გაქცევა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.10
ეზოში შეშას ვჩეხავდი, ბუხრისთვის უნდა შემეკეთებინა, როდესაც ჭიშკარს შუა ხნის მამაკაცი მოადგა და შემომძახა:
– შეიძლება, შემოვიდე?
– სტუმარი ღვთისაა. მობრძანდი! – გავძახე უცნობს და ეზოში შემოსულს შუა გზაზე შევეგებე.
– ჯეიმსი, – გამეცნო ახალმოსული და ხელი ჩამომართვა. თუმცა, მის შავგვრემან ჰაბიტუსს საიდი ან აბდალა უფრო შეეფერებოდა, ვიდრე ჯეიმსი.
– სახლში შემობრძანდით, ბატონო ჯეიმს, – შევიპატიჟე სტუმარი.
მისაღებ ოთახში, სავარძლებში რომ მოვკალათდით, ახალმოსულმა ტყავის ჩანთა მაგიდაზე დადო. გახსნა და მითხრა:
– აქ დიდი ფულია. თუ ჩემს წინადადებას დათანხმდებით, შიგთავსი თქვენია და ხუთას ათასსაც მერე მიიღებთ, თუ არა და, მაშინ დაივიწყეთ ეს საუბარი და მე წავალ.
– აქ, ალბათ, მილიონი დოლარი მაინცაა.
– თითქმის გამოიცანით. ერთ-ნახევარი მილიონია.
– ორი მილიონი დოლარი დიდი ფულია და მის სანაცვლოდ რის გაკეთებას მთხოვთ?
ჯეიმსმა გამიღიმა და მითხრა:
– საიდ ხანი უნდა გაათავისუფლოთ.
– ვინ, ვინ? – ვერ მივხვდი, ვის გულისხმობდა ჯეიმსი.
– ნუთუ ასე მალე დაგავიწყდათ თქვენი ძველი კლიენტი? – გაეცინა ჯეიმსს.
საიდ ხანი ცნობილი საერთაშორისო ტერორისტი იყო. ის რუსეთის ტერიტორიაზე დავაპატიმრე ამ საუკუნის დასაწყისში. რუსებმა გაასამართლეს, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს და უმაღლესი კატეგორიით დაცულ საპყრობილეში გაამწესეს – კუნძულზე. იქიდან ოდესმე არამც თუ ვინმე გაქცეულა, ამის მცდელობაც კი არასდროს ყოფილა. მე კუნძულზე ორჯერ ვიყავი, ორივეჯერ ის ციხე საგულდაგულოდ დამათვალიერებინეს და დამარწმუნეს მის საიმედოობაში. ასეთი ინსპექცია კი ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის დავალებით ჩავატარე. მე მაშინ იქ ვმუშაობდი და ჩემი ბოლო საქმეც სწორედ საიდ ხანის დაპატიმრება იყო. რუსებს ეშინოდათ, რომ ეს საერთაშორისო ტერორისტი თავისიანებს საპყრობილედან არ გამოეხსნათ და კუნძულზე პირველად ამიტომ გამგზავნეს. მეორედ კი იქ საიდ ხანის დასაკითხად ვიმყოფებოდი. ცენტრის ხელმძღვანელს აინტერესებდა, ტერორისტს კიდევ სხვა, დამატებითი ფინანსური საიდუმლო ანგარიშები ხომ არ ჰქონდა სადმე, მაგრამ ტერორისტმა კატეგორიულად უარყო ეს და ასეთი პასუხით დავბრუნდი კუნძულიდან მოსკოვში. სულ მალე გენერალთან კონფლიქტი მომივიდა: ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა მიუტევებელი შეურაცხყოფა მომაყენა და შავტრაკა ნაცუმცირესობა მიწოდა. ამის გამო სახალხოდ ისეთი შემოვკარი ყბაში, რომ ამოუვარდა. ამ ინციდენტს უამრავი ადამიანი შეესწრო და რაც არ უნდა უცნაური იყოს, არ დამაპატიმრეს. თუმცა, სამსახურიდან წამოსვლა მომიწია და სამშობლოში დავბრუნდი. ჩემი ძველი კოლეგები თანამიგრძნობდნენ, გენერალს ამტყუნებდნენ და მადლობასაც კი მიხდიდნენ – ჩვენი ჯავრი ამოიყარეო. სულ მალე გენერალი „ეფესბემ“ დააპატიმრა და ტერორისტების მფარველობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, მან ციხეში თავი ჩამოიხრჩო. ამის მერე ხმა დაირხა, გენერალი მოაკვლევინეს, რომ ის ხალხი არ გაეცა, ვისთანაც წილი მიჰქონდაო.
ასე იყო თუ ისე, მე უკვე ხუთი წლის წამოსული ვიყავი რუსეთიდან. ჩემი ცოლ-შვილი კი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რადგან ჩემი ერთადერთი ქალიშვილი უმაღლესში სწავლობდა და დედამისი მას მარტო არ ტოვებდა ევროპაში. ისინი დროდადრო საქართველოში ჩამოდიოდნენ. მეც ვაკითხავდი მათ და როცა ჯეიმსი მესტუმრა, ორი დღის მერე უნდა გავმგზავრებულიყავი.
ჯეიმსის მოთხოვნა რომ მოვისმინე, რა უნდა გამეკეთებინა ორი მილიონი დოლარის სანაცვლოდ, გამეცინა და ვუთხარი:
– ბატონო ჯეიმს, საიდ ხანის კუნძულიდან გათავისუფლება ფანტასტიკის სფეროს სცდება. უფრო ადვილია თეთრი სახლიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოტაცება, ვიდრე საიდ ხანის გამოხსნა კუნძულიდან.
– როგორც ვიცი, გენერალ მაშკოვს კარგად იცნობთ.
– საპყრობილის უფროსს?
– დიახ.
– კი. კარგად ვიცნობ.
– ჰოდა, საიდ ხანს მისი მეშვეობით გაათავისუფლებთ.
თავი ვეღარ შევიკავე, გულიანად გადავიხარხარე და ვიზიტორს ვუთხარი:
– ბატონო ჯეიმს, ტყუილად კარგავთ დროს. მე რომც დაგთანხმდეთ საერთაშორისო ტერორისტის გათავისუფლებაში მონაწილეობაზე, მაშკოვი არ წამოვა ამაზე. როგორც ვხვდები, თქვენ მთავაზობთ, რომ მას ფული შევთავაზო პატიმრის გაქცევაში.
– დიახ. არ ცდებით. მაშკოვს, ვფიქრობ, ორ მილიონი დოლარი ეყოფა ამ საქმის გასაკეთებლად და შემდგომ კი მიმალვისთვის.
– აქედან მიბრძანდით, ბატონო ჯეიმს... ჩათვალეთ, რომ ჩემთვის არაფერი გითქვამთ.
– ნუ ცხარობთ, პოლკოვნიკო, ნუ ცხარობთ. გენერალ მაშკოვს ახლა ფული ჰაერივით სჭირდება. ყველასგან ის არ აიღებს – შეეშინდება. ამ საქმეს ნაცნობი სჭირდება და თქვენ ამიტომ აგირჩიეთ. თუ უარს იტყვით, სხვას მოვძებნით, ამას კი დრო სჭირდება, დრო კი არ ითმენს.
– რა სჭირს გენერალ მაშკოვს?
– მისი ერთადერთი ქალიშვილი უმძიმესი ვირუსითაა ინფიცირებული. მას მხოლოდ შეერთებულ შტატებში კურნავენ და მილიონი დოლარი ჯდება. მაშკოვმა ხელმძღვანელობას სთხოვა დახმარება, მაგრამ უარი მიიღო. აი, ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქმე გამოვა.
ჯეიმსის სიტყვებმა ჩამაფიქრა და ვკითხე:
– ისეთი რა ფასეულია ეგ თქვენი ტერორისტი, რომ ამდენ ფულს ხარჯავთ მისთვის?
– ჩვენებს გასაჭირში არ ვტოვებთ, – მოკლედ მომიჭრა ჯეიმსმა.
– თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით?
– ნდობით აღჭურვილი პირი.
– ტერორისტების?
– რა საჭიროა ასეთი უხეში ეპითეტები. იდეური ადამიანების.
– არ გეშინიათ, რომ ამ იდეურობის გამო შესაბამის ორგანოებს ჩაგაბაროთ?
– სულაც არა, ბატონო პოლკოვნიკო. ეს შესაბამისი ორგანოები ჩემს გასათავისუფლებლად იმ თანხის მეასედსაც დასჯერდებიან, რასაც თქვენ გთავაზობთ. თანაც, პრობლემებსაც შეგიქმნიან ცილისწამებისთვის.
– მემუქრებით?
– სულაც არა. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ სიმართლეს ვამბობ?
– ჯეიმსი მართალი იყო. მაგრამ, მე მას არ დავთანხმებივარ. არც ვინმე დამიცავს და ვუთხარი:
– შევეცდები გენერალ მაშკოვთან დალაპარაკებას და თუ დამენთანხმა, ფულის გადაცემა როგორ უნდა მოხდეს?
– ორ მილიონს მივცემთ, ბარათით ან ქეშად, როგორც თვითონ მოინდომებს. თქვენ კი ამ თანხას დაგიტოვებთ და დანარჩენსაც მაშინვე მოგცემთ, როგორც კი გენერალი საიდ ხანის გათავისუფლებას დაგთანხმდებათ.
– მაწყობს. პასუხისთვის სად შეგხვდეთ?
– რუსეთში.
ჯეიმსი წავიდა და თავისი მობილური ტელეფონის ნომერი დამიტოვა. ფული საიმედოდ შევინახე. შემდეგ ჩემებს დავურეკე და ვუთხარი, რომ მათთან ერთ კვირაში ჩავიდოდი. მეორე დღეს კი რუსეთში გადავფრინდი. რამდენიმე გადაჯდომა განვახორციელე და იმ რაიონში ჩავედი, სადაც „კუნძული“ მდებარეობდა. გენერალ მაშკოვს დილით, მისი სახლის სადარბაზოსთან დავხვდი. მან მიცნო, ხელი ჩამომართვა და გაოცებულმა მკითხა:
– აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ, პოლკოვნიკო? რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ სამშობლოში დაბრუნდით. გენერალთან მოგსვლიათ კონფლიქტი. შემდგომ კი ის გენერალი ციხის საკანში აღმოაჩინეს ჩამომხრჩვალი.
– დიახ. სწორედ მასე იყო. აქ კი თქვენთან დასალაპარაკებლად ჩამოვედი.
– საინტერესოა. გისმენთ, პოლკოვნიკო. ბრძანეთ.
– ქუჩაში უხერხულია.
– კარგი. მყუდრო ადგილზე დავსხდეთ. ბოდიში, რომ სახლში არ გეპატიჟებით. არეულობა მაქვს, თანაც მარტო არ ვარ და ხელს შეგვიშლიან. ამიტომ სხვაგან წავიდეთ, – მითხრა გენერალმა. თავის მანქანაში ჩამსვა და ადგილიდან დაძრა.
ოციოდე წუთის შემდეგ ერთ მყუდრო კაფეში შევედით. ორი ყავა შევუკვეთეთ. გენერალმა გააბოლა და მე შორიდან დავიწყე:
– გენერალო, ვიცი, რომ ულამაზესი ქალიშვილი ვერაგი ვირუსით გყავთ დაავადებული და რომ მისი განკურნება ამერიკის შეერთებულ შტატებშია შესაძლებელი. მკურნალობა კი მილიონი დოლარამდე ღირს. ისიც ვიცი, რომ მთავრობამ დახმარებაზე უარი გითხრათ.
– კი. სწორედ მასეა. სასოწარკვეთაში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი, რა ვქნა.
– გამოსავალს მე შემოგთავაზებთ, გენერალო, მაგრამ ძალიან გთხოვთ, არ გაცეცხლდეთ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ.
– გისმენთ.
მაშკოვს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს ვუთხარი:
– აი, ასეა საქმე.
გენერალი ჩაფიქრდა და მკითხა:
– თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე?
– შვილს გადავარჩენდი, – მტკიცედ და გულწრფელად ვუთხარი მაშკოვს.
– მეც მასე მოვიქცევი.
– თუ ასეა, მაშინ მე ახლა დავრეკავ და ფულს მიიღებთ. უბრალოდ, თქვით, როგორი ფორმით გსურთ ორი მილიონი დოლარის მიღება?
– მხოლოდ ქეშად. მაგრამ, გარკვეული მოქმედების შემდეგ. იმ კაცს შემახვედრეთ და ჩემს პირობას მაშინ გეტყვით.
– კარგი, – ვთქვი და ჯეიმსს დავურეკე, რომელიც 20 წუთში ორმილიონ-ნახევარი დოლარით მოვიდა. ფული მას უზარმაზარ ტყავის ჩანთაში ჰქონდა ჩადებული.
გენერალმა მაშკოვმა მას უთხრა:
– საიდ ხანს მხოლოდ მას შემდეგ გამოვიყვან ციხიდან, როცა ჩემი ცოლ-შვილი ნიუ-იორკის კლინიკიდან სკაიპში დამელაპარაკებიან.
ჯეიმსს გაეცინა და გენერალს უთხრა:
– ბატონო მაშკოვ, მოვლენების ასეთი განვითარება ჩვენ წინასწარ გავითვალისწინეთ. ყველაფერი მზადაა და შეგიძლიათ, თქვენი ცოლ-შვილი ახლავე გაამგზავროთ ნიუ-იორკში. კერძო თვითმფრინავით ჯერ ევროპაში ჩაფრინდებიან, იქიდან კი – უკვე შტატებში. ეს ოპერაცია, სულ რაღაც, 24 საათში განხორციელდება.
– ამ საღამოს, რვა საათზე რომ იყოს? – თქვა გენერალმა.
– იყოს, – დაეთანხმა ჯეიმსი და დაამატა, – მხოლოდ, ბატონო გენერალო, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ საიდ ხანი უვნებელი უნდა ჩაგვაბაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ.
– სადაც მეტყვით, იქ მოვიყვან საიდ ხანს.
ჯეიმსმა ჩემზე მიუთითა გენერალს და უთხრა:
– ბატონ პოლკოვნიკს გადაეცით და ის ჩამოგვიყვანს დანიშნულ ადგილზე.
– როგორც იტყვით, – თქვა მაშკოვმა.
მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და ჯეიმსს ვუთხარი:
– სად უნდა მოვიყვანო?
– მოგვიანებით შეგატყობინებთ. ხვალ შევხვდებით ერთმანეთს, მას შემდეგ, რაც გენერლის ცოლ-შვილი ნიუ-იორკში იქნება და ჩვენს ძმასაც ბატონი მაშკოვი ღამით გამოიყვანს ციხიდან, – მითხრა ჯეიმსმა. შემდგომ კი მაშკოვს მიუბრუნდა:
– ბატონო გენერალო, ამ საღამოს, ზუსტად 8 საათზე სასწრაფო მოგაკითხავთ სახლში და თქვენს ცოლ-შვილს წაიყვანენ.
– კარგი. გელოდებით.
– წავედი. შეხვედრამდე! – თქვა ჯეიმსმა და წავიდა.
– წამოდი, პოლკოვნიკო, ჩემთან. როგორც ჩანს, მინიმუმ, ორი დღე ერთად მოგვიწევს ყოფნა, – მითხრა მაშკოვმა და მისი სახლისკენ გავემართეთ.
გენერალს ულამაზესი, 20 წლის გოგონა ჰყავდა და მისი შემხედვარე იტყოდით: ამაზე სრულყოფილი ქმნილება ქვეყნად არ არსებობსო. მაშკოვის ცოლიც ძალიან ლამაზი ქალი იყო. თუმცა, სახეზე მას უზომო დარდი ჰქონდა აღბეჭდილი. გენერალმა მათ ჩემი თავი ასე გააცნო:
– ეს ადამიანი საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელია. მან ჩვენი გოგონას მკურნალობის თანხა მოიტანა და დღეს 8 საათზე ნიუ-იორკში მიფრინავთ სამკურნალოდ.
– ხუმრობ? – არ დაიჯერა მაშკოვის ცოლმა.
გენერალმა კი ტყავის ჩანთა გახსნა და ცოლს უთხრა:
– აქ ორ-ნახევარი მილიონი დოლარია. აქედან ორი მილიონი ჩვენია. დანარჩენი კი – სხვისი. ჩვენს თანხას თქვენ ნიუ-იორკში წაიღებთ და რაც მკურნალობის თანხიდან დარჩება, შეინახავ.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





