შურისძიება ცივად
ავტორი: ნია დვალი 20:00
საქორწილო კაბა კედელზე ეკიდა და სინათლეს ასხივებდა. ფარდებიდან შემოპარული ოქტომბრის მზის სხივებზე ათასფრად ბრჭყვიალებდა. ანა სარკის წინ იჯდა და მექანიკურად ისწორებდა თმას, რომელიც სტილისტმა ჯერ კიდევ ორი საათის წინ დაუყენა. რეგისტრაციამდე ერთი საათი რჩებოდა, გულში კი წინასაქორწილო შფოთის ნაცვლად სიცარიელე უწრიალებდა.
– ან, სად ხარ? სტუმრები უკვე იკრიბებიან! – შემოსასვლელიდან დედამისის ხმა შემოესმა.
– მოვდივარ! – გასძახა პატარძალმა, თუმცა ჯერ არსად წასვლას არ აპირებდა. ყოველ შემთხვევაში, იქ არა, სადაც დათო თავისი მომხიბვლელი ღიმილითა და ერთგულების წინასწარ მომზადებული ფიცით ელოდებოდა.
სამი საათის წინ მისი ტელეფონი აზუზუნდა და უცნობი ნომრიდან შეტყობინება მოუტანა: „უნდა ვილაპარაკოთ. დათოსგან ორსულად ვარ. მარტო მოდით“. შემდეგ შეტყობინებაში უკვე ლოკაციამ გამოანათა.
ანამ შეტყობინება სამჯერ გადაიკითხა. თითოეული სიტყვა დანასავით ჩაესო გულში. დათოსგან ორსულად... ქორწილამდე სამი საათით ადრე... მაგრამ ტაქსი მაინც გამოიძახა.
კაფეში სიხალვათე იყო. ანამ დარბაზს მოავლო თვალი და ფანჯარასთან, დაახლოებით, ოცდახუთი წლის გოგონა დაინახა: გამხდარი, მოკლე, ბიჭურად შეჭრილი თმით.
– ანა ხართ? – გოგონა წამოდგა, – მე კატო ვარ. დაჯექით.
ანა მის მოპირდაპირე სკამზე დაჯდა და უცნობის სახის შესწავლას შეუდგა. ლამაზი იყო, ახალგაზრდა და აშკარად არ მიეკუთვნებოდა მათ რიცხვს, ვინც გასართობად იტყუება.
– რატომ მაინცდამაინც ახლა? – ჰკითხა ანამ.
– იმიტომ, რომ მეტი დუმილი არ შემიძლია. დათო დამპირდა, რომ ნახევარ წელიწადში დაგცილდებათ. რომ ქორწილი ფორმალობა და აუცილებლობაა. მან თქვა, რომ მდიდარი მემკვიდრე ხართ, მას კი ბიზნესის გაფართოებისთვის ფული სჭირდება.
– რა ბიზნესის? – გაუკვირდა ანას. მან იცოდა, რომ დათოს პატარა PR–სააგენტო ჰქონდა, რომელსაც ძლივს გაჰქონდა თავი.
– მას რესტორნების ქსელის გახსნა უნდა. უკვე არჩევს ფართებს, მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან, მაგრამ ფული არ ჰყოფნის. და აი, გამოჩნდით თქვენ... საკუთარი ბინით, უზრუნველყოფილი, მდიდარი მშობლებითა და მსხვილი საბანკო ანგარიშით.
კატო სკამის საზურგეს მიეყრდნო. ანა დაფიქრდა: ყველაფერი ემთხვეოდა. დათო ბოლო თვეებია, მართლაც ხშირად ლაპარაკობდა რესტორნებზე, აჩვენებდა რაღაც ბიზნესგეგმებს, მაგრამ ანას ეს, უბრალოდ, მისი ოცნებები ეგონა.
– მტკიცებულებები გაქვთ? – იკითხა საქმიანად.
კატომ ტელეფონი ამოიღო და დიქტოფონი ჩართო. ანა გაფაციცდა და დათოს ახლა უკვე ტკივილამდე ნაცნობი ხმაც შემოესმა:
„საყვარელო, ცოტაც მოითმინე. ამ სულელზე დავქორწინდები, მის ფულზე წვდომას მივიღებ და ნახევარ წელიწადში ერთად ვიქნებით მე და შენ. იურისტთან უკვე გავიარე კონსულტაცია. ვიცი, როგორ წავართვა დიდი თანხა ისე, რომ ვერ შემედაონ. ამ ფულით რესტორანს გავხსნით და ჩვენს პატარას გავზრდით. მიყვარხარ! არაფერზე იდარდო“.
ანას თვალებში დაუბნელდა და მაშინვე დახუჭა, რომ გულისრევა შეეკავებინა.
– რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ? – და საკუთარი ხმა უცხოდ მოეჩვენა.
– წელიწად–ნახევარია, – კატომ თვალები დახარა: ვიცოდი, რომ საცოლე ჰყავდა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ მხოლოდ მე ვუყვარდი. რომ თქვენთან მხოლოდ ფული აკავშირებდა. დავუჯერე.
„ესე იგი, ჩემთან პარალელურად ხვდებოდა“, – უცებ გადაიანგარიშა დრო ანამ.
– და რატომ მიყვებით ამ ამბავს ახლა? თუ მასთან დაქორწინებაზე უარს ვიტყვი, თქვენი გეგმებიც ჩაიშლება.
– იმიტომ რომ, მივხვდი: თუ თქვენი მოტყუება შეუძლია, მეც ზუსტად ასევე მომექცევა. ბავშვს კი ისეთი მამა სჭირდება, რომელსაც ნამდვილი სიყვარული შეუძლია.
ანას ტელეფონი ზანზარებდა. ყველა მას ურეკავდა: დედა, დაქალები, ქორწილის ორგანიზატორი. დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩებოდა რეგისტრაციამდე, პატარძალი კი კაფეში იჯდა თავისი საქმროს ორსული საყვარლის პირისპირ.
– რის გაკეთებას აპირებთ? – გაუბედავად ჰკითხა კატომ. ანამ გაიღიმა, ოღონდ რაღაცნაირად ცივად და ცალყბად:
– რის გაკეთებას ვაპირებ?! – გაიმეორა შეკითხვა, – საყვარელ მამაკაცს გავყვები ცოლად.
– როგორ თუ გაჰყვებით? მიუხედავად იმისა, რომ იცით...
– დიახ, სწორედ ამიტომ! – ანამ ტელეფონი ამოიღო და კატოს პირადი ნომერი ჰკითხა. გოგონა დაიბნა, ანამ ისევ გაიღიმა:
– რომელ ბანკში გაქვთ ანგარიში? ახლა 10 000 დოლარს გადმოგირიცხავთ. მოგვიანებით ამაზე ორჯერ მეტს. სადმე წადით, ბავშვი გააჩინეთ. დათოს კი ჩვენი შეხვედრის შესახებ არაფერი უთხრათ.
– ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაჰყვეთ ცოლად, თუ იცით, რომ გატყუებთ?!
ანას გაეცინა, ხმამაღლა, უსიამოვნოდ:
„იმიტომ, რომ შურისძიება კერძია, რომელსაც ცივად მიირთმევენ“, – გაიფიქრა, ხმამაღლა კი თქვა: გამომიგზავნეთ თქვენი პირადი ნომერი და ბანკის დასახელება, მეჩქარება, დღეს ქორწილი მაქვს.
სახლში რომ დაბრუნდა, ანა უკვე ძალიან მშვიდად აანალიზებდა სიახლეს და ქორწილამდე ნახევარი საათით ადრე შურისძიების სქემაც კი მომწიფდა. სახლში სრული ქაოსი დახვდა. დედა თაიგულით ხელში დარბოდა, ვიზაჟისტი პატარძლის დაქალებს მაკიაჟს უსწორებდა, ფოტოგრაფი კი ყველაფერს აფიქსირებდა. დათომ დაურეკა:
– ან, სად იყავი? კინაღამ გავგიჟდი, – ადრე მისი ხმის გაგონებისთანავეც კი სული ეკვროდა. ახლა კი ტელეფონის გათიშვა მოუნდა, მაგრამ საკუთარ თავს გაღიმება აიძულა.
– ვნერვიულობდი და ცოტა გავისეირნე. – მერე საქმროს ჰკითხა, – მართლა გიყვარვარ?!
– რა უცნაური არსებები ხართ ქალები?! რა თქმა უნდა, მიყვარხარ! შენ ხომ იცი. თორემ რატომ ვქორწინდები შენზე?!
ანამ აღარაფერი უპასუხა. სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დათოს ორსულ საყვარელს რომ არ დამშვიდობებოდა, აუცილებლად დაუჯერებდა, ისე ოსტატურად იტყუებოდა მისი საქმრო.
***
ქორწილში თითქოს ბურუსში იყო. იღიმებოდა, მოლოცვებს იღებდა, ქმართან ერთად ცეკვავდა. სადღეგრძელოებს შორის შესვენებებში კი ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ ეპირფერებოდა დათო ანას მეგობრებს, როგორ ხარბად უყურებდა მამისისის ძვირად ღირებულ საათს, როგორ დაჟინებით ინტერესდებოდა სიდედრის ოჯახური ბიზნესით.
– ძვირფასო, – წასჩურჩულა დათომ ანას ყურში ცეკვის დროს, – ერთი იდეა მაქვს. ხომ გახსოვს, რესტორნების ქსელზე რომ გიყვებოდი? ჰოდა, ცენტრში შესანიშნავი ფართის ყიდვის შესაძლებლობა გამოჩნდა. მაგრამ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ხომ უნდა შეგესაბამებოდე შენ და შენს ოჯახს. ახლაც კი უხერხულად ვგრძნობ თავს.
– რა თქმა უნდა, მესმის შენი. როდის გეგმავ მოლაპარაკებას? – გახარებული სახით უთხრა ანამ ქმარს. დათოს თვალები გაუცისკროვნდა:
– ხვალ. მაქსიმუმ, ზეგ. კონკურენტები გვყავს.
– ფული რამდენი გჭირდება? – დათო ამ შეკითხვას ასე უცებ არ ელოდა და დაიბნა, – საბუთებს უნდა ჩავხედო.
– ჩახედე და მითხარი, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, – და ანა ქმარს მიეკრო, ისე გაერთო თავისი როლის თამაშით, რომ ტკივილს საერთოდ აღარ გრძნობდა, არც წყენას, მხოლოდ აზარტს.
როგორც ჩანს, დათო შეაგულიანა ცოლის მხარდაჭერამ
– ოღონდ, მოდი, ფული ჩემი ბუღალტერიის გავლით გადავრიცხოთ ან პირდაპირ შენი პირადი ანგარიშიდან. უფრო სწრაფია და მარტივი.
ანამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და თავი აიძულა, კიდევ გაეღიმა: გასაგები იყო, დათოს უნდოდა, რომ პირდაპირი წვდომა მიეღო მის ფულზე, ოფიციალური შეთანხმების გვერდის ავლით. გულუბრყვილო ცოლი თანხას გადაურიცხავს ქმარს, მერე კი ამტკიცოს, რომ ეს საჩუქარი კი არა, ინვესტიცია იყო.
ანას მორჩილება დათოს ისე აუვარდა თავში, რომ სახეზე წამოწითლდა კიდეც. ანა კი გონებაში უკვე კრეფდა თავისი ნაცნობი პოლიციელის ნომერს.
– თუ ჩემს ახალგამომცხვარ ქმარს ჰგონია, რომ სულელი მემკვიდრე ვარ, დაე, ასე იფიქროს. – გაიფიქრა თავისთვის...
***
რამაზ სალდაძე ახალგაზრდა კაცი იყო და კერძო დეტექტივად, დაახლოებით, 10 წელია, მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ორგანოდან წამოვიდა ჭრილობის გამო. ბევრი სიბინძურე ჰქონდა ნანახი, ამიტომ ანას ნაამბობი არ გაჰკვირვებია.
– ესე იგი, გინდათ, რომ თვალი ადევნოთ, სად დახარჯავს ქმარი თქვენს ფულს? – ჰკითხა ანას.
– არა მხოლოდ, მინდა, რომ პრობლემები შეექმნას. სერიოზული პრობლემები! – ანამ ჩანთიდან „ფლეშკა“ ამოიღო, – აქ ფიქტობრივი გარიგების ყველა დოკუმენტის ასლია. ფართი, რომელსაც ვითომ ყიდულობს, არ არსებობს. შევამოწმე.
– მაშინ, სად აპირებს თქვენი 200 ათასი დოლარის დახარჯვას?
– ნაწილი რაღაც რესტორნის მაგვარის შესაძენად დაიხარჯება, დანარჩენს ოფშორში გადარიცხავს. შემდეგ მეორე გარიგება მოჰყვება, შემდეგ მესამე... ნახევარი წლის შემდეგ განქორწინებას მოითხოვს და დაამტკიცებს, რომ ფული დახარჯა ოჯახურ ბიზნესზე, რომელიც გაკოტრდა.
– არა უშავს გეგმა ჰქონია და მე რა მომეთხოვება?
– ოფშორის ნაცვლად ფული მოხვდეს იქ, სადაც მას ადვილად აღმოაჩენს საგადასახადო და ფინანსური მონიტორინგი. ხოლო თვითონ რესტორანი დარღვევებით აშენდეს.
– ძვირი დაჯდება და დროსაც მოითხოვს.
– მე ორივე მაქვს. არაფერზე უკან არ დაიხიოთ.
***
სამი კვირის შემდეგ დათო ბინაში შევარდა, ახალი წლის ნაძვის ხის განათებასავით ბრწყინავდა.
– ან, წარმოუდგენელი სიახლე მაქვს! ფართი ჩემია! ხელშეკრულებას დღეს დილით მოვაწერეთ ხელი! – ანა ხელში აიყვანა და მისაღებ ოთახში დაატრიალა, – წარმოგიდგენია, როგორი რესტორანი იქნება? საავტორო სამზარეულო, ვარსკვლავური შეფ–მზარეული, საუკეთესო დიზაინერების ინტერიერი!
– გილოცავ, – ანამ ქმარს ბედნიერ თვალებს ჩახედა, – ფული როდის გჭირდება?
– ხვალ. გამყიდველები ჩქარობენ და ჩვენც ვჩქარობთ, რომ კონკურენტებმა არ დაგვასწრონ.
„რა თქმა უნდა, ჩქარობენ. რამაზმა კარგად იმუშავა. შექმნა ყალბი გამყიდველი ფირმა, რომელიც ხვალვე გაქრება და ყალბი დოკუმენტებისა და ფიქტიური ოპერაციების კვალს დატოვებს“, – გულში ზეიმობდა ანა. მეორე დილით დათო და ანა ბანკში ისხდნენ.
– რეკვიზიტები სწორია? – ჰკითხა ანამ დათოს.
– რა თქმა უნდა, ყველაფერი ზუსტია, ძვირფასო, – დათო აშკარად ნერვიულობდა, – ვერ წარმოიდგენ, როგორი მადლიერი ვარ. შენი მხარდაჭერის გარეშე საკუთარი ბიზნესის გახსნას ვერასდროს გავბედავდი!
– ჩვენ ხომ ოჯახი ვართ?! – ანამ ქმარს სიყვარულით გაუღიმა, – ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ. დათომ ცოლს ხელზე აკოცა...
დათო იმდენად იყო აჟიტირებული, რომ თავის ფლობა უჭირდა. მთელი საღამოს განმავლობაში გეგმებს აწყობდა, ანას მომავალი დაწესებულების ესკიზებს აჩვენებდა, ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ ფუფუნებაში იცხოვრებდნენ, როდესაც რესტორანი მოგების მოტანას დაიწყებდა.
– მთელი ქსელი ხომ არ გავხსნათ? – თქვა ოცნებებში წასულმა დათომ.
– მოდი, ჯერ ერთი გავხსნათ და მერე შევუტიოთ, როცა ავმუშავდებით, – მიეკრო ანა ქმარს.
– ჩემი ბრძენი ცოლი, გულიანი, გულუხვი და უსაზღვროდ წესიერი და მიმნდობი...
ანამ ტუჩზე იკბინა, რომ ხარხარი არ ატყდომოდა, დათომ ხომ არ იცოდა, რომ მისი „წესიერი“ ცოლი ციხის კამერას უმზადებდა აგერ უკვე სამი კვირა გახდებოდა.
***
ზუსტად ათიოდე დღის შემდეგ მათი ბინის კარზე, საღამოს ათ საათზე, ზარი დაირეკა. კართან უცხო მამაკაცი იდგა.
– დავით ძიძიგურს ვეძებ.
დათო გაფითრდა. მამაკაცმა მოწმობა ამოიღო.
– თქვენს ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ უნდა დაგელაპარაკოთ.
ანა სამზარეულოდან უყურებდა, როგორ წაუვიდა ფერი მის ქმარს, როგორ ებმებოდა ენა შეკითხვებზე პასუხისას, როდესაც ხვდებოდა. რომ მისი ლამაზი თაღლითური სქემა თავზე ენგრეოდა... და როდესაც დაუპატიჟებელი სტუმრები წავიდნენ, დათო გალიაში გამწყვდეული მხეცივით აწყდებოდა კედლიდან. ვერაფრით უკავშირდებოდა ფართის „გამყიდველებს“, პირად ანგარიშზე 200 000 დოლარი ერიცხებოდა, მაგრამ გამოტანას ვერ ახერხებდა.
– ან, რაღაც შეცდომაა, გარიგება სუფთაა, დოკუმენტები წესრიგშია. იქნებ მამაშენი დაგვეხმაროს? მას ხომ კავშირები აქვს...
– რა თქმა უნდა, დაგვეხმარება, – ანა თავზე ხელს უსვამდა და თანაგრძნობას განასახიერებდა, – ნუ ნერვიულობ ასე. ყველაფერი მოგვარდება.... მაგრამ არაფერი გვარდებოდა. პირიქით, ყოველდღიურად სიტუაცია უარესდებოდა.
***
ანა სასამართლო სხდომას დაესწრო, კმაყოფილებით უყურებდა თავის აწ უკვე ყოფილ ქმარს, თუმცა ვეღარ გრძნობდა ძველებურ სიამოვნებას, იმიტომ რომ ამ თამაშში საკუთარი ბნელი მხარეც დაინახა და ფინალში აღარ მოეწონა თავისი პერსონაჟი. დიახ, მას შეეძლო, თავშივე დაესრულებინა ეს ბინძური თამაში, მაგრამ ეგოიზმმა მაინც გადასძალა. ვერ აპატია დათოს, რომ სულელად ჩათვალა.
დაზამთრებულიყო. ანამ ფეხით გავლა გადაწყვიტა. არაფერს ნანობდა, თუმცა ეჭვი ღრღნიდა: „იქნებ ჯობდა, ყველაფერი დასაწყისშივე დამესრულებინა?! – მაგრამ იქვე საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა, – რაც იყო იყო, როგორც შემეძლო, ისე მოვიქეცი“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





