დუმილის ჰონორარი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.10
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“#38 (1343)
თბილისში რომ დავბრუნდი, მაქსიმემ ახალი ინფორმაცია დამახვედრა. მან კომპიუტერის ამონაბეჭდი მომიტანა და მითხრა:
– აი, პირველსა და მეშვიდე გატაცებას შორის კავშირი აღმოჩნდა. ნახეთ.
– აბა, რა კავშირი, მაქს, მანახვე.
– სამი წლის წინ რომ 8 წლის ლიკა დაიკარგა ექსკურსიიდან, მის სკოლაში ფსიქოლოგად ეს კაცი მუშაობდა, გოგას გაუჩინარების ადგილზე, იქვე, გვერდით აგარაკზე რომ ცხოვრობს. ანუ, ის 60 წლის პროფესორი.
– მეტი არაფერია? – ვკითხე მაქსიმეს.
– არა, მიპასუხა ჩემმა თანაშემწემ.
ფსიქოლოგიის პროფესორის ამბავი, შესაძლოა, უბრალო დამთხვევა ყოფილიყო და მეტი არაფერი. თუმცა, ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა გადამემოწმებინა და მაქსიმეს ვუთხარი:
– მე კი მოსკოვიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები ჩამოვიტანე.
– რა ინფორმაციები? არც კი ვიცოდი, თუ მოსკოვში ჩვენს საქმეზე მიემგზავრებოდით, – მითხრა მაქსიმემ.
მოსკოვიდან ჩამოტანილი, კოსმოსური ჯაშუში თანამგზავრის მიერ გადაღებული კადრები მე და მაქსიმემ გულდასმით დავათვალიერეთ. გავშიფრეთ და აღმოჩნდა, რომ ის ორი ლოკაცია, სადაც გატაცებული ბავშვები მიიყვანეს, ერთმანეთისგან სულ რაღაც კილომეტრ-ნახევარში მდებარეობდა. გავარკვიეთ გამტაცებლების ვინაობებიც და ისინი ფსიქოლოგიის პროფესორის ნასტუდენტარები აღმოჩნდნენ. ამ ინფორმაციების შეგროვება და იდენტიფიცირება ყველაზე იოლი აღმოჩნდა. ამაში კვლავ მაქსიმეს მიერ აღმოჩენილი ამერიკული პროგრამა დაგვეხმარა. ჩემი ახალგაზრდა ხელქვეითი-კოლეგა სიხარულისგან ბრწყინავდა და მითხრა:
– ეს საქმე გახსნილია და მხოლოდ გამტაცებლების დაპატიმრება, დაკითხვა და სხვა ბოროტმოქმედებზე გასვლაღა დაგვრჩა.
– ეს არც თუ ისე იოლია, – ცივი წყალი გადავასხი მაქსიმეს.
– რატომ? – მხრები აიჩეჩა მან და დაამატა, – მთელი სამხილები ჩვენს ხელთაა და მხოლოდ დეტალებია დასამატებელი. პოლიციას უნდა გადავცეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
– საქმეც სწორედ ისაა, რომ პოლიცია უნდა ჩავრთოთ. ეს ისეთი საქმე ჩანს, რომ გამორიცხული არაა, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მფარველები ჰყავთ. სამხილები უცხო ქვეყანაშია მოპოვებული, თანაც უკანონოდ და ეს შეიძლება, ხელის შემშლელი აღმოჩნდეს ამ საქმის კანონიერად წარმართვაში. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ არ ვიცით, ის ბავშვები ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები.
– თქვენი სიტყვებიდან გამოდის, რომ საშველი არაა, – მითხრა მაქსიმემ.
– ჩემო მაქს, საშველი როგორ არაა, მაგრამ სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ.
– სხვაგვარად როგორ?
– ორნაირად. მკაცრად, ზეწოლითა და უცხო ძალის დახმარებით.
– უცხო ძალის?
– დიახაც, ჩემი მოსკოველი კოლეგების დახმარებით. სხვაგვარად შეიძლება, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვათ.
– რა გაეწყობა. თუ ამის გარეშე არაფერი გამოვა, მაშინ მასე ვიმოქმედოთ, – მითხრა მაქსიმემ.
ვიტალი კოლცოვთან წინასწარ ვიყავი შეთანხმებული. საჭიროების შემთხვევაში მე ცხინვალში დისლოცირებული რუსული ძალების „გრუს“ ოფიცერს უნდა დავკავშირებოდი და დახმარება მეთხოვა. ის კი ყველაფერს მოაგვარებდა. ასეთი ოფიცერი მაიორი სლავინი აღმოჩნდა. ჩემი ძველი მეგობრის ვაჟი, რომელიც ერთ-ერთი დავალების დროს მძიმედ დაიჭრა და მართალია, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ პენსიაზე მოუწია გასვლა. მე ის სიკვდილს მყავდა გადარჩენილი და საკუთარი რისკის ფასად მტრის გარემოცვაში ზურგით ვატარე ოთხი კილომეტრი. უმცროსმა სლავინმა რომ ჩემი ვინაობა შეიტყო, მაგრად ჩამომართვა ხელი და მითხრა:
– თქვენზე ბევრი რამ მსმენია მამაჩემისგან, ამხანაგო პოლკოვნიკო.
– მამა როგორაა?
– კარგად. შვილიშვილებს უვვლის.
– ჩემგან მოკითხვა გადაეცი.
– აუცილებლად გადავცემ. აბა, მითხარით, რით შემიძლია, დაგეხმაროთ. გენერალმა კოლცოვმა საგანგებოდ გამაფრთხილა თქვენზე, თუ დახმარება დასჭირდა, ყველაფერი გაუკეთეო.
– რამდენიმე დღით სამიოდე მაგარი ბიჭი მჭირდება. მსუბუქი შეიარაღებითა და შეუმჩნეველი, „დაუმწვარი“ მსუბუქი მანქანით. თან, მხოლოდ უხმო პისტოლეტები უნდა ჰქონდეთ, რომლებიც დიდი ალბათობით, არც კი დასჭირდებათ. და, რაც მთავარია, სამივე სუფთა უნდა იყოს და ქართველი ძალოვნები მათ არ უნდა იცნობდნენ.
– არიან ასეთები. მითხარით, როდის და სად უნდა მოვიდნენ.
– დღეს. საღამოს 8 საათზე თბილისში. აი, ამ მისამართზე, – ვუთხარი უმცროს სლავინს და ჩემი ოფისის მისამართი მივეცი. შემდგომ კი გამოვემშვიდობე მათ და ისევე შეუჩნევლად დავბრუნდი თბილისში, როგორც ჩავედი.
რუსეთის „გრუს“ სამი თანამშრომელი ზუსტად დანიშნულ დროს მოვიდნენ ჩემს ოფისში. ისინი არაფრით გამოირჩეოდნენ საერთო მასისგან. მოძრაობდნენ ჩვეულებრივი მანქანით. და რაც მთავარი იყო, შესანიშნავად საუბრობდნენ ქართულად. პირობითად მათ პირველ-მეორედ და მესამედ მოვიხსენიებ. მათ მე ბავშვების გამტაცებლების სურათები ვუჩვენე, ლოკაციებიც ვუთხარი და დავამატე:
– იმედია, თბილისში ან დედაქალაქის მახლობლად გაქვთ ისეთი მყუდრო ადგილი, სადაც გატაცებული ადამიანის უსაფრთხოდ დაკითხვაა შესაძლებელი.
– დიახ. გვაქვს ასეთი ადგილი, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მითხრა პირველმა.
– ჰოდა, ეს სამივე იმ ადგილზე ისე უნდა მოიყვანოთ, რომ ვერავინ ვერაფერი შეიტყოს. მე კი იქ დაგხვდებით.
– გასაგებია, – მითხრა მეორემ. მესამემ კი იმ „მყუდრო“ ადგილის მისამართი მითხრა და პირველმა დაამატა:
– დაგველოდეთ და ჩვენც მალე მოვალთ, ამხანაგო პოლკოვნიკო.
ჯერ სამეული გავისტუმრე. შემდგომ კი მე გავემართე „მყუდრო“ ადგილისკენ, რომელიც ავტოსარემონტო სახელოსნო აღმოჩნდა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში.
ღამის 2 საათი სრულდებოდა, როცა „გრუს“ სამეულმა გამტაცებელთა სამეული ამ მყუდრო ადგილზე მოიყვანეს და მათი დაკითხვაც დაიწყო. თავდაპირველად გამტაცებლები მაგარი ბიჭების როლის თამაშს აპირებდნენ, მაგრამ, როდესაც ყბაში მოხვდათ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ და იძულებული გავხდი, ორი მათგანისთვის „სკოჩით“ ამეკრა პირი, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ და მესამეს ვუსმენდით. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ამ სამი წლის განმავლობაში გატაცებული შვიდივე ბავშვი ცოცხალი იყო. პირაუხვეველმა გამტაცებელმა თქვა:
– ბავშვები „ფერმაში“ არიან და მათ „ფერმერი“ ამუშავებს.
თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ბავშვებს მონებად იყენებდნენ. თუმცა, გამტაცებლის თქმით, ფერმერი ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იყო, უმაღლესი განათლებით, რომელიც გატაცებულ ბავშვებს ფსიქოლოგიურად ამუშავებდა. უნერგავდა მათ, რომ თავად ღმერთი იყო და ამ კუთხით მათ ზომბირებას ახორციელებდა. ფაქტობრივად, ეს იყო სექტა, რომლის სრული ძალებით ამუშავება 10-25 წლის მერე უნდა მომხდარიყო. მაშინ, როცა ეს ბავშვები 23-25 წლის გახდებოდნენ. როგორც გაირკვა, ეგრეთ წოდებული, ფერმერის დამხმარე კონსულტანტი სწორედ ის 60 წლის ფსიქოლოგიის დოქტორი იყო, რომელიც წყნეთში ცხოვრობდა. ერთი სიტყვით, დავადგინეთ, ეგრეთ წოდებული, „ფერმის“ ზუსტი მისამართი, რომელიც ისედაც ვიცოდით კოსმოსური გადაღებიდან და თავად „ფერმერიც“ იქ ცხოვრობდა. იმ ლოკაციას არანაირი დაცვა არ ჰყავდა და ბავშვები მიწისქვეშა ბუნკერში იყვნენ იზოლირებულები. ამიტომ, გამტაცებელთა სამეული „მყუდრო“ ადგილზე საიმედოდ გამოვამწყვდიეთ და ჩვენ კი ფერმისკენ ავიღეთ გეზი. სულ რაღაც ერთ საათში უკვე ადგილზე ვიყავით და ღამის წყვდიადში ფრთხილად ვიკვლევდით გზას. პირველი და მეორე „გრუელი“ ბუნკერისკენ გაემართნენ, რომ ბავშვები ენახათ. მე კი, მესამესთან ერთად, სახლისკენ წავედი, სადაც ეგრეთ წოდებული, „ფერმერი“ ცხოვრობდა. ის-ის იყო, ოთახში უხმოდ შევედით, რომ მკრთალი შუქი აინთო და მამაკაცის ხმა მოგვესმა:
– მართალი აღმოვჩნდი. თქვენ მაინც მოხვედით. ასეც იყო მოსალოდნელი. როგორც ეტყობა, ჩემი ხელქვეითები მოიხელთეთ და მათ მოგასწავლეს. მე არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ ვიცი ის, რომ გლობალური პროექტის ქართულმა ვერსიამ კრახი განიცადა. „ღმერთი“ ტოვებს თავის მრევლს და მარადისობაში გადადის. „ფერმა“ პატრონის გარეშე რჩება.
ეს ყოველივე იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მე და ჩემი თანხმლებნი ადგილზე გავქვავდით. „ფერმერმა“ კი არაბუნებრივი ხმა ამოუშვა და ადგილზე უსულოდ ჩაიკეცა.
ბუნკერში შვიდი ადგილობრივი ბავშვის გარდა, კიდევ რვა სხვა ბავშვი აღმოჩნდა, რომლებიც მეზობელი რესპუბლიკებიდან იყო გატაცებული სხვადასხვა დროს. ისინი და „მყუდრო“ ადგილიდან წამოყვანილი გამტაცებლები, „გრუში“ მოპოვებულ სამხილებთან ერთად, სამართალდამცველებს გადავეცით. ბავშვები კი მშობლებს დავუბრუნეთ. 60 წლის ფსიქოლოგიის პროფესორი თავის სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ამ ამბავმა, რატომღაც, ხალხში ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა და არც მე დამკავშირებია ვინმე. ერთი კვირის მერე კი ჩემთან, ოფისში შუა ხნის მამაკაცი მოვიდა, ჩემ წინ, სკამზე მოკალათდა და მითხრა:
– დაგვიანებული ჰონორარი მოგიტანეთ.
– რა ჰონორარი? არაფერი მესმის?!
– ჰონორარი დუმილისა, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მითხრა ჩემ წინ მჯდომმა და ტყავის კეისი მაგიდაზე დადო, შემდეგ კი სწრაფად დატოვა კაბინეტი.
ეგრეთ წოდებული, დუმილის ჰონორარი, რომელშიც კეისში იყო მოთავსებული, დოლარების ათიათასიანი დასტები აღმოჩნდა.
ეს ფული ოკეანეში წვეთი იყო მათთვის, ვინც ამ ბავშვების ზომბირების გლობალურ პროექტს ახორციელებდა გლობალურ დონეზე და შეეძლოთ, უბრალოდ, უკვალოდ გავექრეთ. მაგრამ, იფიქრეს, რომ ჩემი ლიკვიდაციის შემდეგ მათი მამხილებელი ფაქტები გამოქვეყნდებოდა და ზედმეტ თავის ტკივილს მოსყიდვა ამჯობინეს, რაც ჯერჯერობით გამოუვიდათ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე მათი იმედები გაცრუვდება და დუმილის ჰონორარიც საკმარისი არ აღმოჩნდება.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





