენერლის სახლში და რომ გაიგო, 8 საათში უნდა ჩავტეულიყავით, მითხრა:

– საიდ ხანი პორტში უნდა მოიყვანო. იქ ერთი ბარჟაა, სახელწოდებით, „მარტა“ და მის კაპიტანს ჩააბარო.

– კარგი. გასაგებია, – ვუთხარი ჯეიმსს და ის წავიდა.

გენერალმა შეხვედრის ადგილი დამინიშნა და კუნძულზე გაემართა. მე კი დანიშნული ადგილისკენ ავიღე გეზი.

ღამის 3 საათი სრულდებოდა, როდესაც დანიშნულ ადგილზე გენერალმა მაშკოვმა ციხის სამოსში გამოწყობილი საიდ ხანი მოიყვანა. ტერორისტი უკიდურესად აღელვებული ჩანდა. გენერალმა კი მითხრა:

– ამას მოუსმინე.

– გისმენთ, – ვუთხარი საიდ ხანს.

– გიცანით, პოლკოვნიკო. ეს თქვენ შემიპყარით და გამამწესეთ კუნძულზე, რითაც მე სიცოცხლე შემინარჩუნეთ და ამისთვის მე მადლობელი ვარ. ახლა კი ჩემი სიკვდილი გინდათ?

– დააკონკრეტეთ. დრო არ ითმენს, – ვუთხარი საერთაშორისო ტერორისტს.

– ნუთუ მართლა გჯერათ, რომ მათ ჩემი სიცოცხლე და თავისუფლება აღელვებთ? – ირონიით თქვა საიდ ხანმა და განაგრძო, – ჩემში ამდენ ფულს იმიტომ იხდიან, რომ მათთვის მხოლოდ ფულის ტომარა ვარ. რა არის ოთხი მილიონი დოლარი, როცა ჩემგან ერთ-ნახევარი მილიარდის მიღებას აპირებენ და ციხიდანაც ამის გამო გამომაქციეს.

– ერთ-ნახევარი მილიარდი? – ვთქვი მე.

– დიახ. ერთ-ნახევარი მილიარდის. მხოლოდ მე ვიცი მათი ადგილსამყოფელი და მხოლოდ მე შემიძლია ამ თანხის გამოტანა. რადგან ანაბრები ჩემი ხელისა და თვალის ანაბეჭდებზეა გაკეთებული და სხვა ვერავინ გამოიტანს. ხოლო, როცა მე ამას გავაკეთებ, არა მარტო მე და ჩემს ცოლ-შვილს დახოცავენ, არამედ თქვენც.

– თქვენი ცოლ-შვილი მათ ხელშია?

– არა. მე მოვასწარი მათი გადამალვა, მაგრამ როგორც კი ხელში ჩამიგდებენ, ისე მაწამებენ, რომ ალბათ, ვერ გავუძლებ და მათ ადგილსამყოფელს მათქმევინებენ. ამიტომ, გარიგებას გთავაზობ.

– რა გარიგებას?

– რას და მათ ხელში ნუ ჩამაგდებთ და რუსეთიდან გამიყვანეთ. შემდგომ კი რაც ფული მაქვს გადამალული, ანუ ერთ-ნახევარი მილიარდი, ერთმანეთში თანაბრად გავიყოთ. გარწმუნებთ, რომ ამხელა ფულით ამ საშინელ ადამიანებს საიმედოდ დავემალებით.

– რომ მოგვატყუო?

– გამორიცხულია, თქვენ შეგიძლიათ, ჩემს საპატიმრო ბრასლეტს, რომელიც ხელზე მაქვს შებმული, როგორც ბატონმა გენერალმა თქვა, ასაფეთქებელი დაამატოთ და თუკი გაქცევას შევეცდები, დისტანციურად ამაფეთქოთ.

– კი. ასეთი რამ შესაძლებელია, – დაამატა გენერალმა მაშკოვმა და მკითხა:

– რას იტყვი, პოლკოვნიკო, წავიყვანოთ?

– სად? – ვკითხე გენერალს. მან კი მიპასუხა:

– ხომ გითხარი, რომ გასაძრომი არსებობს და შეგვიძლია, სამივემ ერთდროულად ვისარგებლოთ ამით. იმავდროულად კი ეს ვაჟბატონი დავნაღმოთ.

მაშკოვმა საიდ ხანს ბრასლეტი მოხსნა. სხვა ოთახში გაიტანა. შემდეგ უკან დაბრუნდა და მაჯაზე რომ გაუკეთა, უთხრა:

– დანაღმულია და თუკი ჩვენს გაცურებას შეეცდები, დისტანციურად აგაფეთებ, მიუხედავად იმისა, თუ დედამიწის რომელ კუთხეში იქნები. ამის სიგნალი თანამგზავრის საშუალებით მოქმედებს.

გენერალი მაშკოვი ტერორისტს ატყუებდა. არც არანაირი ნაღმი არ არსებობდა და ბრასლეტიც გამორთული იყო.

– არა, გენერალო, სად უნდა გაგექცეთ. ბრასლეტიც რომ არ მქონდეს შებმული, თქვენგან ნაბიჯსაც კი არსად გადავადგამ.

– ძალიან კარგი, თუ მასეა, ტერორისტო, – ვუთხარი საიდ ხანს. მას კი ირონიულად გაეღიმა და მითხრა:

– მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეკლამირებული ვარ, მე არამც თუ ტერორისტული აქტი არ ჩამიდენია, არამედ ერთი ნაკაწრიც კი არ მიმიყენებია ვინმესთვის. მე მხოლოდ ფინანსებთან მქონდა შეხება და სულ ესაა.

– აბა, თქვენს დოსიეებში რომ სხვა ინფორმაციებია თქვენზე? – ვკითხე საიდ ხანს.

– ასეთია ჩვენი სპონსორებისა და ფაქტობრივი პატრონების სტილი. ისინი ისეთ რეკლამას აკეთებენ, რომ ანგელოზს ეშმაკად მოაჩვენებენ ყველას. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ მათთვის საჭირო ხალხმა მათგან გაქცევა არ გაბედოს.

– რა გინდათ თქვათ, რომ ციხეში უდანაშაულოდ იჯექით? – ვკითხე საიდ ხანს.

– არა. უდანაშაულოდ არ ვმჯდარვარ, მაგრამ, უვადო პატიმრობა კი ნამდვილად არ მეკუთვნოდა. ჩემი მოვალეობა იყო ფინანსების თავმოყრა და საჭირო მისამართებზე გადაგზავნა. და როცა ამას ტერორისტებისთვის აკეთებ, ესაც დანაშაულია, თუმცა ასე მკაცრად არსად ისჯება, არც რუსეთში და არც შტატებში.

– თუ მართალს ამბობთ, მაშინ სინდისიც სუფთა მქონია. მით უმეტეს, რომ ხუთ წელზე მეტი გაქვთ მოხდილი, – თქვა მაშკოვმა.

საიდ ხანმა გენერალს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:

– ერთი რამ უნდა გითხრათ, გენერალო და გთხოვთ, ნუ გაცხარდებით.

– ბრძანეთ.

– თქვენს ქალიშვილს ეს საშინელი ვირუსი ჯეიმსის ხელქვეითებმა სპეციალურად აჰკიდეს, რომ შემდგომ ეს კომბინაცია დაეტრიალებინათ.

– ანუ თქვენი ციხიდან გამოსაყვანად?

– დიახ.

– განკურნებით ხომ ნამდვილად განკურნავენ.

– კი. ნამდვილად განკურნავენ, ბატონო გენერალო.

მაშკოვმა პაუზა გააკეთა. ჩაფიქრდა და საიდ ხანს უთხრა:

– თუ სწორად ვხვდები, ეგ ჯეიმსი და გემზე მყოფნი მოქმედი ტერორისტები უნდა იყვნენ და რუსეთის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად მოქმედებენ?

– კი. მასეა, – თქვან საიდ ხანმა და დაამატა, – თუ სწორად ვხვდები, მათზე ინფორმაციის გადაცემა გსურთ შესაბამისი ორგანოებისთვის, ხომ?

– კი. სწორედ მასეა.

– კარგი კი იქნებოდა მათი დაპატიმრება, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ მფარველები ჰყავდეთ მაღალ ეშელონებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდნენ. ამიტომ, არ გირჩევთ მათ დაბეზღებას. შეიძლება, ჩვენზე გამოვიდნენ.

– არა. მათი დაუსჯელად პარპაში გამორიცხულია. მოდი, ასე ვქნათ, ჩემი გასაძრომი აქედან ორი საათის სავალზეა და საზღვარს იქით ვიქნებით. მე კი ამ ინფორმაციებს ორსაათიან გაგზავნაზე დავაყენებ და როცა საზღვარგარეთ ვიქნებით, ადრესატებს ეს ინფორმაცია მაშინ მიუვათ.

– ადრესატები ვინ არიან? – იკითხა საიდ ხანმა.

– რუსეთის ყველა ძალოვანი სტრუქტურა, ამერიკის საელჩო და „ცეერუ“ და „ეფბეერი“, – თქვა გენერალმა მაშკოვმა. შემდეგ ათიოდე წუთი კომპიუტერს ჩაუჯდა, რომელიც თან ჰქონდა. წერა რომ დაასრულა, ლეპტოპი აუზში მოისროლა და გვითხრა:

– წავედით! აქედან გაქცევის დროა.

***

კარგა ხნის გათენებული იყო, როდესაც ფინეთის ჭაობიანი ტერიტორია გავიარეთ და მეგზურმა თავის სამონადირეო ქოხში შეგვიყვანა. იქ მის ტყუპისცალი ძმა დაგვხვდა, რომელიც ტელევიზორს თვალს არ აცილებდა და თქვა:

– უყურე შენ რუსებსა და ამერიკელებს. რუსეთში მძლავრი ტერორისტული ქსელი გაანეიტრალეს და თეთრმეტი ტერორისტი აიყვანეს.

ჩვენი მეგზური თავისი ტყუპისცალისგან განსხვავებით, გათვითცნობიერებული ადამიანი იყო და თვალი ჩაგვიკრა. შემდგომ კი გვასადილა და გზა განვაგრძეთ.

ხოლო, როცა სარეისო ავტობუსი მოვიდა და ჩავსხედით, გენერალმა მას უთხრა:

– ურხო, 50 ათასი სამზარეულოში, ალუმინის ქვაბში დავტოვე.

– ბედნიერი მგზავრობა! – გვისურვა ფინელმა მონადირემ და ავტობუსით პორტისკენ დავიძარით.

ერთი თვის შემდეგ მე, გენერალმა, საიდ ხანმა და ყველა ჩვენგანის ცოლ-შვილმა მშვიდობიანად ვიმგზავრეთ და უსაფრთხო ადგილზე დავსახლდით. როგორც ტელევიზიები გადმოსცემდნენ, მხოლოდ გენერალსა და საიდ ხანზე იყო გამოცხადებული ოფიციალური ძებნა. თუმცა, მათ არაოფიციალურადაც ეძებდნენ ტერორისტები. არაოფიციალურად მეძებდნენ მეც და ეს საკმაოდ სახიფათო იყო ყველა ჩვენგანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ძალიან საიმედოდ ვიყავით დამალული, არც ფული გვაკლდა – საიდ ხანმა ერთ-ნახევარი მილიარდი დოლარი თითოეულ ოჯახზე თანაბრად გაყო. ეს ფულიც ძალიან ეშმაკურად იყო გადამალული და საიდ ხანი ამაში დიდოსტატი იყო. ერთი სიტყვით, ძალიან გაგვიმართლა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი