მადლიერების ფასი
ავტორი: ნია დვალი 20:00 16.10
ლია ყოველთვის ფიქრობდა, რომ მათი სახლი მშვიდი და ერთადერთი ნავსაყუდელი იყო მისთვის. ის შვიდი წლის განმავლობაში უვლიდა და ეფერებოდა ამ სიმყუდროვეს. ძველ უბანში მდგარ მაღალჭერიან სახლში, რომელსაც ოდნავ დაჰკრავდა სიძველისა და ვინტაჟის იერი, მუდამ ვანილის ნამცხვრის სურნელი ტრიალებდა, ფარდები ჰაეროვანი და კამკამა იყო, ლამაზად ეკიდა, მათ ფორმას ყოველთვიურად უცვლიდა დიასახლისი. სახლი ბრწყინავდა, იმდენად იდეალურად იყო დალაგებული ყოველთვის და იმავდროულად, სულაც, არ იყო უსიცოცხლო, პირიქით, მისი თითოეული კუთხე სუნთქავდა და სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა და არა მარტო გარედან. კარადებში ყველა ნივთი, თვით ყველაზე უმნიშვნელოც კი, თავის ადგილას იდო, ისე, რომ გეგონებოდა, დიასახლისი ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით სწვდებოდა მათ, როდესაც სჭირდებოდა მათი გამოღება. ქმრის პერანგები, უზადოდ დაუთოებული, კარადაში იმგვარად ეკიდა, იფიქრებდი, საცაა, გაფრინდებიანო. ყველგან იგრძნობოდა სიმსუბუქე და ჰაეროვნება. რაც მთავარია, სიყვარული.
ლია საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა და თუმცა შემოსავალი არც თუ დიდი ჰქონდა, იმდენად მოხერხებულად განკარგავდა თავის მწირ ფინანსებს, რომ მის სახლში კეთილდღეობა წყაროსავით მოჩუხჩუხებდა. რამაზი დეველოპერულ კომპანიაში მუშაობდა და აწყობილ ყოფას აღიქვამდა, როგორც რაღაც ბუნებრივს, თავისთავად არსებულსა და ნაგულისხმევს.
იმ საღამოს ლია მოუთმენლად ელოდა ქმრის დაბრუნებას: დედამისის იუბილე უახლოვდებოდა: ქალბატონი მარიამი სამოცი წლის ხდებოდა. ლიას დედა რაიონში ცხოვრობდა და იქვე მუშაობდა ექთნად. უამრავი ადამიანი ჰყავდა მადლიერი და გადარჩენილი, თუმცა მთელი ცხოვრება შრომობდა და საკუთარი თავისთვის ვერ იცლიდა, ამიტომაც ლია ფულს აგროვებდა, უნდოდა, დედამისისთვის სიურპრიზი მოეწყო და თურქეთში გაეშვა დასასვენებლად.
უკვე ხედავდა კიდეც, როგორ დასეირნობდა დედამისი კეთილმოწყობილ სანაპიროზე, აუზში ცურავდა და უდიდეს სიამოვნებას იღებდა კომფორტული დასვენებისგან. ამის წარმოდგენაზე ლიას ეღიმებოდა და გულში სითბო ეღვრებოდა, იმდენად უნდოდა, რომ დედამისს ერთხელ მაინც ეგრძნო ცხოვრებაში ნამდვილი ფუფუნება და განებივრება.
***
რამაზმა კარი გააღო და გასაღები უდიერად მოისროლა შემოსასვლელში მდგარ კონსოლზე, რომელმაც უსიამოვნოდ დაიწკარუნა. სამზარეულოში გაშლილ მაგიდას არც კი შეხედა. არადა, ლია ძალიან ეცადა...
– რამაზ, დღეს დედაჩემს ვუყიდე ათდღიანი დასვენება თურქეთში! – სიხარულით წამოიძახა ლიამ.
რამაზმა აუჩქარებლად გაიხადა პიჯაკი, ჰალსტუხი მოიხსნა და შვების ნაცვლად სახე უცბად ერთიანად დაეძაბა:
– ლია, – ცივად თქვა მან, – ახლა სამსახურში რთული პერიოდი მაქვს. ბონუსები შემიმცირეს, პროექტი ჩავარდა. ვვარაუდობდი, რომ თანხა, რომელსაც შენ აგროვებდი, კოტეჯის რემონტისთვის გამოგვადგებოდა.
ლია გაშრა და დაიბნა კიდეც: კოტეჯის რემონტისთვის ეს თანხა საკმარისი არ არის და, თან, შენ ჩემზე სამჯერ მეტი ხელფასი გაქვს, მე უნდა გავარემონტო კოტეჯი? – ლია თავადაც არ მოელოდა, თუ ამას იტყოდა.
– დიახ, მე სამჯერ და უფრო მეტჯერ მეტსაც ვიღებ და ოჯახს მე ვარჩენ.
ლია კიდევ უფრო დაიბნა ამის გაგონებაზე:
– მამადლი? – ჰკითხა ქმარს.
– არა, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. ერთადერთხელ შეგეძლო, დამხმარებოდი და ეს გამოაგდე. წავიდეს მომავალ წელს. ახლა კოტეჯია დასამთავრებელი. უკან გამოართვი თანხა კომპანიას... და რამდენი გადაიხადე? – რატომღაც, დაინტერესდა ქმარი.
ლია ამ კითხვას არ ელოდა, ამიტომ ენა დაება:
– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ შენი ფული არ ამიღია?
რამაზმა მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ცოლს:
– დაითვალე, რამდენ ხანს გეყოფოდა შენი ხელფასი, მე რომ არ ვიყო?
– მე არ ვიცოდი, თუ ჩვენ ასე ვანგარიშობდით ოჯახურ ხარჯებს, – არ დაუთმო ლიამ.
– შენ დაიწყე ანგარიში და უკითხავად გადაწყვიტე თანხის დახარჯვა. მოკლედ, უკან გამოითხოვ თანხას და კოტეჯისთვის კარ-ფანჯარას შევიძენთ და დავამონტაჟებთ.
ლიას ცრემლები მოაწვა თვალებზე და ამიტომ ოთახიდან ნაჩქარევად გავიდა. რამაზი კი ღიღინ-ღიღინით აბაზანაში შევიდა და წყალი მოუშვა.
ლია მიხვდა, რომ ქმარი აბაზანის მიღებას აპირებდა...
***
მეორე დილით, როდესაც რამაზი სამსახურში წავიდა, ლიამ თავისი ძველი ჩემოდანი გამოიტანა და ყველაზე აუცილებელი ნივთები ჩაალაგა. სარკესთან წამით შეყოვნდა და საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა: ფერმკრთალი სახე, დაღლილი, მაგრამ ამ დაღლილ სახესაც კი თვალები უნათებდა – მათში სიმტკიცე გამოსჭვიოდა და ლიამ იცოდა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, რაც ძალას ჰმატებდა.
– ყველაფერს დავძლევ, – უთხრა საკუთარ გამოსახულებას, – დედაჩემიც წავა თურქეთში დასასვენებლად და მეც თავიდან დავიწყებ ცხოვრებას.
ბინის გასაღები მაგიდაზე დადო, სადაც საუზმე ხელუხლებელი იყო – რამაზი ისევ ნაჩქარევად წავიდა სამსახურში. მსუბუქად წახემსების გარეშე, რაც ბოლო დროს უკვე წესად ექცა.
ლიამ იცოდა, რასაც აკეთებდა, რატომაც აკეთებდა და ვისთან მიდიოდა. მის თავში მოქმედების გეგმის დეტალები უკვე მომწიფებულიყო.
თავის ბავშვობის მეგობართან, ნანასთან მივიდა. ნანას ტანსაცმლის ატელიე ჰქონდა, რომელსაც ბევრი კლიენტი არ ჰყავდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჰყავდა მუდმივი კლიენტები.
ნანას მეგობრის დანახვა გაუხარდა, მაგრამ როდესაც ლიას ჩემოდანს შეავლო თვალი, მიხვდა, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო,:
– მოხდა რამე?
ლიამ თავი დაუქნია:
– ნან, სამუშაო მჭირდება. ნებისმიერი და ღამის გასათევი, რამდენიმე დღით, მერე რამეს მოვიფიქრებ, – ლიას ხმაში არც შიში იგრძნობოდა და არც მერყეობა.
და ნანა ყველაფერს მიხვდა, მიხვდა უთქმელად:
– მაინც ამოგიყვანა ხომ ყელში შენმა რამაზმა? – ჰკითხა ნანამ, – შემოდი. დივანიც მოიძებნება და სხვა დანარჩენიც. ოქროს ხელები გაქვს. გახსოვს, გამოსაშვები საღამოსთვის კაბა რომ თავად გადააკეთე? თან, მაშინ ნემსის ჭერაც კი არ იცოდი?!
ლიას გაახსენდა და გამხიარულდა.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, რომ გახსოვს, შეკვეთებში დამეხმარები, ცხელი სეზონია. ყველა რაღაცას იკერავს, შეპყრობილებივით არიან...
***
ასე დაიწყო ლიას ცხოვრებაში ახალი თავი: დღისით ლია ბიბლიოთეკაში იყო, ხოლო საღამოობით საკერავ მანქანასთან იჯდა. თითები სტკიოდა, თვალები ეღლებოდა და ეცრემლებოდა, მაგრამ ყოველი შეკვეთის შემდეგ მასში თავდაჯერებულობა იზრდებოდა.
ერთხელაც ნანას სახელოსნოში ერთ–ერთი სამხატვრო სალონის დირექტორმა შეიხედა, ნამუშევრები შეათვალიერა და ნანას მიმართა:
– გავიგე, ახალი მკერავი გყავს, ოქროს ხელები აქვსო. ბრენდულ ტანსაცმელს ისე ამსგავსებს, ვერც გაარჩევო.
ნანამ კმაყოფილებით ჩაიღიმა:
– დიახ, ჩვენი ხარისხი იზრდება.
– ძალიან კარგი. ძველი სცენური სამოსის აღდგენა მინდა ბისერითა და მარგალიტებითაა ნაქარგი. კარგა ხანია, მინდა, აღვადგინო, მაგრამ ვერავის ვანდობდი. მინდა, ვცადო თქვენს... – და ქალბატონმა ელისომ ლიასკენ მიიხედა, თითქოს ის სახელს ვერ იხსენებსო...
ამიტომ ნანა შეეშველა:
– ლიას.
– დიახ, დიახ, თქვენს ლიას მინდა, მივანდო, – შემდეგ კი ლიასკენ შეტრიალდა, – ხომ ცდი, ძვირფასო?
ლიამ საქმიანად უასუხა:
– ჯერ უნდა ვნახო, შევძლებ თუ არა. დავათვალიერებ ნამუშევარს და პასუხს გეტყვით.
ქალბატონმა ელისომ კმაყოფილებით დააქნია თავი.
– მიყვარს პროფესიონალებთან მუშაობა, რომლებიც შეკვეთებსა და ფულს არ არიან დახარბებულები... არავინ ჰკიდებს ხელს, – ამოიოხრა დანანებით, – ძალზე ფაქიზი ნამუშევარია.
შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო და ჩანთა გახსნა, ულამაზესი მოსასხამი ამოიღო და ლიას წინ დაუდო.
ლია წამოდგა. მოსასხამი მაგიდაზე გაშალა და ხელი გადაუსვა. შემდეგ ნაკერებს დახედა. დიდხანს უტრიალა და ბოლოს ქალბატონს მიუტრიალდა;
– ავიღებ ამ სამუშაოს...
***
ლიას პირველი ნამუშევარი შესანიშნავი გამოვიდა. არც კი ეტყობოდა, რომ განახლებული იყო, თითქოს იმავე ძაფებით იყო ნაკერი, როგორითაც თავის დროზე შეკერეს. ქალბატონი ელისო ძალიან გამხიარულდა და მეორე ჯერზე რამდენიმე სასცენო კაბა მოიტანა.
ორი კვირის განმავლობაში ლია დღე და ღამ იმ კაბებით ცხოვრობდა, თითქოს ხელოვნების ნიმუშებს აცოცხლებდა. ისე გაიტაცა მუშაობამ ერთგვარად ფრთები გამოასხა. სხვა აღარაფერი აინტერესებდა, თუმცა ქმარი არ ასვენებდა.
რამაზი შეტყობინებას შეტყობინებაზე უგზავნიდა – მუქარებით დაიწყო და ბოლოს თხოვნაზე გადავიდა, მაგრამ ლია მას არ პასუხობდა. მისი ყურადღება მთლიანად ჩაყლაპეს ორნამენტებმა, მძივების ბრწყინვალებამ, უშვიათმა ძველმა ქსოვილებმა...
ნამუშევრებს არავის აჩვენებდა, ნანასაც კი, როდესაც დათქმული ვადა მოახლოვდა, ქალბატონი ელისო კვლავ გამოჩნდა ატელიეში და გაოცებისგან თეატრალურად შეჰკივლა, როდესაც აღდგენილ კაბებს დახედა:
– იშვიათი ნიჭი გაქვთ, ძვირფასო. რამდენი უნდა გადავიხადო?
ლიამ გაიღიმა, იმიტომ რომ ანაზღაურებაზე არც კი უფიქრია. ეს სამუშაო მისთვის გამოცდასავით იყო, არ მიდგომია, როგორც შეკვეთას, უფრო საკუთარი ძალები მოსინჯა და საკუთარი ნიჭი დახვეწა. ამიტომ მხრები აიჩეჩა.
– საოცრებაა, საოცრებაა, – იმეორებდა გაოგნებული ქალბატონი ელისო და კაბებს ხელს უსვამდა, თითქოს ეფერებაო.
ლიამ იგრძნო, რომ მის ცხოვრებაში რაღაც გარდატეხა მოხდა. ეს გრძნობა შინაგანად დაეუფლა, მთელი სხეულითა და გულით შეიგრძნობდა, თუმცა ჯერ სახელს ვერ არქმევდა, მაგრამ იცოდა, რომ სრულიად ახალი გზა იწყებოდა, აქამდე მისთვის უცნობი და ძალიან საინტერესო...
ამ სამუშაოს შესრულების შემდეგ ლიას სახელი ვირუსივით გავრცელდა. მას პატივისცემით ეპყრობოდნენ და ისე უყურებდნენ, როგორც უიშვიათეს ეგზემპლარს, რომელმაც ქსოვილების ენა იცოდა და ჯადოქარივით კერავდა, ქმნიდა და ალამაზებდა ნაცრისფერ ყოფას...
***
ერთ საღამოსაც, როდესაც ატელიედან გამოვიდა, კუთხეში ყოფილი ქმრის სილუეტი დალანდა. სცადა, გასცლოდა, მაგრამ რამაზი უკან დაედევნა:
– რა ბავშვივით გარბიხარ, – ქალს დაეწია და უხეშად შემოატრიალა თავისკენ, – გეყოფა დამოუკიდებლობის თამაში, სახლში დაბრუნდი, თორემ განქორწინებაზე შევიტან განცხადებას. იმედია, გახსოვს, რომ ბინა დედაჩემზეა გაფორმებული, ცარიელ-ტარიელი დარჩები.
– მე უკვე წამოვედი იმ სახლიდან, რომელიც დედაშენზეა გაფორმებული, – მშვიდად უპასუხა ლიამ, – და შენი არაფერი მჭირდება.
– რამ გაგამამაცა? – უცებ გაბრაზდა რამაზი, – ვინმე გაიჩინე?
ლიამ გადაიხარხარა.
– შენი ფანტაზია ამ ბანალურ სიუჟეტს ვერ სცილდება?
– ეს როგორი სიტყვები გისწავლია? – დაიგესლა რამაზი.
– მე ეს სიტყვები დიდი ხანია, ვიცი, შენ კი, მგონი, საკმაოდ ბევრი სიტყვის აზრი არ გესმის.
მოულონელად რამაზი მოლბა:
– კარგი, რა, ლიკა, გეყოფა, ნუ ჯიუტობ. მე და შენ ხომ ძალიან კარგად ვცხოვრობდით...
– არა, ეს შენ ცხოვრობდი კარგად, მე კი ინტერიერის რობოტი ვიყავი, რომელსაც შენთვის კონფორტი უნდა შეექმნა. მე მეგონა, რომ ეს სწორი იყო და მსიამოვნებდა, რომ ვერც კი ამჩნევდი, რიგორ იქმნებოდა სიმყუდროვე და რომ ყველაფერი შენზე იყო მორგებული. ახლა სხვა ინტერიერს მოვერგე. არა, კი არ მოვერგე, ჩემი ინტერიერი შევქმენი ჩემთვის, სადაც პატივს მცემენ და ძალიან კარგადაც მიხდიან. ისე კი, ჩემი დრო ფული ღირს და შენ მე უკვე საკმაოდ დამაკარგვინე, – ლიამ უხეშად მოიშორა ქმრის ხელი: მე თავად შევიტან განცხადებას განქორწინებაზე. შვილები ჩვენ არ გვყავს და არც საერთო ქონება გვაქვს. ასე რომ, მარტივად გავეყრებით. ხოლო, თუ კიდევ მოხვალ და შემაწუხებ, უბრალოდ, 112–ში დავრეკავ.
რამაზი ერთხანს გაოგნებული იდგა, შემდეგ მიტრიალდა და თავისი მანქანისკენ წავიდა. ლია წელში გასწორდა და ისიც თავის გზას გაუდგა, მართალია, ავტობუსის გაჩერებისკენ, მაგრამ საკუთარი ღირსების სრული შეგრძნებით, რომელსაც ვერც ავტობუსი დააკლებდა რამეს და ვერც სამსახურებრივი მანქანა შეჰმატებდა. სიმსუბუქე იგრძნო, სიმსუბუქე და თავისუფლება...
***
ლიას მიერ აღდგენილი კაბებით პრემიერამ ტრიუმფით ჩაიარა. ქალბატონმა ელისომ სპექტაკლის ბოლოს სცენაზე ლია გაიყვანა. მაყურებელს გააცნო და დარბაზი მას ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს.
რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქის ცენტრში ტანსაცმლის ახალი სალონი გაიხსნა, სადაც ყველა ასაკის ქალბატონები თავიანთი ოცნებების ასასრულებლად მიდიოდნენ...
ლია ახლაც იმავეს აკეთებდა, რასაც იმ ბინაში, რომელშიც ერთ დროს რამაზთან ერთად ცხოვრობდა – ალამაზებდა და სითბოთ ავსებდა გარემოსა და ყველაფერს, რასაც ეხებოდა. უბრალოდ, ახლა მისი მადლიერიც იყვნენ და არც გასამრჯელოს იშურებდნენ მისთვის, არც კეთილ სიტყვებს და არც სამადლობელს.
ლია ბედნიერი იყო, აკეთებდა იმას, რაც უყვარდა, თუმცა ხანდახან ისიც აფიქრებდა, რომ ისიც უყვარდა, რასაც რამაზისა და ერთ დროს თავის სახლშიც აკეთებდა და ამიტომ უნებურად საკუთარ თავს ეკითხებოდა: ნუთუ ასეთი აუცილებელია მადლიერება, რომ სრულად შეიგრძნო ბედნიერება?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





