დიდი ბებიის ზარდახშა
ავტორი: ნია დვალი 20:00
– ნუ ეხები, გთხოვ, – რბილად თქვა ქეთომ და პატარა ხის ზარდახშა თავისკენ მიიწია. – მაშინ გაიხსნება, როცა ამის დრო მოვა.
ფართო მისაღებ ოთახში ოჯახის ყველა წევრი შეკრებილიყო. მთელ სახლში ახალგამომცხვარი ფუნთუშების სურნელი იდგა, მაგიდაზე ფინჯნები ეწყო, ხოლო სარწეველაში წყნარად ფშვინავდა სანდრა, რომელიც ჯერ ერთი თვისაც არ იყო. ნოდარი სავარძელში იჯდა და ნერვულად აქანავებდა ფეხს. ქალბატონი ლალი დივნის მოპირდაპირედ მოკალათებულიყო, სიმივით გამართული და თვალს არ აშორებდა ამ ზარდახშას, რომელიც ქეთოს წინ იდო.
– რა სამეფო კარის საიდუმლოებებია, – ჩაილაპარაკა მან, – ჩვენს ოჯახში ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. გახსენი, შევხედოთ.
– ქალბატონო ლალი, ყველაფერს თავისი დრო აქვს, – გაიღიმა ქეთომ, – ეს საჩუქარია. საჩუქრებს კი სხვისი მითითებებით არ ხსნიან.
– ვისგანაა საჩუქარი? – თვალები მოჭუტა დედამთილმა.
– შეიტყობთ. გპირდებით, პირველი იქნებით, ვინც ამას გაიგებს.
ნოდარი წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა და სარწეველასთან გაჩერდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს გააცურესო.
– ქეთო, მე ხომ ბიჭს ველოდებოდი, – ამოიოხრა მან, – ყველანი ბიჭს ელოდნენ. დედაჩემიც და მეც.
– ასე გამოვიდა, – მშვიდად გაიმეორა ქეთომ, – ნოდარ, ჩვენს ქალიშვილზე ისე ლაპარაკობ, როგორც წუნდებულ პარტიაზე. ის აქ არის და, სხვათა შორის, ყველაფერი ესმის. ბავშვებს იმაზე მეტი ესმით, ვიდრე ჩვენ გვგონია.
– კარგი რა, სძინავს, ხომ ხედავ?!
– სძინავს. შენ კი შენს თავს მოუსმინე. მე მთელი ეს თვეები ბედნიერი დავდიოდი და ყოველი დღით ვხარობდი, შენ კი ამბობ, რომ სხვა რამეს ელოდებოდი.
ნოდარი მიტრიალდა, სახე დაეძაბა და გაჩუმდა. ქეთო მას უყურებდა ისეთი მოთმინებითა და სიმშვიდით, როგორიც აქვს ადამიანს, რომელსაც მრავალჯერ აუვლია გვერდი სხვისი ახირებებისთვის და იცის, რომ საკუთარი ენერგია სხვების სისულელეში არ უნდა გაფლანგოს.
– მიხვდები, რომ ტყუილად ბრაზობ. ბევრი დრო არ დაგჭირდება ამისთვის, – უთხრა ქმარს ქეთომ.
დედამთილი კიდევ უფრო გაიმართა სკამზე, თუმცა ისედაც სიმივით მოჭიმული იყო და საცაა, გაწყდებოდა.
– მიხვდება, როგორ არა, – წარმოთქვა რძლის ინტონაციით, – მიხვდება, როდესაც გვარი შეწყდება. გვარის გამგრძელებელი სხვა არავინ არის. შენ კი ვინ გააჩინე? გოგო!
– ქალბატონო ლალი, გოგონა ადამიანია და არა გოგო, – ისევ მშვიდად თქვა ქეთომ, – მოდი, ჩაის დაგისხამთ და ვილაპარაკოთ, როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა.
– ჩაი! ჩაიზე მელაპარაკება! – დედამთილმა ხელები გაასავსავა, – მე მთელი სულითა და გულით მოვედი, ესენი კი ზარდახშებს მალავენ და თავის მართლებით მკვებავენ. საერთოდ თუ ხვდები, რა ოჯახში შემოხვედი? ჩვენთან უფროსების მოსმენაა მიღებული.
– ვუსმენ, – თავი დაუქნია ქეთომ, – ყურადღებად ვარ ქცეული. მხოლოდ უფრო ხმამაღლა ნუ ილაპარაკებთ, სანდრას გაეღვიძება და მაშინ ვეღარც ვილაპარაკებთ.
– არ გაბედო, ჩემი შვილის სახლში ჩემთვის მითითებების მოცემა!
– დიახ, სახლში, რომლის იპოთეკასაც მე და ნოდარი ვიხდით, – რბილად შეუსწორა ნათქვამი რძალმა დედამთილს, – მაგრამ ეს წვრილმანია. მოდი, არსებითად ვილაპარაკოთ.
ქალბატონი ლალი რძლისკენ გადაიხარა და სიტყვები მისგან ისე გადმოიღვარა, როგორც გამსკდარი მილიდან:
– არსებითად? შენ ქალიშვილი გააჩინე, ჩვენ კი მემკვიდრე გვჭირდება, – და ზიზღით გაიშვირა ხელი აკვნისკენ, – ბიჭი ვერ გააჩინე, ესე იგი, შენში რაღაც ისე ვერ არის. დეფექტიანი ხარ, ჩემო კარგო. ეს ფიზიოლოგიაა და ამას ვერ შეცვლი.
ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ სანდრას ფშვინვა ისმოდა. ნოდარმა თავი ასწია, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ქეთომ კი ფინჯანი დადო, წამოდგა და მხრებში გაიშალა.
– კარგი, – თქვა მან, – რაკი ფიზიოლოგიაზე დაიწყეთ ლაპარაკი, მოდი, ამაზე ვისაუბროთ. ოღონდ გულახდილად.
– და რაზე უნდა მესაუბრო? – ჩაიცინა დედამთილმა.
– მოგიყვებით იმას, რასაც სკოლაში, მეშვიდე კლასში გადიან, ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე. ბავშვის სქესს ქალი კი არა, მამაკაცი განსაზღვრავს, უფრო ზუსტად, ის სპერმატოზოიდი, რომელიც მას მიაქვს ქალის ჯკვერცხუჯრედში. ქალს არჩევანი საერთოდ არ აქვს. ასე რომ, თუკი დეფექტის ძებნა გადაწყვიტეთ, ის ჩემში არ უნდა ეძებოთ.
– რას მიმანიშნებ? – წამოწითლდა დედამთილი.
– მე არ მივანიშნებ, მე პირდაპირ ვამბობ, – ქეთოს ხმა მშვიდი რჩებოდა და ეს სიმშვიდე სტუმარს აშკარად უხერხულობას უქმნიდა, – რაკი, თქვენი ლოგიკით, გოგონას დაბადება წუნია, გამოდის, რომ თქვენმა დედამაც ვერ გაართვა თავი ამ ამოცანას. მან ხომ გოგონა გააჩინა, ანუ თქვენ?! თქვენივე სიტყვები რომ მოვიშველიო, სწორედ თქვენ ბრძანდებით ის დეფექტი, რაზეც ლაპარაკობთ და ბრაზობთ. მე, უბრალოდ, თქვენს ლოგიკას მივყვები.
ქალბატონმა ლალიმ პირი გააღო შესაპასუხებლად, მაგრამ თითქოს ჰაერი ვერ შეიუნთქა, სიტყვებს ეძებდა და ვერ პოულობდა.
— შენ… შენ როგორ ბედავ ჩემი განსვენებული დედის ხსენებას?! – ძლივს ამოთქვა მან ბოლოს.
– თქვენ ახლახან მე და ჩემს ქალიშვილს წუნდებული გვიწოდეთ, – უპასუხა ქეთომ, – მე მხოლოდ თქვენ მიერვე შემოთავაზებული საზომი მოგარგეთ. თუ სახაზავი კარგია, ის ყველას ერთნაირად ზომავს. თუ შედეგი არ მოგწონთ, გადააგდეთ სახაზავი და არა ადამიანები.
– ნოდარ! – დედა შვილს მიუბრუნდა, – შენ რატომ დუმხარ? შენი ცოლი შეურაცხყოფას მაყენებს!
ნოდარი წამოდგა. ის დიდხანს უყურებდა ხან სარწეველას, ხან ფერდაკარგულ დედას და რაღაც მომენტში მასში, ბოლოს და ბოლოს, ძვრა მოხდა:
– ვიტყვი, – ხმადაბლა წარმოთქვა მან, – ოღონდ მას არ ვეტყვი.
– რა?! – ქალბატონ ლალის ხმა გაებზარა აღელვებისგან.
– მთელი საღამოა, ვუსმენ ამ საუბარს და მრცხვენია. საკუთარი თავის მრცხვენია. ნახევარი დღე ვიბუტებოდი, რომ ქალიშვილი მეყოლა, თითქოს მაღაზიაში არასწორი საქონელი შემომაჩეჩეს. ქეთო კი მართალია. რასაც ამბობს, სიმართლეა. მე კი, როგორც ბავშვი, ისე ვიქცეოდი – სულ მითითებებს ველოდებოდი, ვინ უნდა მყვარებოდა. ვინ უნდა შემძენოდა...
– ნოდარიკო, ეს ამ ალქაჯმა განგაწყო ჩემ წინააღმდეგ, – ხმაში ცრემლი გამოურია ქალბატონმა ლალიმ, – ტვინი აგირია თავისი მაღალფარდოვანი მსჯელობითა და ვითომ ჭკვიანური გამომეტყველებით! ქალები გაიძვერები არიან, უბრალოდ, შენ ამას ვერ ხედავ!
– ქალბატონო ლალი, მე არავინ არავის წინააღმდეგ არ განმიწყვია, – შენიშნა ქეთომ, – მე მირჩევნია, რომ ადამიანებმა თვითონ იაზროვნონ.
– შენ! შენ კიდევ მე აქ... – ქალბატონმა ლალიმ ხელები გაასავსავა და სახე დაემანჭა, – მე ამას ასე არ დავტოვებ! მე ნოდარიკო გავზარდე, ღამეები არ მეძინა, შენ კი მზამზარეულზე მოხვედი და დიასახლისობ!
– რა თქმა უნდა, გაზარდეთ, ეს სადავო არც არის, – თავი დაუქნია ქეთომ, – ნოდარი წესიერი ადამიანია, სულ ახლახან სიმართლე თქვა, ესე იგი, ამაოდ არ გიშრომიათ. აი, მემკვიდრეობა კი, რომლის გამოც ასე ნერვიულობთ, მართლაც სანერვიულოა. თქვით გულახდილად, თქვენ მემკვიდრე გინდათ თუ მემკვიდრეობა?
დედამთილი გაშრა, წამოჭარხლდა, თითქოს მისი რძალი შემთხვევით დამალულ ნივთს გადააწყდა.
– რა მემკვიდრეობა, – ჩაიბუტბუტა მან, – რეებს ბოდავ?
– ბებიის ბინა, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, საიმედო ადამიანს უნდა გაუფორმოთ, – მშვიდად თქვა ქეთომ, – თქვენ ხომ ამიტომ ებღაუჭებით ასე ბიჭს?! გოგოსთვის, თქვენი აზრით, მიცემა არ ღირს. გამოვიცანი?
დედამთილი გაწითლდა და თითებით მაგიდას ჩაებღაუჭა.
– ეს ოჯახური საქმეა! – წამოიყვირა მან, – ეს შენ არ გეხება! შენ უდღეური ქალი ხარ!
– მეხება, რადგან თქვენ ჩემი ქალიშვილის თანდასწრებით მას ფულის გამო არასაჭირო უწოდეთ, – უპასუხა ქეთომ, – აი, ახლა კი, სწორედ ამის დროა. ნოდარ, გთხოვ, ზარდახშა მომაწოდე.
ნოდარმა ცოლს პატარა ხის კოლოფი გაუწოდა, ის ზარდახშა, რომლის გამოც მთელი საღამო ცნობისმოყვარეობით იწვოდა ქალბატონი ლალი. ქეთომ თავსახური ახადა. ზარდახშაში ძველებური ძვირფასი სამაჯური და ოთხად დაკეცილი ქაღალდის ფურცელი იდო.
– ეს რა ძონძებია, – დაიმანჭა დედამთილი, მაგრამ ხმა აუკანკალდა.
– ეს ძონძები არ არის. ეს თქვენი დედისგანაა, – თქვა ქეთომ, – ცოტა ხნით ადრე, სანამ გარდაიცვლებოდა, მომცა და მთხოვა, პირველი შვილიშვილისთვის გადამეცა. მანამდე მთხოვა, წერილი ხმამაღლა წამეკითხა, როდესაც გოგონა დაიბადებოდა. ხედავთ, მე მიცემულ პირობას ვასრულებ.
ქალბატონ ლალის სახე ჩამოეწელა და ის უცებ დაპატარავდა.
– დედას შენთვის არაფერი მოუცია, – წაიჩურჩულა მან, – ეს აბსოლუტური სიცრუეა.
– იცნობთ დედათქვენის ხელწერას? – ქეთომ ფურცელი გაშალა და დედამთილს ახლოს მიუტანა, – იცანით?! კითხულობთ?!
ქალბატონი ლალი ხმას არ იღებდა, თვალები გაშტერებოდა.
ქეთომ ფურცელი თავისკენ მიიტრიალა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა:
– „ჩემს გოგონას, რომელიც პირველი დაიბადება, – წარმოთქვა გამოთქმით, მე თვითონ გოგო ვიყავი და ჩემი ქალიშვილი, ლალიკოც გოგოა, და ეს არც უბედურებაა და არც ბრალი. ჩვენს გვარში ქალები ყოველთვის მამაკაცებზე მტკიცენი იყვნენ: ისინი უვლიდნენ ოჯახს, როდესაც მამაკაცები ტყდებოდნენ. ნუ დაუჯერებ მათ, ვინც მემკვიდრეობით გაგზომავს. ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა არა კვადრატული მეტრები, არამედ ადამიანად დარჩენის უნარია. გკოცნი, შენი დიდი ბებია“.
სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ნოდარი სარწეველასთან ჩაიმუხლა და ფრთხილად გაუსწორა სანდრას საბანი.
– ხედავთ, ქალბატონო ლალი, – ხმადაბლა თქვა ქეთომ, – დედათქვენს, რომელიც დღეს ახსენეთ, უყვარდა გოგონები. თქვენც უყვარდით, თუმცა გოგონა იყავით და მემკვიდრეობაზეც სხვაგვარად ფიქრობდა, თქვენგან განსხვავებით. ასე რომ, არ ვიცი, ვისი სიტყვებია, ჩვენ მემკვიდრე გვჭირდება, რომელსაც ასე ხშირად იმეორებთ.
– ახლავე მომეცი წერილი, – ეცა დედამთილი რძალს, – ეს ჩემია. ოჯახისაა. ოჯახის საქმეა.
– წერილი სანდრასთვისაა, – ქეთომ მშვიდად დაკეცა ფურცელი, – ის მისია. სამაჯურს კი მაშინ გაიკეთებს, როდესაც გაიზარდება. ყველაფერი თქვენი დედის ნებით სრულდება.
– თქვენ ყველანი შეიკარით ჩემ წინააღმდეგ! – იყვირა ქალბატონმა ლალიმ და წამოხტა, – შვილი დედის წინააღმდეგ წავიდა?! ვის გამო? ამ ერთი ციდა ვიღაც უდღეურის გამო?!
ნოდარს სახე დაეჭიმა:
– ჩემი ქალიშვილის გამო, – გამოცრა კბილებში, – თუ საკუთარი თავის გამო. მე აღარ მინდა, ვიყო ადამიანი, რომელიც ბავშვის სანაცვლოდ ფულს ირჩევს.
– თქვენ კიდევ მოირბენთ ჩემთან პატიების სათხოვნელად! – ქალბატონმა ლალიმ ჩანთა აიქნია, – მაგასაც ვნახავ, ვინ დაგეხმარებათ, როცა გაგიჭირდებათ?
– ნუ შფოთავთ ამაზე, ჩვენ თვითონ გავართმევთ თავს, – უთხრა ქეთომ, – ჩვენ შეჩვეულები ვართ პრობლემების გადაჭრას და არა გადადებას. ამიტომ, ახლაც პრობლემას ვწყვეტ. ამ ოჯახში მოსვლა უხარია მას, ვისაც ვუყვარვართ და მოდის, რომ ჩვენი სიხარული გაიზიაროს. მათთვის ჩვენი სახლის კარი ღიაა, მაგრამ დახურულია მათთვის, ვინც ცდილობს, შეურაცხყოფა მოგვაყენოს. პრობლემა არ არის, როდესაც შეძლებთ, გაგიხარდეთ შვილიშვილის დაბადება, მობრძანდით, ჩვენი სახლის კარი ღიაა, ხოლო, თუ ისევ აპირებთ, შეურაცხყოფა მიაყენოთ ჩვენს ქალიშვილს, ჯობია, არ მოხვიდეთ.
– ნოდარ! გესმის, რას ბედავს შენი ცოლი?! – ქალბატონმა ლალიმ ბოლოჯერ გაიბრძოლა და შვილზე ზეგავლენის მოხდენა სცადა.
– დედა, მე შენ მიყვარხარ, იმიტომ რომ დედაჩემი ხარ, მაგრამ, ეს ჩემი ოჯახია, ჩემი ცოლი და შვილი. ვიცი, რომ შენც გიყვარვარ, როცა მოგინდება, მოდი, როგორც კი შენს შვილიშვილს შენს შვილიშვილად მიიღებ.
ქალბატონი ლალი გაფითრდა, რამდენიმე წამით გაშეშდა, შემდეგ მკვეთრად შეტრიალდა და გასასვლელისკენ წავიდა. კართან მისულმა უკან მოიხედა და რძალს თვალი თვალში გაუყარა:
– ვნახავთ, ვინ არის აქ ზედმეტი და დეფექტიანი.
ქეთომ არაფერი უპასუხა დედამთილს. კარი გაჯახუნდა და ქეთო შეკრთა, შეეშინდა, რომ ბავშვს გაეღვიძებოდა, მაგრამ სანდრა მშვიდად ფშვინავდა. ნოდარმა ამოისუნთქა, ცოლის გვერდით დაჯდა და უხერხულად ჩაჰკიდა ხელი.
– მაპატიე, სისულელეს ვამბობდი, რომ ბიჭს ველოდებოდი...
– გპატიობ, – გაუღიმა ქეთომ, – ბოლოს და ბოლოს, შენ ხომ დაგვიცავი.
სანდრა შეიშმუშნა და წამოიტირა. ქეთომ ხელში აიყვანა და გულზე მიიკრა:
– გესმის? – წასჩურჩულა ქალიშვილს, – დიდ ბებიას უყვარდი ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიბადებოდი. და ჩვენც გვიყვარხარ!
პატარა გოგონა დედას უყურებდა და უფრო მის ხმას ცნობდა, ვიდრე ხედავდა, – ცნობდა ხმას, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში ესმოდა
– სამაჯურსაც გაგიკეთებთ, როცა გაიზრდები...
სანდრას სახე უცნაურად დაუსერიოზულდა, უცებ გაიღიმა თავისი უკბილო პატარა პირით. ქეთოს გულში სითბო ჩაეღვარა:
– ახლა გაჭმევ და ისევ დაიძინე, მე და მამიკო შენთან ვართ.
თავახდილი ზარდახშა მაგიდის ცენტრში იდო, როგორც ნაალაფარი, როგორც გამარჯვების სიმბოლო. გამოცანამ, რომელიც მთელი საღამო მოსვენებას არ აძლევდა ქალბატონ ლალის, ბოლოს და ბოლოს, თავისი პასუხი გასცა ყველას.
პასუხი მარტივზე მარტივი აღმოჩნდა: ყველა მემკვიდრესა და მემკვიდრეობაზე ძვირფასი არის ის, ვისაც ადამიანად დარჩენა შეუძლია...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





